ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში?

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

8.1k
VIEWS

ქართული წარმოშობის ამერიკაში მცხოვრები მსახიობი და UNIFYD TV-ის წამყვანი ელიზაბეთ ლეინი 29 მაისს მიწვეული იყო “ერი მედიას” გადაცემაში “გონიერი სოსო მანჯავიძესთან ერთად”. ბოლო კვირების განმავლობაში კი სოციალურ მედიაში, როგორც ფეისბუკზე, ასევე ტიკტოკზე (1,2,3,4) აქტიურად ვრცელდებოდა ელიზაბეთ ლეინთან ინტერვიუს როგორც სრული ვერსია, ასევე გადაცემის ფრაგმენტები. ვიდეო ასევე გაავრცელა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ხაჩიძემ. 

გადაცემაში ელიზაბეთ ლეინმა სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ანტიდასავლური ნარატივები გაავრცელა. მაგალითად, ლეინი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამერიკა იზიარებს ნავალნის წარმოდგენას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში და განვითარებადი ქვეყნების ფინანსური დახმარებით მათ დამონებას ცდილობს. ასევე, მისი თქმით, “ქართული ოცნება” ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელიც ამერიკას არ ემონება. 

დამატებით, ელიზაბეთ ლეინი აღნიშნავს, რომ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსიაა, ხოლო აფხაზეთთან დაკავშირებით პუტინის დამოკიდებულებაზე ამბობს: “აფხაზეთი არის – მოგცემ, თუ დამარწმუნებ რომ CIA-ს აგენტები, როგორიც სააკაშვილია არ ირბენენ აქ… ახლა მითხარით რატომ არის ეს არასწორი?”

რა ვიცით ელიზაბეთ ლეინზე?

ელიზაბეთ ლეინი 2024 წლის მარტიდან  UNIFYD TV-ის პროგრამის,  “Beyond The Surface Of America”  ერთ-ერთი წამყვანია. გადაცემები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა მასონების როლი ვაშინგტონის ისტორიაში და მათი კავშირი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტო – CIA-სთან. სხვა ეპიზოდებში საუბარია იუტაში, Skinwalker Ranch-ში მომხდარი პარანორმალური მოვლენებისა და ტენესიში  არსებული ალტერნატიული სოფლის მეურნეობის შესახებ. 

Screenshot 2024 06 13 at 12.25.09 PM 1 ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში?

რაც შეეხება UNIFYD TV-ს, ეს არის სტრიმინგ პლატფორმა, რომელიც დააარსა ჯეისონ შურკამ.  ჯეისონ შურკა ხელმძღვანელობს კიდევ ერთ ორგანიზაციას, სახელწოდებით  UNIFYD World. UNIFYD World ორიენტირებულია “გლობალური ცნობიერებასა და ერთიანობის შექმნაზე”. თავის მხრივ, UNIFYD TV კი ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ისეთ თემებზე, როგორიცაა უცხოპლანეტელები, საიდუმლო ორგანიზაციები და ალტერნატიული მკურნალობა.

მაგალითად, გადაცემებისა და დოკუმენტური ფილმების სტუმრები ხშირად ამტკიცებენ, რომ შეხვედრიან უცხოპლანეტელებს, ან  ფლობენ ინსაიდერულ ინფორმაციას არამიწიერი ფენომენების შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმა ავრცელებს დოკუმენტურ ფილმებსა და ინტერვიუებს ისეთი ჯგუფების შესახებ, როგორიცაა ილუმინატები და მასონები, რომელთა შესახებაც ამტკიცებენ, თითქოს ამ ორგანიზაციებს “საიდუმლო დღის წესრიგი” აქვთ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა აქტიურად (1,2) ავრცელებს შეთქმულების თეორიას “ლურჯი სხივის” შესახებაც. 

Screenshot 2024 06 13 at 12.27.04 PM ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში? Screenshot 2024 06 13 at 12.27.12 PM 1 ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში?

