როგორ ამოვიცნოთ ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ფოტოები?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

277
VIEWS

მასალა მომზადებულია AFP-ს სტატიაზე დაყრდნობით

დონალდ ტრამპი გისოსებს მიღმა? რომის პაპი თეთრ ქურთუკში? შეიძლება ეს ფოტოები, რომლებიც სავსებით რეალურად გამოიყურება, ინტერნეტ სივრცეში გინახავთ. ისინი ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებითაა გენერირებული და AI-ს სწრაფი განვითარების შედეგია. 

სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი ასეთი ფოტო რეალური უკვე არაერთხელ ეგონათ. 

როგორ შეგიძლიათ რეალური ფოტო პროგრამულად შექმნილისგან განასხვავოთ? ვიზუალური შეუსაბამობები და სურათის კონტექსტი შესაძლოა დაგეხმაროთ, თუმცა სპეციალისტებმა AFP-ს უთხრეს, რომ იდენტიფიცირების უტყუარი მეთოდი არ არსებობს. 

ბოლო დროს შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, როგორებიცაა  Midjourney, DALL-E, Craiyon ან Stable Diffusion მონაცემთა მასშტაბური ბაზის გამოყენებით მსურველს სურთების განუსაზღვრელი რაოდენობის გენერირებას სთავაზობს. 

ბევრი ადამიანი ამ ინსტრუმენტებს იუმორისტული ან შემოქმედებითი მიზნებით იყენებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მათ პოლიტიკური მოვლენების ამსახველი ფოტოების გაყალბებისთვისაც მიმართავს. 

მაგალითად, 4 აპრილს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ მთელს მსოფლიოში ტრამპის დაკავებისა და მისი სასამართლოსკენ მსვლელობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ფოტოები ქართულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. 

ამ დროისათვის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების ამოცნობის რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის Hugging Face.  თუმცა მისი შედეგები შეიძლება ზუსტი არ იყოს. 

ავსტრიის ტექნელოგიის ინსტიტუტის AI-ს სპეციალისტმა და ინჟინერმა დევიდ ფიშინგერმა AFP-ს უთხრა, რომ ხელოვნური ინტელექტი ფოტოს ნულიდან აგენერირებს და არ არსებობს არცერთი კონკრეტული ფოტო, საიდანაც ის ნაწილებს იღებს. “მილირდობით სხვადასხვა პარამეტრის შექმნისთვის ათასობით/მილიონობით ფოტოა გამოყენებული.” – განაცხადა ფიშინგერმა. 

უნივერსიტეტებში AI-ს გამოყენების ამომცნობი სტარტაპის Draft&Goal-ის შემქმნელი ვინსენტ ტერასი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მისი მონაცემთა ბაზიდან გამოყენებულ ფოტოებს ნაწილებად შლის, ხოლო შემდეგ ნაწილ-ნაწილ, პიქსელ-პიქსელ აღადგენს, სწორედ ამიტომ რეალურსა და გენერირებულ ფოტოს შორის განსხვავების პოვნა რთულია. 

ამიტომ ფოტოების ამოცნობის პროგრამები გამართულად ვერ მუშაობს და ფოტოების მეტამონაცემებიც, რომლებიც ზოგჯერ ფოტოს წყაროს პოვნის საშუალებას იძლევა, საჭირო ინფორმაციას ვერ გვაწვდის. 

AI-ის ექსპერტმა და ნეაპოლის ფრედერიკ II-ის უნივერსიტეტის პროფესორმა ანალისა ვერდოლივამ AFP-ს უთხრა, რომ მეტამონაცემებზე დაყრდნობა შეუძლებელია, რადგან სოციალურ ქსელებში მათ მთლიანად შლიან. 

ამის მიუხედავად, არსებობს გზები, რომლებიც AI ფოტოების ამოცნობაში დაგვეხმარება:

ფოტოს წყაროს მოძიება

როგორც ექსპერტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოს ამოსაცნობად მნიშვნელოვანი მისი წყაროს პოვნაა, რადგან ზოგჯერ შესაძლოა მის შემქმნელს გამოყენებული პროგრამა მითითებული ჰქონდეს და ეწეროს, რომ ფოტო პროგრამულადაა შექმნილი. 

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფოტოს უკუძიების მეთოდის გამოყენება. ამ მეთოდის საშუალებით შეგვიძლია ვიპოვოთ ის საიტები თუ პოსტები, სადაც გავრცელებული ფოტო უფრო ადრე იყო გამოყენებული. 

მაგალითად, ტრამპის დაკავების ამსახველი ფოტოების Google Image Search-ით გადამოწმების შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ფოტოები თავდაპირველად საგამოძიებო პლატფორმის bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიჯინსმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ისინი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა და ამისთვის პროგრამა Midjourney-ს უახლესი ვერსია გამოიყენა.  

