25 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ტიტე ნატუტარი” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ფოტო და ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის თანახმად, ზივზივაძემ “ნაციონალური მოძრაობისგან” პარტიულ სიაში ჩასასმელად შემოთავაზება მიიღო და, იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ უსამართლობა კვლავ გაგრძელდება, “ისტორიის ნათელ მხარეს” გადავა. გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილია ტელეკომპანია “იმედის” ლოგო. ამავე ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი ქარდის თანახმად, ზივზივაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწესებული ჯილდოს აღებას არ აპირებს, სანამ ქვეყანაში რუსული კანონი მოქმედებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატები გაყალბებულია. ინფორმაცია, თითქოს ბუდუ ზივზივაძემ “ნაციონალური მოძრაობისგან” პარტიულ სიაში გაწევრიანების შეთავაზება მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება. ზივზივაძეს არც ივანიშვილის მიერ დაწესებულ ჯილდოზე გაუკეთებია კომენტარი. ამგვარი შინაარსის ინფორმაცია არც ტელეკომპანია “იმედს” და არც სხვა მედიებს არ გაუვცრელებიათ.
25 ივნისს ტელეკომპანია “იმედმა” საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გამოსახულებით ორი ქარდი გამოაქვეყნა (1,2). ქარდი, რომელზეც ბუდუ ზივზივაძეა ასახული, ფეხბურთელის მიერ საქართველო-პორტუგალიის მატჩის შესახებ გაკეთებულ პროგნოზს ეხება. ზივზივაძე ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ნაკრები ჯგუფური ეტაპიდან გადის, რაც დიდი მიღწევაა და ამისთვის ფეხბურთელები მზად არიან.
სავარაუდოდ, ფეისბუკ-მომხმარებელმა სწორედ ეს ქარდი გააყალბა და ბუდუ ზივზივაძის ციტატა: “თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის, ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ” შეცვალა. ბუდუ ზივზივაძეს განცხადება არც მას შემდეგ გაუკეთებია, რაც ბიძინა ივანიშვილმა ნაკლებისთვის ფულადი ჯილდო დააწესა. სავარაუდოდ, ანონიმურმა ანგარიშმა ტელეკომპანია “იმედის” მიერ 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული ქარდი გააყალბა, რომელშიც ზივზივაძე გულშემატკივრების გერმანიაში, საკუთარ სახლში დაპატიჟების შესახებ საუბრობს.
ბუდუ ზივზივაძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დარბევის შემდეგ განაცხადა, რომ მშვიდობიან მიმიტინგეებზე თავდასხმა ვერანაირად ვერ გამართლდებოდა და როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ კვლავ ეთქვა: “არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია”. ზივზივაძემ იგივე გაიმეორა ივნისის დასაწყისში “ჯაფარიძის პოდკასტში”. ფეისბუკ მომხმარებლების გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ზივზივაძე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო “ისჯებოდა”. საპასუხოდ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ის პოლიტიკისგან შორსაა და გადაწყვეტილებას საფეხბურთო ფაქტებზე დაყრდნობით იღებს.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას “მითების დეტექტორმა” არაერთი შეცდომაში შემყვანი და დეზინფორმაციული შინაარსის პოსტი გადაამოწმა. მათი უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ეხება.
ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
წყაროს შესახებ
ფეისბუკ მომხმარებლის, “ტიტე ნატუტარის” მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ტიტე ნატუტარი ბუდუ ზივზივაძეს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად წარმოაჩენს და მის მადისკრეტირირებელ პოსტებს ავრცელებს 1,2.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.