ელიზაბეთ ლეინს აქვს ასევე Youtube არხი, სახელწოდებით Elizabeth Lane Show, რომელიც 2023 წლის ნოემბერში მას მერე შეიქმნა, რაც მისი პირველი არხი Youtube-მა წაიშალა. არხზე ატვირთული პირველი ორი ვიდეო ურთიერთობების სირთულეებსა და პორნო ინდუსტრიას შეეხება.

Screenshot 2024 06 13 at 12.28.21 PM ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში?

ელიზაბეთ ლეინი დაუფარავად გამოხატავს მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინის მიმართ, როგორც სოსო მანჯავიძის გადაცემაში, ასევე ინსტაგრამზე. მას რუსეთის პრეზიდენტის საქებარი არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული.  ლეინი აზიარებს ვლადიმერ პუტინის შეხვედრებს მოსახლეობასთან, ფრაგმენტებს პუტინის ინტერვიუებიდან (1, 2). ერთ-ერთ პოსტში ლეინი პუტინს კენედის ადარებს და წერს, რომ გარკვეულწილად ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან: “ეს კაცი მართალია. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს პუტინი!”. კიდევ ერთ პოსტში კი ელიზაბეთ ლეინი პუტინს მოუწოდებს, რომ არ დანებდეს.

ელიზაბეთ ლეინს “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული აქვს (1,2) მოსკოვის წითელ მოედანზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები. 

Screenshot 2024 06 13 at 12.31.02 PM 1 ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში? Screenshot 2024 06 13 at 12.31.31 PM 1 ვინ არის ელიზაბეთ ლეინი და როგორ გავრცელდა მისი ანტიდასავლური განცხადებები სოციალურ მედიაში?

რუსეთის პრეზიდენტის ქების საპირისპიროდ, ლეინი აკრიტიკებს ევროპელ ლიდერებს და დასავლეთში ავტოკრატიის და აზრის გამოხატვის შეზღუდვის საილუსტრაციოდ გამოქვეყნებული აქვს ვიდეო, რომელშიც სპეცრაზმი უპირისპირდება დემონსტრანტებს. ხოლო იმის მაგალითად, თითქოს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, მას მანიპულაციურად მოჰყავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წელს გაკეთებული განცხადება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ელიზაბეთ ლეინი სოსო მანჯავიძის გადაცემაში ასევე აღნიშნავს, რომ მეგობრობს კრემლის პროპაგანდისტ სკოტ რიტერთან. სკოტ რიტერი 1991-98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების წამყვანი ინსპექტორი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი ამერიკის მთავრობის აქტიურ კრიტიკოსად იქცა. რიტერი არაერთხელ გაეხვა ონლაინ სექს სკანდალში, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ. სკოტ რიტერის და მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციების შესახებ “მითების დეტექტორს” არაერთი მასალა აქვს მომზადებული.

პუტინი და აფხაზეთის საკითხი

პუტინის მიმართ პატივისცემის გამოხატვის შემდეგ გადაცემაში ლეინი აღნიშნავს, რომ პუტინს აფხაზეთის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია, როგორც ეს მაგალითად, უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინს აფხაზეთი თავისი საკუთრება არ ჰგონია და სწორედ ამიტომ არ ცდილობს მის აღდგენას და განვითარებას.

აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 28 აგვისტოს აღიარა. მიუხედავად ამ აღიარებისა, აფხაზეთში მნიშვნელოვანი რუსული ინვესტიციები მართლაც არ განხორციელებულა და აფხაზეთი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კვლავ განუვითარებელი რჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის სტრატეგიული ღირებულება განსხვავდება უკრაინის ტერიტორიების ღირებულებისგან, რაც გავლენას ახდენს აფხაზეთში რუსეთის ინტერესის, ინვესტიციების და განვითარების მცდელობების ხარისხზე.

