სხვადასხვა

საცობი თუ საწვავის ფასების მატების გამო პროტესტი - რას ასახავს ფოტო?

8 ოქტომბერი, 2020

ფეისბუკ მომხმარებელმა Bacho Paris 7 ოქტომბერს გააზიარა ფოტო, რომელზეც ასახულია ქუჩაში მანქანებიდან გადმოსული ხალხი. ფოტოს ერთვის შემდეგი ტექსტი:

“გერმანიაში საწვავის ფასმა მოიმატა,მილიონზე მეტმა ადამიანმა უბრალოდ გზაზე ჩააქრო ავტომობილი და წავიდა სახლში 😎👍 1 საათში ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა👌”

პოსტს 8 ოქტომბრის მონაცემებით 2100 გაზიარება აქვს.

"

ფოტოს თანდართული მინაწერი მცდარია. ფოტო რეალურად ჩინეთში საცობს ასახავს და მას კავშირი არა აქვს გერმანიაში საწვავის ფასების მატებასთან.

ფოტოს გადამოწმების შედეგად, ყველაზე ადრეული იდენტური ვიზუალი 2012 წლით თარიღდება და ბრიტანული ტელეგრაფის არქივში იძებნება. სტატია სათაურით “უზარმაზარი საცობი მას შემდეგ, რაც ჩინეთში ‘ოქროს კვირეულის’ არდადეგები დაიწყო” ჩინეთში 2012 წელს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხება, როდესაც ხელისუფლებამ საშემოდგომო ფესტივალის დროს ფასიან გზებზე გადაადგილების გადასახადი დროებით გააუქმა. შედეგად 86 მილიონი ადამიანი ერთდროულად გზატკეცილებს მიაწყდა და პრაქტიკულად დასვენების პირველი დღის გატარება უზარმაზარ საცობში მოუწია. აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულია მანქანები საცობის დროს, ქალაქ შენჟენში, გუანგდონგის პროვინციაში, 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ ფასიან გზატკეცილებზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება საშემოდგომო ფესტივალის დროს მიიღო.

ათწლეულის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის საავტომობილო გზები უფასო იყო და ბევრ ოჯახს სურდა, ესარგებლა ამ ‘საჩუქრით’ რვადღიანი ეროვნული დღესასწაულის დროს.

აღსანიშნავია, რომ ფოტოს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენას მიაწერდნენ და სოციალურ მედიაში 2017 წლიდან ის სხვადსახვა ქვეყანაში აქტიურად ვრცელდებოდა.

"