ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

პრეზიდენტი
3.3k
VIEWS

26 მაისს პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ვრცელ ტექსტში 11 პუნქტია გამოყოფილი და ერთ-ერთ მათგანში გოგავა ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა შემდეგი რამ: “არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ”, რასაც პოლიტოლოგი უტიფარ ტყუილს უწოდებს, რადგან ისტორიაში ყველაზე მეტი ომი ევროპის სახელმწიფოებმა წამოიწყეს. მეხუთე პუნქტში, კი ის წერს, რომ “ლიბერალური ევროპა საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა ერის იდენტობას, ტრადიციებს, კულტურას, სარწმუნოებას. ამის მაგალითია ქვეყანა, რომელსაც ის ემსახურება (გულისხმობს საფრანგეთს) და სადაც მორწმუნეთა რაოდენობა 9%-მდე დაიყვანეს”.

გოგავა დამატებით იხსენებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას და ოკუპაციის შემდეგ მათ ემიგრაციას საფრანგეთში, რაზეც ამბობს, რომ წაღებული იყო ქვეყნის ეროვნული საგანძური, რომლის ნაწილიც გაყიდეს და საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის დახმარებით სტალინმა მხოლოდ საგანძურის ნაწილის დაბრუნება შეძლო.

გოგავას პოსტი სოციალურ ქსელში ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3,) და მედიამ გაავრცელა: Postv, For.ge, ჯორჯიან თაიმსი, ერი მედია და მარშალპრესი. ამასთანავე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ზურაბიშვილის თქმით “ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყია” ფართოდ ვრცელდება სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკოს მქონე მედიის ფეისბუქ მედიების გვერდებზე: POSTV, Tia.ge, ჯორჯიან თაიმსი, მედიაჰოლდინგი “კვირა”  და Infopostalioni.com.  

zurabishtsili1 min ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?

zurabishvili2 ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?

Screenshot 2024 05 29 at 10.28.52 AM ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?

ირაკლი გოგავასა და ვასილ მაღლაფერიძის მტკიცებები, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპას ომი არასოდეს დაუწყია, მანიპულაციურია. რეალურად, პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი შეიქმნა მშვიდობისათვის და მისი დაარსებიდან არც ერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ. ასევე გოგავას მტკიცება, თითქოს ევროპა საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურას და სარწმუნოებას და საფრანგეთში მორწმუნეთა რაოდენობა 9%-მდე დაიყვანეს, მცდარია. ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილია და ორგანიზაციას ამ მიმართულებით არაერთი პროგრამა აქვს.

  • პრეზიდენტი რეალურად ევროკავშირის შექმნის დღიდან დაწყებულ პერიოდზე საუბრობდა

26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს დასავლურ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, რა დროსაც ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც ყველა ქვეყანა საკუთარი ნებით არის გაწევრიანებული და უმაღლეს დონეზეა დაცული ყველა ერის ტრადიციები, ენა, სარწმუნოება, იდენტობა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ყველა სხვა უფლება. სწორედ ამ დროს მან განაცხადა, რომ “ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის, არც ერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არც ერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან” (23:00). სრული ფრაზის გაანალიზება ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი საუბრობს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებზე და მისი ეს განცხადება სრულად შეესაბამება სიმართლეს რადგან ორგანიზაციის დაარსების დღიდან, მის არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ წამოუწყია ომი. შესაბამისად, ირაკლი გოგავა და ვასილ მაღლაფერიძე მანიპულაციურად იყენებენ მთლიანი ფრაზის მხოლოდ ნაწყვეტს.  

ევროკავშირის ჩამოყალიბებას სათავე დაუდო 1951 წელს “ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების” შექმნამ, რომლის წარმოშობის წინაპირობა ის იდეა იყო, რომ მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით შეიძლებოდა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ევროპაში. თავდაპირველად მასში შედიოდა 6 სახელმწიფო: საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. 1957 წელს ამ ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც საფუძვლად დაედო საერთო ბაზრის შექმნას. საბოლოოდ, არაერთი ახალი წევრის დამატების და ეკონომიკური თუ პოლიტიკური სფეროების გაფართოების შედეგად, 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებით შეიქმნა ევროკავშირი, იმ სახით როგორსაც დღეს ვიცნობთ.

  • ევროკავშირი არ ებრძვის ერის კულტურას, იდენტობას, ტრადიციებსა და სარწმუნოებას

ირაკლი გოგავამ პოსტში დაწერა, რომ ევროკავშირი საშიშია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რადგან ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, კულტურასა და სარწმუნოებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა წევრის კულტურისა და ტრადიციების დაცვა, ყოველთვის წარმოადგენდა ევროკავშირის ინტერესებს და ეს ნათლად ჩანს ლისაბონის ხელშეკრულებაშიც, სადაც ჩაწერილია, რომ ევროკავშირი პატივს სცემს მის მდიდარ კულტურულ და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გაძლიერებული. ლისაბონის ხელშეკრულება, რომელიც 2009 წელს შევიდა ძალაში და ევროკავშირის საკონტიტუციო ბაზისს ქმნის, ცხადად აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია შთაგონების წყაროს იღებს ევროპის კულტურული, რელიგიური და ჰუმანისტური მემკვიდრეობიდან. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების წესდების 22-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს კულტურულ, რელიგიურ და ენობრივ მრავალფეროვნებას. გარდა ამისა, ევროკავშირი ახორციელებს არაერთ პროგრამას კულტურული მემკვიდრეობის გასაძლიერებლად, როგორც მის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, 2018 წლიდან ევროკომისიამ მიიღო “კულტურის ახალი ევროპული დღის წესრიგი”, რომელსაც სამი მიზანი აქვს: 1. კულტურის ძალის გამოყენება სოციალური ერთობისა და კეთილდღეობისთვის; 2. კულტურაზე დაფუძნებული შემოქმედების მხარდაჭერა განათლებასა და ინოვაციებში, სამუშაო ადგილებისა და ზრდისთვის; 3. საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაძლიერება. 

აქვე აღსანიშნია პროგრამა “შემოქმედებითი ევროპა”, “რომელიც აძლიერებს კულტურულ მრავალფეროვნებას და კულტურის და შემოქმედებითი სექტორის მოთხოვნებს და გამოწვევებს პასუხობს”. პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი და ის მოქმედია საქართველოში და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში. 

ლისაბონის ხელშეკრულება, კულტურასთან ერთად ყურადღებას უთმობს რელიგიასაც. დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები რეგულარულად არიან ჩართული დიალოგის რეჟიმში სასულიერო პირებთან. აღსანიშნია, რომ ეს პროცესი აქტიურად ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო, “ევროპის სულის” ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა გზების მოძიებას ევროინტეგრაციისა და პოლიტიკის ფორმირებაში ეთიკური, მორალური და სულიერი განზომილების შესაქმნელად. შედეგად, ეს დებულება “ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების” დოკუმენტში მეჩვიდმეტე პუნქტად ჩაიწერა. 

  • საფრანგეთში მორწმუნეთა რაოდენობა 9%-ზე ბევრად მეტია

გოგავას მტკიცება, თითქოს საფრანგეთში მორწმუნეთა რაოდენობა მხოლოდ 9%-ს უდრის, ტყუილია. საერთაშორისო სტატისტიკის მონაცემთა ბაზის Statista-ს მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევებით, საფრანგეთში მორწმუნეთა რაოდენობა 40-დან 57%-მდე მერყეობს. 2022 წლის გამოკითხვაში, “რომელ სარწმუნოებასთან გრძნობთ კავშირს” 50%-მა პასუხად აღნიშნა ქრისტიანობა, 3%-მა ისლამი, 1%-მა იუდაიზმი, 3%-მა სხვა რელიგიები, ხოლო 42%-მა არც ერთი რელიგია არ აირჩია.

Screenshot 2024 05 29 at 10.29.57 AM ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?
წყარო: statista

2023 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც რესპოდენტებს დაუსვეს კითხვა “გჯერათ თუ არა ღმერთის არსებობის”, რაზეც 44%-მა დადებითი, ხოლო 56%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. 

Screenshot 2024 05 29 at 10.30.14 AM ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?
1947 წელს ღმერთის არსებობის სწამდა გამოკითხულთა 66%-ს, 2023 წელს კი 44%ს.

2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მორწმუნეთა რიცხვის და რელიგიის როლი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული ქვეყნების უმრავლესობაში მოსახლეობის 50%-ზე მეტს სრულად ან ნაწილობრივ სწამს ღმერთის არსებობის.

Screenshot 2024 05 29 at 10.30.47 AM ვინ და როგორ მანიპულირებს პრეზიდენტის 26 მაისის გამოსვლით?
წყარო: Pew Research Center

იმისდა მიუხედავად, რომ გოგავას მტკიცება მცდარია, შესამჩნევია, რომ საფრანგეთში მორწმუნეთა რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ევროკავშირის პოლიტიკასთან არაფერ შუაშია და საქმე გლობალურ პროცესთან გვაქვს. არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ ხდება ეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამას კავშირი აქვს ეკონომიკის განვითარებასთან, რადგან კვლევების მიხედვით, იმ ქვეყნებში რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ძალიან მაღალია, მოსახლეობა ნაკლებად რელიგიურია და პირიქით, უფრო კონკრეტულად, ისინი ნაკლებაად თვლიან, რომ მორალური და სწორი ღირებულებებისთვის აუცილებლად ღმერთის რწმენაა საჭირო. 

ევროკავშირის დისკრედიტაციის მიზნით წარსულში არარერთხელ გავრცელებულა მცდარი მტკიცება, თითქოს ორგანიზაცია მართლმადიდებლობას ებრძვის. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

რა ვიცით ეროვნული საგანძურის დაბრუნებაზე?

აღნიშნული საკითხი ხშირად ხდება მანიპულირების საგანი. რეალურად ქონება, რომელიც საფრანგეთში გაიყიდა, არა ეროვნული საგანძური, არამედ სახაზინო ქონება და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები იყო, რაც ლევილის მამულის შეძენასა და საფრანგეთის ბანკებში საგანძურის შენახვის ხარჯებს მოხმარდა. რაც შეეხება საგანძურს, ის ექვთიმე თაყაიშვილის დახმარებით სრულად დაბრუნდა საქართველოში. საბჭოთა აკადემიკოსებისგან შემდგარმა კომისიამ დაბრუნებული ნივთები არსებულ სიას შეადარა, საგანძურს არც ერთი ნივთი არ აკლდა.

დეტალურად ამ თემაზე იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ირაკლი გოგავა „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელია, ის 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო “მოქალაქეთა კავშირიდან”. გოგავა პერიოდულად მცდარ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში

არქივის ლინკები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist