წყარო: არნო ხიდირბეგაშვილი, “საქინფორმის” რედაქტორი: “კახპა ევროკავშირმა დააჯილდოვა თურქები ჩამოგდებული რუსული თვითფრინავისთვის, პარიზისთვის „ისლამური სახელმწიფოს” დასაბომბად რომ მიფრინავდა: აჩუქა თურქეთს 3 მლრდ ევრო და უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის 26 ქვეყანასთან!” საქინფორმი, 1 დეკემბერი, 2015.
თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევის საბაბით რუსული სამხედრო თვითფრინავი SU-24 ჩამოაგდო, რის შედეგადაც ერთი რუსი სამხედრო პილოტი დაიღუპა. შემთხვევა 24 ნოემბერს მოხდა, ხოლო ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები მიგრაციის მართვის საკითხზე (საერთო სამოქმედო გეგმა: EU-Turkey joint action plan) ერთი თვით ადრე 15 ოქტომბერს დაიწყო.
გეგმის მიხედვით, თურქეთი დევნილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დასახმარებელი ღონისძიებების გასატარებლად ევროკავშირისგან 3 მილიარდი ევროს დახმარებას მიიღებდა. გარდა ამისა ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლებულიყო ახალი ძალით და თურქეთის მოქალაქეები გამარტივებული ფორმით შეძლებდნენ შენგენის ზონაში შესვლას.
საბოლოოდ მხარეები ბრიუსელში, 29 ნოემბერს შეთანხმდნენ. ეს იყო მოლაპარაკებათა იმ პროცესის დასასრული, რომელიც რუსული სამხედრო თვითფრინავის ჩამოგდებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო.
თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თურქეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც სირიელ დევნილებსა და მიგრანტებს ხვდება. ბოლო მონაცემებით, თურქეთმა 2 მილიონამდე დევნილი და თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. თავად თურქეთმა დევნილთა ბანაკების შესაქმნელად, დევნილთათვის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გასაწევად საკუთარი რეზერვებიდან 7 მილიარდამდე ევრო დახარჯა.