პოლიტიკა

რატომ გაქრა ზაქარია ქუცნაშვილი გავრილოვის ფოტოდან?

17 თებერვალი, 2021

16 სექტემბერს 10:20 საათზე პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუქ გვერდმა “ლიდერი 41” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გავრილოვთან და სხვა პირებთან ერთად პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელიც არის გამოსახული. გვერდი “ლიდერი 41” წერს, რომ შეხვედრა ეუთოს ფარგლებში, 2019 წლის 22 აპრილს შედგა და გავრილოვის საქმე “ნაცების დაგეგმილი პროვოკაცია” იყო. 

გარდა “ლიდერი 41-სა” Crodwtangle-ის მონაცემებით, იმავე ფოტოს აზიარებდნენ სხვა, ძირითადად სამთავრობო პროპაგანდისტული გვერდები და ყალბი ანგარიში Nino Nebieridze, რომელიც vkontakte.ru-ს მომხმარებლის Катя Родина-ს იდენტობას იპარავს და რომლის ჩართულობაზე ოპოზიციის დისკრედიტაციის კამპანიაში “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. 

ფოტო უმეტესად ვრცელდებოდა იმ გზავნილით, თითქოს ოპოზიცია თავად არის გავრილოვთან დაკავშირებული.

;

;

;

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო მანიპულაციურია, რადგან ის მმართველო პარტიის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის გარეშე, მოჭრილი სახით ვრცელდება, რათა შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს “ევროპულის საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაახლოებული პირია. რეალურად გიგი წერეთელი გავრილოვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში შეხვდა და შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანიც ესწრებოდა. მოჭრილი ფოტო ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების მიერ ფეისბუქზე ორგანიზებულად ზიარდებოდა, რაც ქმნის შთაბეჭდილობას, რომ რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატთან დაკავშირებული არა “ქართული ოცნება”, არამედ ოპოზიციაა. 

ვინ აკლია ფოტოს?

აღნიშნული ფოტო მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას საკუთარ ვებ-საიტზე აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერენ, რომ შეხვედრა 2019 წლის 22 თებერვალს ვენაში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი და რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გიგი წერეთელს და გენერალურ მდივანს რობერტო მონტელას შეხვდნენ. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თუმცა მმართველი პარტიის მხარდაჭერების მიერ ფეისბუკში გავრცელებული ფოტოდან ის ჩამოჭრილია.

;

;

2017 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გიორგი წერეთელი გახდა. წერეთელი პრეზიდენტად განმეორებითაც აირჩიეს და ის ორგანიზაციას 2020 წლის 11 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

გამომდინარე იქიდან, რომ გიგი წერეთელს გავრილოვთან შეხვედრა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში მოუწია, გავრილოვის ოპოზიციასთან დაკავშირება მანიპულაციურია, რასაც ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ ფოტოებში ზაქარია ქუცნაშვილი მოჭრილია. 

“გავრილოვის ღამე” და დისკრედიტაციის კამპანია

2019 წლის 19 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისი ასამბლეა გაიხსნა, რომლის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სკამიდან ასამბლეას რუსულ ენაზე გაუძღვა. ამ ფაქტს ჯერ საპარლამენტო ოპოზიციის, შემდეგ კი პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, რაც გვიან ღამით სამართალდამცავების მიერ აქციის ძალადობრივი დაშლით დასრულდა, რის გამოც ამ მოვლენებს “გავრილოვის ღამესაც” უწოდებენ, რომელმაც შემდგომში ანტისაოკუპაციო პროტესტის სახე მიიღო.

გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკისა და საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო, მმართველი პარტია თავად იყენებს გავრილოვის თემას ოპონენტების დისრედიტაციისთვის:

  • ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” მხრიდან ვრცელდება განცხადებები, რომ გავრილოვი ოპოზიციის დავალებებს ასრულებს. მსგავს გზავნილს ავრცელებდა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა  მდინარაძე, რომელიც ამბობდა, რომ გავრილოვი ნაციონალურ მოძრაობას “მაშველ რგოლად” ევლინება, მისი თქმით, მელია-გავრილოვს 2021 წლის თებერვალში დესტაბილიზაციის გეგმა ჰქონდათ შემუშავებული.
  • გარდა “ქართული ოცნების” დეპუტატებისა, კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესებს საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” ატარებს და გავრილოვი საქართველოში “მისმა გამოზრდილმა” ელენე ხოშტარიამ  ჩამოიყვანა
  • ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით 2019 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს მისი  ლექტორი სერგეი გავრილოვი იყო, აღნიშნული ცნობები “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრილოვის სახელი გაყალბებული სქრინი გავრცელდა, რომლითაც ის ნაციონალური მოძრაობის სიის წევრს ბუბა კიკაბიძეს რუსული სიმღერის გამო მადლობას უხდიდა.

ამავე თემაზე იხილეთ ტროლები ანტისაოკუპაციო პროტესტის წინააღმდეგ.

  • ვინ არის სერგეი გავრილოვი?

სერგეი გავრილოვი კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის დეპუტატია. ის საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხებზე კომიტეტის თავმჯდომარეა, მისი საქმიანობის ფოკუსი კი რელიგიაა. გავრილოვი ასევე არის ქრისტიანული ღირებულებების დაცვის ფრაქციათაშორისი ჯგუფის კოორდინატორი.

გავრილოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს,  ამართლებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ასევე ბაშარ ალ-ასადის მიერ სირიაში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.


მოამზადა მაიკო რატიანმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.