2022 წლის უკრაინაში შეჭრის და მარიუპოლის აღების შემდეგ რუსეთმა  განადგურებული ქალაქის ფართომასშტაბიანი აღდგენითი პროექტი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სახლების, ინფრასტრუქტურისა და საჯარო სივრცეების რეკონსტრუქციას. ეს პროექტი მოიცავს ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას და ისეთი ძირითადი ობიექტების აღდგენას, მაგალითად, როგორიცაა მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც თავად რუსეთმა დაბომბა. თუმცა, ამ შემთხვევაში, რეკონსტრუქცია ემსახურება არა მხოლოდ პრაქტიკულ, არამედ სიმბოლურ მიზანსაც – რუსული კონტროლის ლეგიტიმაციას. რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს 2035 წლამდე, მიზნად ისახავს განავითაროს ნარატივი, რომ რუსეთმა მარიუპოლში რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინული ფაშიზმისგან გადაარჩინა. Associated Press-ის გამოძიება ვარაუდობს, რომ რეკონსტრუქციას რუსეთი იყენებს იმ ომის დანაშაულების დასაფარად, რომელიც თეატრზე თავდასხმით ჩაიდინა, იცოდა რა, რომ შიგნით ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო შეფარებული.  მარიუპოლის რეკონსტრუქცია ასევე არის ქალაქის უფრო მჭიდრო ინტეგრაციის საშუალება რუსეთის ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ სისტემაში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისი მდებარეობისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო.

ასევე, სხვა რეგიონებში, როგორიცაა ყირიმი, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირდა, აფხაზეთთან შედარებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა. რუსეთმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის ყირიმის ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი საერთაშორისოდ არის აღიარებული უკრაინის ნაწილად, ის ინვესტიციები, რომლებიც ყირიმში ხორციელდება, მიზნად ისახავს რუსული კონტროლის გამყარებას და შიდა პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას

მართალია, აფხაზეთს აქვს გარკვეული სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობა, თუმცა მას არ გააჩნია ისეთივე კრიტიკული ღირებულება, როგორც ყირიმს, სადაც შავი ზღვის ფლოტია განთავსებული, ან დონბასის რეგიონს, რომელსაც მნიშვნელოვანი ინდუსტრიული რესურსები აქვს. შესაბამისად, რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია იმ რეგიონებით, რომლებსაც უფრო დიდი სტრატეგიული ღირებულება აქვთ და სადაც რუსეთს თავისი კონტროლის გაძლიერება და გავლენის გავრცელება სურს. აფხაზეთის უპირველესი სტრატეგიული ღირებულება რუსეთისთვის სამხედრო საყრდენის შენარჩუნებაა, რაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების გავრცელებასა და რეგიონში ნატოს გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური განვითარება არ არის ისეთი გადამწყვეტი, როგორც ეს არის მარიუპოლის მსგავს რაიონებში, რომელთა რეკონსტრუქცია ემსახურება კონტროლის გამყარებას და მოსახლეობის ინტეგრაციას. მარიუპოლის აღდგენით, რუსეთი მიზნად ისახავს აჩვენოს თავისი შესაძლებლობები, აღადგინოს და გააუმჯობესოს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონები, რაც ხელს უწყობს მისი ოკუპაციის ლეგიტიმაციას.

მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებაც. აფხაზეთს შეზღუდული ეკონომიკური რესურსები და ინფრასტრუქტურა  აქვს ისეთ რეგიონებთან შედარებით, როგორიცაა ყირიმი ან აღმოსავლეთ უკრაინის  სხვა ნაწილები. აფხაზეთის ეკონომიკა განუვითარებელია, შეზღუდული ინფრასტრუქტურითა და ინდუსტრიით. კეთილმოწყობისა და სერვისების ნაკლებობის გამო აფხაზეთი მხოლოდ დაბალბიუჯეტიან რუს ტურისტებს იზიდავს. ამის საპირისპიროდ, ყირიმსა და მარიუპოლს აქვთ სტრატეგიული ეკონომიკური აქტივები, მათ შორის პორტები და სამრეწველო ობიექტები, რაც მათ უფრო მიმზიდველს ხდის რუსული ინვესტიციებისთვის.

ალექსეი ნავალნი და დასავლეთი

სოსო მანჯავიძის გადაცემაში ელიზაბეთ ლეინი ასევე საუბრობს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შესახებ და მას დასავლეთის აგენტად  წარმოაჩენს. ლეინის თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ ნავალნი ბრიტანეთის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, ელისაბედ ლეინი ავითარებს მოსაზრებას, რომ რამდენადაც ნავალნი, “ამერიკის კაცი” აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მოიაზრებდა, გამოდის, აშშ იზიარებს მის პოზიციას აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

ბრალდებები იმის შესახებ, რომ ალექსეი ნავალნის კავშირი ჰქონდა ბრიტანულ დაზვერვასთან, კრემლისტური წყაროებიდან იღებს სათავეს. 2021 წელს გავრცელდა 2012 წელს გადაღებული ვიდეო, რომელშიც ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის (FBK) აღმასრულებელ დირექტორი ვლადიმერ აშურკოვი მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელს ჯეიმს უილიამ თომას ფორდს ხვდება. რუსული წყაროების თანახმად,  შეხვედარზე რუსეთის მთავრობის დესტაბილიზაციის სტრატეგიები განიხილებოდა. თუმცა, გავრცელებულ ვიდეოდან არ ჩანს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც აშკუროვი ანტიკორუფციული ფონდისთვის ითხოვს, რამე კავშირშია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასთან.  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ეჭვობდა, რომ აღნიშნული დიპლომატი დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურში (MI6) მუშაობდა, რომელიც დიპლომატიური საფარქვეშ მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ  ამ ბრალდებებს რუსული სახელმწიფო მედია ნავალნის უცხო ქვეყნის აგენტად წარმოსაჩენად იყენებდა, არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ბრიტანულ ან სხვა დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებთან ნავალნის პირდაპირ კავშირებს დაადასტურებდა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებები ხშირად განიხილება, როგორც კრემლის სტრატეგიის ნაწილი ნავალნისა და მისი ანტიკორუფციული მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით.

რაც შეეხება, მსჯელობას, რომ თითქოს აშშ იზიარებს ნავალნის მოსაზრებას აფხაზეთის მიკუთვნებულობასთან დაკავშირებით, მას არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი და არასწორად ასახავს აშშ-ის პოლიტიკას. შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მუდმივად განიხილავს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს. ეს პოზიცია აშკარაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა ადმინისტრაციის მრავალ განცხადებებში, რომლებიც არაერთხელ მოითხოვეს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და საქართველოს საზღვრების პატივისცემა. აშშ არ ცნობს აფხაზეთში არჩევნების ან სამთავრობო სტრუქტურის ლეგიტიმურობას და მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.  ასევე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთს შეესრულებინა თავისი ვალდებულებები საერთაშორისო შეთანხმებებით, როგორიცაა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება რეგიონებში.  

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა ვლადიმირ მილოვმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ალექსეი ნავალნის პოზიციები განმარტა. მილოვის თანახმად, ნავალნიმ პოზიციები შეიცვალა და ისინი პრინციპულად ფიქრობენ, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი”. 2023 წლის აპრილში ნავალნიმ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელშიც ქართველებს ბოდიში მოუხადა 2008 წელს დაფიქსირებული პოზიციის გამო. 

ალექსეი ნავალნი: „ჩემდა სამარცხვინოდ, 2008 წელს მე დავწერე პოსტი, სადაც შეურაცხყოფა მივაყენე ქართველებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში დაიბომბა. მე ბოდიში მოვიხადე ამისთვის და კვლავ ბოდიშს ვიხდი, თუმცა ვიცი, რომ ამის გამო ჩემი აზრი საქართველოში დიდად არ ფასობს”

ელიზაბეთ ლეინის ინტერვიუს გავრცელება

გადაცემის როგორც სრული ვერსია, ასევე ფრაგმენტები ფეისბუკზე ბოლო კვირების განმავლობაში ძირითადად კონსპირაციების გამავრცელებელი, ანტიდასავლური განწყობების მქონე და ხელისუფლების მხარდამჭერი ანგარიშების მიერ სხვადასხვა ფეისბუკ გვერდსა და ჯგუფში გავრცელდა. მათ შორის იყო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ხაჩიძე.

