სამართალი/კრიმინალი

Error: კვიციანი მკრეხელობის დასჯას ევროპის სახელით ითხოვს

22 მაისი, 2018

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის ემზარ კვიციანის მიერ  საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ამჟამად საქართველოს პარლამენტში განხილვის ეტაპზეა და იურიდიული დეპარტამენტის მიერ არის მოწონებული.

განმარტებით ბარათში ასეთი კანონის მიღების მიზანშეწონილობას ემზარ კვიციანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკით ასაბუთებს და მაგალითად ევროპის 16 ქვეყანა მოჰყავს, სადაც მისი მტკიცებით,  რელიგიური შეურაცხყოფა “მკაცრად ისჯება”. ეს ქვეყნებია: გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი, ისლანდია, ლიტვა, ფინეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ხორვატია. იდენტურ მოსაზრებას ამკვიდრებს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”, რომელიც 2018 წლის 4 მაისის სტატიაში სათაურით “რატომ უნდა მივიღოთ კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”, ამტკიცებს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში რელიგიური შეურაცხყოფა კრიმინალიზებულია.

ემზარ კვიციანის მტკიცება მცდარია, რადგან  განმარტებით ბარათში მითითებული 16 ქვეყნიდან 9-ში მკრეხელობის შესახებ კანონები საერთოდ არ არსებობს, 7-ში კი მიუხედავად კანონის არსებობისა, ის პრაქტიკაში პრაქტიკულად არ მოქმედებს. შესაბამისად განცხადება, რომ ამ ქვეყნებში რელიგიური შეურაცხყოფა “მკაცრად ისჯება” სიცრუეა.

რელიგიურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონები, რომელთაც ევროპაში Blasphemy Laws (მკრეხელობის კანონები) მოიხსენიებენ, ევროპის უმეტეს ქვეყანაში არ არსებობს. მკრეხელობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონები ავტორიტარულ ქვეყნებში მოქმედებს, სადაც კანონი დომინანტ სახელმწიფო რელიგიას იცავს და სხვა რელიგიურ ჯგუფებზე წინ აყენებს. ასეთ ქვეყნებში მკრეხელობის შესახებ კანონები კრიტიკული და სეკულარული ჯგუფების ჩახშობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

1. მკრეხელობა (blasphemy) ევროპის უმეტეს ქვეყანაში დასჯადი არ არის

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის 2017 წლის ანგარიში მსოფლიოს ქვეყნებში მკრეხელობის შესახებ კანონმდებლობას მიმოიხილავს. კვლევის თანახმად, მკრეხელობის შესახებ კანონები 71 ქვეყანაში არსებობს, რომელთა განაწილება რეგიონის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

მკრეხელობის შესახებ კანონი რეგიონის მიხედვით (2016 წლის მონაცემები)

რეგიონი ქვეყნები

ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა 25.4 %

ალჟირი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ერაყი, ისრაელი, იორდანია, ქუვეითი, ლივანი, ლიბია, მაროკო, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, თუნისი, გართიანებული არაბული საემიროები, იემენი.

აზია - წყნარი ოკეანეთი 25.4 %

ავღანეთი, ბანგლადეში, ბრუნეი, კვიპროსი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, მალაიზია, ახალი ზელანდია, პაკისტანი, პაპუა ახალი გვინეა, ფილიპინები, სინგაპური, შრი ლანკა, ტალინადი, თურქეთი, ვანუატუ

ევროპა 22.5 %

ანდორა, ავსტრია, დანია (კვლევა 2016 წლის მონაცემებს მოიცავს. 2017 წლის ივნისში დანიამ მკრეხელობის შესახებ კანონი გააუქმა), ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტეინი, მალტა (მალტამ მკრეხელობის შესახებ კანონი 2016 წლის ივლისში გააუქმა), მონტენეგრო, პოლონეთი, რუსეთი, სან მარინო, ესპანეთი, შვეიცარია

სუბ-საჰარული აფრიკა 15.5 %

კომორის კუნძულები, ერითრეა, ეთიოპია, მავრიტანია, ნიგერია, რუანდა, სომალი, სამხრეთ სუდანი, ტანზანია, ზამბია, ზიმბაბვე

