კრემლის აქტორების მიერ ორკესტრირებული “კი რუსულ კანონს” საქართველოში

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

5k
VIEWS

17 აპრილს ე.წ. “აგენტების კანონი” პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი შარშანდელის იდენტურია იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდა. კანონპროექტმა მოსახლეობაში პროტესტი ისევ გამოიწვია და 13 თვის შემდეგ ხალხი ქუჩაში კვლავ გამოვიდა. აქციები 15 აპრილიდან სისტემატურად იმართება. პროტესტს სტუდენტები და ახალგაზრდებიც აორგანიზებენ და ისინი პარლამენტის შენობის გარდა სხვა ლოკაციებზეც იკრიბებიან. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მტკიცედ იმეორებენ, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ რეგულაციებთან და სინამდვილეში ამერიკულ და ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, თუმცა კანონპროექტმა და “ქართულმა ოცნებამ” ამ საკანონმდებლო ინიციატივით კრემლში მოწონება დაიმსახურა. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები აქტიურად შუქდება რუსულ მედიაში. მიმდინარე მოვლენებს როგორც რუსეთის მთავრობის წევრები ისე კრემლის ექსპერტები გამოეხმაურნენ. 

პროტესტი “დასავლეთის ორგანიზებულია”

რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები აქციაში დასავლეთის ხელს ხედავენ.

23 აპრილს რუსეთის დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ და არ იქცნენ ინსტრუმენტებად გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. 

კანონის მიღებას მხარს უჭერს რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი. ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 19 აპრილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია, მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი შიდა საქმეებში გარე ჩარევის აკრძალვაა.

ვიაჩესლავ ვოლოდინი, დუმის სპიკერი:  “ასეთი ისტერიკა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის ირგვლივ მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის შესახებ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერა მიღებული, ამისთვის უკვე გამოყოფილია ფული და კანონის მიღებამ შეიძლება ეს გეგმები ჩაშალოს“.

იგივე შინაარსის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც გააკეთა. მისი თქმით, პროტესტის იმპულსი გარედან მოდის და მიზანი ქვეყანაში ანტირუსული განწყობების გაღვივებაა.  

დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი: „ისინი ცდილობენ, შიდაპოლიტიკური პროცესი ანტირუსული სენტიმენტების პროვოცირებისთვის გამოიყენონ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იმპულსები საქართველოდან მოდიოდეს”.

აქციებში აშშ-ისა და დასავლეთის ხელს ხედავს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევიც. ის ე.წ. „აგენტების შესახებ კანონის“ განხილვასა და პროტესტებს ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა.

დმიტრი მედვედევი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე: “ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა მან ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის უკან არის ჰოლივუდის გამოცდილი და ნაცნობი ხელი”.

კანონს “ურბილესი” უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასავლურ ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები აქვთ.

სერგეი ლავროვი, რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი: “საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, თუმცა კანონი ურბილესია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში, არსებობს კანონები ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ შენ ფულს იღებ, ამაზე არ ლაპარაკობ და ამ ფულით რაღაცას არასწორს აკეთებ”.

“ქართული ოცნების” ინიცირებულმა კანონმა მოწონება კრემლის სხვა აქტორებშიც დაიმსახურა. 

“საქართველო სწორ გზაზეა”- დაწერა ტელეგრამ-არხზე რუსმა ულტრანაციონალისტმა ფილოსოფოსმა და კრემლის მთავარმა იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა. 

ალექსანდრ დუგინი, ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი: “საქართველო სწორ გზაზეა. გსურს სუვერენიტეტი, გაანადგურე მეხუთე კოლონა. ჩვენ ეს გზა გავიარეთ და დადებითი ეფექტი სახეზეა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მწვერვალს ვურტყამთ. რამდენი ლიბერალური აგენტურა რჩება საზოგადოების სიღრმეში – ელიტაში, ჩინოსნობაში, განათლებაში, კულტურაში, ბიზნესში. მთელი აუგიას თავლებია. მაგრამ ღვთის წყალობით, ჩვენ მათ გავწმენდთ”.

აშშ ოქტომბერში საქართველოში “სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს” – თბილისი 24-ის “ექსკლუზივი”

პრორუსული და ამავდროულად, პროსახელისუფლებო გამოცემა “თბილისი 24” წერს, რომ აშშ ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს და სწორედ ამიტომ არიან კანონის მიღებით გამწარებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მფარველები.