გვერდები ჯგუფები
ERI Media • ერი მედია პოსტი გიორგი ნალჩევანიძემ გაავრცელა, რომელიც  ჯგუფის ადმინისტრატორი, ლევან ვასაძის და  “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერია.
Levan Vasadze & Media
დედაქალაქი ანგარიში, რომელიც პოსტებს ავრცელებს, გიორგი არღვლიანი “კონსერვატიული მოძრაობის” წევრია. თუმცა, ამ ჯგუფებში ორგანიზაციის  “სოლიდარობა მშვიდობისთვის”  გადაცემების პოსტები ხშირად ვრცელდება.
ტრადიციულ-ეროვნული მოძრაობა / დმანისი,
ტრადიციულ-ეროვნული მოძრაობა / რეგიონალური.
ეროვნული ტელევიზია დიდგორი TV History of Georgia-ს ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ავთო შერგელაშვილი  მასალებს სხვადასხვა გვერდიდან ავრცელებს, მათ შორის არის ანონიმური ფეისბუკ ანგარიში “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება”, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა.
History of Georgia
არ აგარევინებთ ანტილიბერალური სივრცე.
ჯგუფში ბოლო დროს ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური გვერდის  “არ აგარევინებთ” პოსტები ვრცელდება. ჯგუფში ასევე ვრცელდებოდა ლევან ვასაძის ვიდეოები.
ზურა ხაჩიძე Zura Khachidze პოსტების გამზიარებელი თინათინ მჭედლიშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია.   ჯგუფებში ძირითადად  ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტები ვრცელდება:  ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი,
დავიცვათ ჩვენი ერი, მამული და სარწმუნოება.
პროტესტი – ამ ჯგუფში პოსტს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანგარიში Viola Mikanadze ავრცელებს. ანგარიში ჯგუფში ძირითადად ქართული ოცნების მხარდამჭერ (1,2)  და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს  (1, 2) ავრცელებს
ჯგუფში წინ საქარათველო უკეთესი მომავლისაკენ !!! პოსტის გამავრცელებელი ალექსანდრ გორგიჯანიძე უმეტესად “კონსერვატიული მოძრაობის” ვიდეოებს ავრცელებს (1,2) თუმცა აზიარებს პოსტსაც, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს აქებენ.
კახა კალაძე თბილისის მერი,
პოლიტიკა,
პოლიტიკა & საზოგადოება,
მოქალაქე,
პროპაგანდა არანორმალური პროპაგანდის წინააღმდეგ
ამ ჯგუფებში პოსტს ერთი და იგივე, სავარაუდოდ, ყალბი ანგარიში Gia Berianidze ავრცელებს, რომელიც ძირითადად ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდების “არ აგარევინებთ” და “აი პოლიტიკა” მასალების (1, 2, 3, 4 , 5)  გავრცელებითაა დაკავებული.

სხვა ჯგუფები

ქართული რესურსები ქართველთა ხელში)
КОРЕННЫЕ СУХУМЧАНЕ.
ქართული სული უკვდავია 🇬🇪,

რაც შეეხება ტიკტოკ ანგარიშებს, რომლებიც ელიზაბეთ ლეინის ვიდეოებს ავრცელებენ, მათგან ერთი geo.course “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ძირითადად ირაკლი კობახიძის ვიდეოების ფრაგმენტებს ავრცელებს. “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერ ანგარიშს monimimi ელიზაბეთ ლეინთან ინტერვიუს ფრაგმენტები ექვს ნაწილად აქვს გავრცელებული (1,2,3,4,5,6). ინტერვიუს ამდენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნებულია “ერი მედიას” ტიკტოკ ანგარიშზე ERI • ერი (1,2,3,4,5,6).

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist