30 ოქტომბერს საჯარო ჯგუფში “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს” ფეისბუქ- მომხმარებელმა Tabidze Tato-მ “მთავარი არხის” ლოგოს გამოსახულებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი ციტატაა ერთვის: “მოგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერებით და არა ე.წ ფანჩატურის პოლიტიკოსებით”. Tabidze Tato-ს საკუთარ კედელზე სააკაშვილის კიდევ ერთი ფოტო უდევს სხვა ციტატით, რომელშიც აღნიშნულია, რომ არჩევნებში წაგება იმის ბრალია, რომ ნიკა მელიას თავის თავზე ბევრი აიღო და კოალიციური მთავრობის ყალბი ილუზია შექმნა.
30 ოქტომბერს იდენტური ფოტოები ფეისბუქ პროფილმა Thomas Christo-მაც გამოაქვეყნა.
ორივე ციტატა გაყალბებულია. არც “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე და არც სხვა ღია წყაროებში მიხეილ სააკაშვილის ამ შინაარსის განცხდებები არ იძებნება. ოპოზიციური “მთავარი არხის” სახელით გაყალბებული ციტატების გავრცელება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
Thomas Christo-ს და Tabidze Tato-ს მიერ გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის ციტატები ყალბია. “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე და ვებ-გვერდზე ამ შინაარსის ციტატები არ იძებნება, ციტატები არც სხვა მედიასაშუალებებში გვხვდება.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 30 ოქტომბერს გაყალბებული ციტატა “ტელეკომპანია პირველის” სახელითაც გავრცელდა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ტვ “პირველის” სახელით ნიკა მელიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება
ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების სახელით ოპოზიციის ლიდერების ციტატების გავრცელება, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
Thomas Christo-სა და Tabidze Tato-ს შესახებ
ფეისბუქ-პროფილი Thomas Christo ახალი შექმნილია და სავარაუდოდ ტროლია. მას პირველი პოსტი 24 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული. პროფილზე პერსონალური ინფორმაცია ან ფოტოები, რომელიც მისი იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემდა, გამოქვეყნებული არ არის.
პროფილს სულ 2 ფეისბუქ-გვერდი აქვს მოწონებული, ერთ-ერთი მათგანია “სიმართლის დროა”, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგე და “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
პროფილ Thomas Christo-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც Tabidze Tato-ს იდენტურია, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს ორი ანგარიში ერთმანეთთან კავშირშია და ორივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება Tabidze Tato-ს, რომელიც ასევე ყალბი პროფილია, ის მიხეილ სააკაშვილის ყალბი მხარდაჭერის ჯგუფის “თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს/ Freedom to President Saakashvili” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 30 ოქტომბერს ამ ჯგუფში Tabidze Tato-მ მიხეილ სააკაშვილისა სანდრა რულოვსის ყალბი ციტატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული ანგარიში, რომლის url მისამართში puplic.enemien ფიგურირებს, ხოლო საცხოვრებელ ადგილად საფრანგეთი აქვს მითითებული, სააკაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციებს ადრეც ავრცელებდა:
- სააკაშვილის ცრუ მხარდამჭერ ჯგუფში მისი და რულოვსის გაყალბებული ციტატები ვრცელდება
- Tato იგივე Puplic.Enemien ტვ პირველის სახელით და ენმ-ის წინააღმდეგ ყალბ პოსტს აქვეყნებს
- ტვ პირველის სახელით სააკაშვილზე მორიგი ყალბი სქრინი ვრცელდება
- მიშას თუ ფრანგი ოლიმპიელების დასახვედრად? – 2016 წლის ფოტო 2021 წლის არჩევნებისთვის
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.