ვიზუალური მარკერები

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოს ამოცნობა რამდენიმე დეტალი გათვალისწინებით, მისი წყაროს ცოდნის გარეშეც შესაძლებელია, ესენია:

  • ლოგო და წარწერები

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოს ამოცნობის ერთ-ერთ მეთოდად ფოტოზე არსებულ ლოგოებზე ან სახელწოდებებზე დაკვირვება მიიჩნევა. ხშირად AI-ს მიერ შექმნილ ფოტოების კუთხეებში შემქნელი კომპანიის ან სოციალური ქსელის მომხმარებლის ვინაობა არის მითითებული. მაგალითად, ტრამპისა და მისი მხრდამჭერების ფოტოზე ქვედა მარჯენა კუთხეში წარწერა @Brick_suit-ს ვხედავთ.

თუ ამ სახელს Google-ის საძიებო სისტემაში ჩავწერთ, აღმოვაჩენთ, რომ ფოტო სწორედ ამ სახელწოდების ტვიტერის მომხმარებელმა გაავრცელა და კომენტარებში მიუთითა, რომ გამოსახულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დააგენერირა. 

ამასთანავე ზოგიერთი პროგრამა, მაგალითად DALL-E და Crayion, მათ მიერ შექმნილ ფოტოებზე კომპანიის ლოგოებს ავტომატურად აგენერირებენ. 

მაგალითად, AFP-ს მიერ DALL-E-ზე გენერირებული ფოტოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ფერადი ლოგო ჩანს.

ხოლო Crayion იმავე ადგილზე პატარა წითელი ფანქრის გამოსახულებას სვამს.

თუმცა ყველა პროგრამა საკუთარ ლოგოს ავტომატურად არ აგენერირებს და ფოტოზე ამ ნაწილის მოჭრაც შესაძლებელია.

  • დააკვირდით სახეს და ხელებს

მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაფართოებისა, არის კონკრეტული მახასიათებლები, რომელთა გენერირებაც AI-ის ჯერ კიდევ უჭირს. ასეთი შეიძლება იყოს ადამიანების სახეები და ხელები.

მაგალითად, საქართველოში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ეკლესიის წინ დანთებული კოცონი და მის გარშემო ფერადი დროშებით შეკრებილი ადამიანები ჩანდნენ. აღწერის მიხედვით, ეს ფოტო უცხოეთში მართლმადიდებლურ ტაძარს ასახავდა.  ადამიანების სახეებზე დაკვირვებით ჩანს, რომ გამოსახულებაში ბევრი დეფექტია და სახეები ფაქტობრივად არ ჩანს. 

ამას გარდა, ფოტოს ტექსტი ამტკიცებდა, რომ მასზე დროშებით ლგბტქ+ თემის მხარდამჭერები იყვნენ გამოსახულნი. თუ ფერად დროშებს უკეთ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ისინი რეალური პრაიდის დროშები არ არის და ფერებს სრულად არ ასახავს. 

უკვე ნახსენებ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ დონალდ ტრამპის ფოტოზე, რომელზეც თითქოს ის სასამართლოსკენ მიმავალი მხარდამჭერებთან ერთადაა გამოსახული, ტრამპის უკან მდგომი ადამიანების სახეები არაბუნებრივი და დამახინჯებულია.

სახეების გენერირებასთან დაკავშირებით საინტერესოა საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ერთ-ერთი პროგრამულად შექმნილი ფოტო, რომელზეც  მაკრონი სპეცრაზმელების ფონზეა გამოსახული.

ფოტოზე მაკრონს ორი სხვადასხვა ტონალობის ყავისფერი თვალი აქვს მაშინ, როცა რეალურად მას სრულიად განსხვავებული, ღია ფერის, ცისფერი თვალები აქვს.

მაკრონის რეალური ფოტო CREDIT: Ludovic Marin/AFP

პრობლემაა ხელების ზუსტი გამოსახვაც. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების შესახებ მომზადებულ DW-ს ვიდეოში გამოყენებულ ქალის ფოტო ერთი შეხედვით სავსებით რეალურია, თუმცა, მას ხელზე მხოლოდ 4 თითი აქვს.

  • შეამოწმეთ ფონი

კიდევ ერთი გზა, რომლითაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოს ამოცნობა შესაძლებელია, გამოსახულების ფონზე დაკვირვებაა. ხშირად ფონი არასრულ ან დეფექტურ გამოსახულებებს შეიცავს. მაგალითად, ფოტოს, რომელიც თითქოს პენსილვანიის შტატის სკოლას ასახავდა, ფონზე ვხედავთ, რომ გასასვლელის წარწერა (EXIT) გაურკვევლად აწერია და მხოლოდ ერთი ასო E ჩანს.

  • ნახატის მსგავსი ვიზუალი

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად რეალურზე მეტად ფერწერულ ტილოებს ჰგავს. მაგალითად, DW-ს მიხედვით, გერმანელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა ნორბერტ კლეინვახტერმა საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის მიგრანტების AI ფოტო გამოიყენა, თუმცა არ მიუთითა, რომ გამოსახულება პროგრამულად იყო შექმნილი. ფოტო კი თავის მხრივ ნახატის შთაბეჭდილებას ტოვებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist