ფეისბუქკზე აქტიურად გავრცელდა მეფე ჩარლზ III-ის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, რომელზეც ჩარლზ III ვარდისფერ პიჯაკსა და შორტებში გამოწყობილი ნაყინს ჭამს. ფოტო საკმაოდ რეალისტურია და ერთი შეხედვით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნამდვილია.
სინამდვილეში ეს და სხვა რამდენიმე მსგავსი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო შოტლანდიელმა არტისტმა Hey Reilly სოციალურ მედიაში თავის ინსტაგრამ და ფეისბუკ გვერდებზე 17 ივნისს გამოაქვეყნა.
Hey Reilly-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ფოტოები ვირუსულად აქამდეც გავრცელებულა. ჩარლზ III-ის კორონაციის თემაზე არტისტის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილმა ფოტოებმა კი მაისში The Times-ზეც გამოქვეყნდა. გამოცემასთან საუბარში არტისტმა აღნიშნა, რომ მისი ნამუშევრები სატირული შინაარსისაა და ძირითადად გასართობად იქმნება. ფოტოების შესაქმნელად Hey Reilly ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო Midjourney-ის იყენებს. მის ნამუშევრებში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ხშირად ფიგურირებენ. გარდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოებისა, Hey Reilly სოციალურ მედიაში სხვადასხვა სახით ვიზუალურად დამუშავებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.
დეტალები ჩარლზ III-ის ფოტოდან, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ ფოტო ნამდვილი არ არის
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები სულ უფრო რეალისტური ხდება. თუმცა ჩარლზ III-ის გავრცელებულ ფოტოზე ყურადღებით დაკვირვებისას ისეთი დეტალების შემჩნევაა შესაძლებელი, რომლებიც მიგვახვედრებს, რომ ფოტო ნამდვილი არ არის.
მაგალითად, სახეზე სათვალის ჩრდილი მზის შუქის დაცემის მიმართულებასთან შეუსაბამოა, ასევე სათვალის ყური ნაწილობრივ გაუჩინარებულია.
სურათის ფონზე ასახული ადამიანების სხეულის ფორმები არაბუნებრივია, ამასთანავე ერთ-ერთის ტანისამოსი რეალურად ზღვის იდენტურია.
ასევე მეფე ჩარლზის ფეხებზე კანი არაბუნებრივად გლუვია.
“მითების დეტეტქორმა” ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული არაერთი ფოტო გადაამოწმა. უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ მსგავსი ფოტოები იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: