კონსერვატიული მოძრაობისგან განსხვავებით მეორე კრემლისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსი” არა რუსეთთან სამხედრო მეკავშირეობას, არამედ ნეიტრალიტეტს ემხრობა. პარტია წლებია თურქოფობიის თემაზე კაპიტალიზებას ცდილობს და გზავნილით – “თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია” – თანამედროვე საფრთხეებიდან ყურადღების ისტორიულ საფრთხეებზე გადატანას ცდილობს. ნეიტრალიტეტის გარდა, პარტიის წევრები წლებია ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის უგულებელყოფას და კონფლიქტების რუსეთთან პირისპირ დიალოგის გზით, დასაველთის ჩარევის გარეშე მოგვარებას ადვოკატირებენ; ასევე ამერიკული ორგანიზაციების NDI-ის და IRI-ის და მათი კვლევითი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან.
“პატრიოტთა ალიანსის” რუსულ კავშირებზე ჟურნალისტური გამოძიება მიხეილ ხოდორკოვსკის საგამოძიებო პროექტმა „დოსიე ცენტრმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გამოაქვეყნა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, 2022 წლის აპრილში შეხვედრებს მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებიც მართავდნენ. შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ, ხოლო პატრიოტთა ალიანსის ლიდერებთან (ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავი) ერთად ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანი.