ამერიკა 11. 2 %

ანტიგუა და ბარბუდა, ბრაზილია, კანადა, გრენადა, გაიანა, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სურინამი

კვლევა არა მხოლოდ კანონის იდენტიფიცირებას, არამედ ქვეყნების მიხედვით კანონის პრაქტიკაში გამოყენებას ხარისხობრივად შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს: გამოხატვის თავისუფლება, კანონის ბუნდოვანება, სიტყვისა და შეკრების შეზღუდვა, ჯგუფების მიმართ დისკრიმინაცია, სახელმწიფო რელიგიის დაცვა.

ამ კრიტერიუმების ანალიზის შედეგად, კომიტეტმა 10 ყველაზე მაღალი ქულის მქონე სახელმწიფო დაასახელა, რომლებშიც მკრეხელობის კანონის არსებობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ესენია: ირანი, პაკისტანი, იემენი, სომალი, კატარი, ეგვიპტე, იტალია, ალჟირი, კომორის კუნძულები, მალტა, ლიბია.

როგორც შედეგებიდან ჩანს, პრაქტიკაში მკრეხელობის კანონის გამოყენება გამოხატვის თავისუფლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში ევროპის მხოლოდ ორ ქვეყანაში, იტალიასა და მალტაში მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევა 2016 წლის მონაცემებს მოიცავს. 2016 წლის ივლისში მალტამ, ხოლო 2017 წლის ივნისში დანიამ მკრეხელობის შესახებ კანონი გააუქმეს.

"

ხარისხობრივად ყველაზე მძიმე ტოპ 5 ქვეყანას ოფიციალური სახელმწიფო რელიგია აქვს. ამ ქვეყნებში მკრეხელობის წინააღმდეგ კანონი სახელმწიფო რელიგიის დაცვის კუთხით მოქმედებს. ევროპის ქვეყნებში, სადაც მკრეხელობის კანონის პრაქტიკა თითქმის არ არსებობს, კანონი სხვადასხვა კონფესიების მიმართ დისკრიმინაციას არ ახდენს და ის სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფზე თანაბრად ვრცელდება.

2. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, სადაც მკრეხელობის შესახებ კანონი არსებობს, მისი გამოყენების პრაქტიკა მინიმალურია

ევროპის ქვეყნებიდან მკრეხელობის შესახებ კანონმდებლობა არსებობს შემდეგ ქვეყნებში: ანდორა, ავსტრია, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, პოლონეთი, სან მარინო, ესპანეთი და შვეიცარია. ჩამოთვლილთაგან უმეტესობაში კანონი მხოლოდ ფურცელზე არსებობს და მათი პრაქტიკაში გამოყენება უკვე წლებია აღარ ხდება. მაგალითად, ირლანდიაში ამ მუხლით კვალიფიცირებული საქმეები 2009 წლის შემდეგ არ ფიქსირდება. ფინეთში კი მიუხედავად კანონმდებლობის არსებობისა, პრაქტიკა არასდროს ყოფილა.

"

3. ავტორიტარულ ქვეყნებში მკრეხელობის შესახებ კანონი უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენება.

მკრეხელობის შესახებ კანონი ავტორიტარულ ქვეყნებში მთავრობებს სიმართლისა და "რელიგიური სისწორის" არბიტრებად წარმოაჩენს. მსგავსი კანონები ასეთ ქვეყნებში კონკრეტული ინდივიდების, უმცირესობათა ჯგუფების გასაჩუმებლად გამოიყენება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მკრეხელობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონები ასაზრდოებს ჩაგვარს და მცდარი ბრალდებების მანიპულირებისთვის ადგილს ტოვებს. იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიტარული მთავრობები დომინანტ რელიგიას მხარს უჭერენ, მკრეხელობისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებები ხშირად დემოკრატიული და კრიტიკული ჯგუფების ჩასახშობად გამოიყენება.

ავტორიტარულ ქვეყნებში მკრეხელობისთვის პატიმრობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. მაგალითად ირანში, მკრეხელობაში ბრალდებულებს სჯიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიცაა "დედამიწაზე კორუფციის გავრცელება". თურქეთში პიანისტს იმ ღირებულებების შეურაცხყოფის გამო ედავებოდნენ, რომლებსაც "თურქი ერის ნაწილი აღიარებს".

მკრეხელობის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე რუსეთში სეკულარული პროტესტი ფაქტობრივად ჩახშობილია. 2013 წლის ივლისში მკრეხელობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმის სახით 15 000-მდე დოლარს ან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახალი კანონი მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც 2012 წლის 17 აგვისტოს ფემინისტური ჯგუფის Pussy Riot წევრები სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვის გამო დააკავეს.

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს 21 წლის ბლოგერიც, რომელმაც იუთუბზე ვიდეო ატვირთა, სადაც ის ეკლესიაში ცნობილ თამაშს Pokemon GO-ს თამაშობს.

კამპანია "ცენზურის ინდექსის" ცნობით, მკრეხელობის შესახებ კანონმა სერიოზული გავლენა მოახდინა მედია ორგანიზაციებზე, რომლებსაც გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ. მათივე ცნობით, კანონმა მედია დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ინსტრუმენტად აქცია.

4. როგორ აფასებენ ევროპული ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მკრეხელობის შესახებ კანონებს

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრიორიტეტს გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს. საქმეში Handyside v United Kingdom სასამართლო განმარტავს, რომ "გამოხატვის თავისუფლება... ვრცელდება არა მხოლოდ იმ "ინფორმაციასა" თუ "იდეებზე" რომლებიც მისაღებია ან არაშეურაცხმყფოელად ითვლება, არამედ მათზეც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და შემაწუხებელია სახელმწიფოსთვის თუ მოსახლეობის ნებისმიერ ნაწილისთვის. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ფართო აზროვნების მოთხოვნა, რომელთა გარეშეც არ არსებობს "დემოკრატიული საზოგადოება".

კიდევ ერთ საქმეში I.A v. Turkey სასამართლო აღნიშნავს, რომ რელიგიურ ადამიანებს აქვთ სხვა პირების მხრიდან მათი რელიგიის მიუღებლობის და მათი რწმენის მტრული პროპაგანდის თმენის ვალდებულება. საქმეში Aydin Tatlav vs Turkey სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმებისათვის მიყენებული რელიგიური შეურაცხყოფის მიუხედავად, ისლამის კრიტიკის შემცველი წიგნის ავტორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მოთხოვნებს.

  • გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საფუძველზე დასჯის დაუშვებლობაზე გაეროს ადამანის უფლებათა კომიტეტის კონსენსუსიც არსებობს. 2011 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის თაობაზე არსებული ზოგადი კომენტარი N34 განმარტავს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხოფის საფუძველზე დასჯა დაუშვებელია.

  • ვენეციის კომისია

მკრეხელობის, შეურაცხყოფისა და სიძულვილის შესახებ 2010 წლის ანგარიშში, ვენეციის კომისიას მიმოხილული აქვს ევროპის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობა. ვენეციის კომისიის დასკვნით,  მკრეხელობა მხოლოდ მცირე წევრი სახელმწიფოების კანონდებლობით არის აღიარებული დანაშაულად. თუმცა, იმავე ანგარიშის თანახმად, კანონდებლობის არსებობის მიუხედავად, მკრეხელობა ევროპის ქვეყნებში იშვიათად თუ ხდება სამართლებრივი დევნის საგანი. კომისია ასკვნის, რომ მკრეხელობა, როგორც დანაშაული უნდა გაუქმდეს.

რას გულისხმობს მუხლი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 26 მარტს შეიტანა. კანონპროექტის ავტორი “დემოგრაფიული საზოგადოების” ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეა. საკანონმდებლო პროექტით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება სპეციალური მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ასევე ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ერთ წლამდე. ასევე, რელიგიური შენობა–ნაგებობის წაბილწვა და დაზიანება დასჯადი გახდება სისხლის სამართლის კოდექსით და გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
 


მოამზადეს სოფო გელავამ და რიჩარდ ბარამიამ,
მითების დეტექტორის ლაბორატორია