“თბილისი 24”-ის თანახმად, მაისი – ოქტომბრის თვეში სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგზანიზაციის ანგარიშზე თანხა უნდა ჩარიცხულიყო აქტივისტების გადაბირებების, მოსყიდვის და “ტვინის გამორეცხვისთვის.” გამოცემა წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პირდაპირი დირექტივაა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში “დაიდოს შედეგი”, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა ,რომელიც მათ ინტერესებს მოემსახურება.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი აცხადებს, რომ დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად მუშაობს. მისი თქმით, მიზეზი, რატომაც დასავლეთი ამ კანონს ეწინააღმდეგება, არის ის, რომ მათ იციან, ეს კანონი გამოაშკარავებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ბრიტანული დაზვერვის ( მი-6) მცდელობებს კონკრეტული ჯგუფებისთვის ფულის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა ეს ჯგუფები გამოიყენონ საქართველოში მთავრობის დასამხობად და ახალი მთვარობის დასაყენებლად, რომელიც დასავლეთის პრეტენზიების მიმართებაში მორჩილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლარი ჯონსონს რუსული, პროპაგანდისტული მედია ხშირად ციტირებს. ვრცლად ლარი ჯონსონის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის სტატიაში

პროსახელისუფლებო მედია “მარშალპრესი” კანონპროექტთან დაკავშირებით პროსახელისუფლებო ექსპერტ ნანა კაკაბაძეს ციტირებს.  კაკაბაძეს თქმით, კანონის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ცხადყოფს, რომ შავი ფულია ჩადებული ხელისუფლების შეცვლის ოპერაციაში.  

ნანა კაკაბაძე, პროსახელისუფლებო ექსპერტი: “მსოფლიო პრაქტიკაში ვერავინ გაიხსენებს რომელიმე ქვეყანაში ლამის მთელი მსოფლიოს ასე ორგანიზებულად დარაზმვას რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ. ამიტომ მით უფრო მეტი ყურადღებით და სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ, ამ კანონის მიღებით რომელ ძალებს და რაც მთავარია, ამ ძალების რა სახის ქმედებებს ეკვეცება ფრთები, რა ისეთი კოლოსალური შავი ფულია ჩადებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების აყირავების ოპერაციაში, რომ მათი ჩრდილიდან გამოყვანის მცდელობა ასეთ გაცოფებულ წინააღმდეგობას იწვევს როგორც დამფინანსებლების, ისე დაფინანსებულების მხრიდან”.

პარტია “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საპროტესტო ტალღის აგორებაში დასავლეთს ადანაშაულებს.

სოზარ სუბარი, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი : იმ ძალებმა, რომლებიც ამ კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, როგორც კი ნახეს, რომ პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო კანონი და ქუჩაში აქციების ინტენსივობამ იკლო, სასწრაფოდ მეორე ფრონტი გახსნეს. ვგულისხმობ იმ განცხადებებს, რაც თეთრი სახლის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ გაკეთდა.

მას მოჰყვა ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადება. NATO-მაც კი გააკეთა განცხადება, ეს ყველაფერი კი იყო ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური, რისი პუნქტობრივად დამტკიცებაც შეგვიძლია. პრაქტიკულად, მათ ქართველ „ენჯეოებს“ მოუწოდეს, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ. მაგრამ, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ქართველი ხალხის ნება არის ურყევი“.

ქართველი ექსპერტები რუსულ მედიაში

რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გარდა, რუსულ მედიაში თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ქართველი ექსპერტებიც საუბრობდნენ. СОЛОВЬЁВLIVE – ის გადაცემაში Лабиринт Карнаухова კრემლის ექსპერტმა და „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელმა შოთა აფხაიძემ ისაუბრა (01:27-01:41).  აფხაიძე კანონის მიღების აუცილებლობაზე ყვებოდა და ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი რუსული არ არის. 

შოთა აფხაიძე: ბოლოს და ბოლოს, ეს არის ქვეყანა და არა проходной дверь… კანონი, რომელსაც დღეს პარლამენტი იღებს, შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულად, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არანაირი დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ სწორი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო…ისინი{აქციის მონაწილეები} გამოდიან იმიტომ, რომ თავად წარმოადგენენ ამ ორგანიზაციებს, დესტრუქციულ ოპოზიციას, ლგბტ საზოგადოებას, ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ მარგინალიზაციას. ეს, სულ რაღაც 10 %-ია.

რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა ქართველმა პოლიტოლოგმა არჩილ სიხარულიძემაც. ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია პროტესტის ახალ ტექნიკას იყენებს.

არჩილ სიხარულიძე: შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის ლიდერები განზე დგანან. მათთვის მომგებიანია მიმდინარე მოვლენების როგორც თავად საზოგადოების, პირველ რიგში, პროდასავლური ახალგაზრდების ინიციატივად წარმოჩენა. ასეთი გამოსვლებისადმი უფრო მეტი ნდობაა, ვიდრე პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულის. თუმცა, მე არ მჯერა ამ მოძრაობის წარმატების. მმართველი პარტია ახლა ბევრად უფრო მკაფიოდ არის ორიენტირებული შედეგებზე. „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ უკან ვერ დაიხევს. იგივე ინიციატივის მეორე მარცხი ამ პოლიტიკური ძალის რეპუტაციას დააზარალებს. 

რუსულ პროპაგანდისტულ მედია – Спутник-თან ისაუბრა კრემელისტური ონლაინ მედიის “საქინფორმის” მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც. 

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist