ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გადაცემული შეიარაღების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

252
VIEWS

24 იანვარს გამოცემა “თვალსაზრისის” ავტორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-მ უკრაინას მხოლოდ 90 ტონა ლეტალური იარაღი ჩაუტანა, შემდეგ კი მოყვანილია იმ იარაღის და აღჭურვილობის ჩამონათვალი, რაც, პოსტის მიხედვით ამერიკელებმა თალიბანს დაუტოვეს. ამავე დღეს პოსტი უცვლელი სახით გამოაქვეყნა ფეისბუქ გვერდმა ანტილიბერალური დოქტრინა, რომელსაც ჯანყარაშვილი მართავს.

Screenshot 1 6 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გადაცემული შეიარაღების შესახებ?

მტკიცება, რომ აშშ-მ უკრაინას მხოლოდ 90 ტონა ლეტალური იარაღი ჩაუტანა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, 90 ტონა იარაღი აშშ-დან გაგზავნილი სამხედრო დახმარების მხოლოდ პირველი ნაწილია. ამ ეტაპზე აშშ-დან უკრაინაში მსგავსი დახმარების უკვე სამი ნაწილი ჩავიდა. გარდა ამისა, შედარება აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გაწეულ დახმარებასა და ავღანეთში დატოვებულ სამხედრო ტექნიკას შორის მანიპულაციურია, ვინაიდან აშშ-ს და ნატოს სხვა მოკავშირეების მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება უკანასკნელი წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აშშ-ს მიერ ავღანეთში დატოვებული იარაღის ღირებულება და გამოსადეგობა კი ეჭვქვეშ დგას.

რა სამხედრო დახმარებას უწევს აშშ უკრაინას

90 ტონა ლეტალური იარაღი, რომელიც ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტშია ნახსენები, რეალურად, აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გაგზავნილი დახმარების მხოლოდ ერთ ნაწილს შეადგენს. უკრაინამ მსგავსი დახმარების უკვე სამი ნაწილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად უკრაინაში აშშ-ს საელჩოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. დახმარების მესამე ნაწილი, რომელიც 79 ტონას შეადგენდა 300 ჯაველინს მოიცავდა და უკრაინაში 25 იანვარს ჩავიდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად გასული წლის დეკემბერში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტი დაამტკიცა. გარდა ამისა, მხოლოდ გასულ წელს ვაშინგტონმა უკრაინის თავდაცვის იარაღით დახმარებისათვის 650 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რაც 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ ყველაზე დიდი თანხაა, რაც ამ დანიშნულებით გამოყოფილა. გარდა ამისა, პენტაგონი საკუთარი მარაგებიდან უკრაინას 60 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ და არალეტალურ იარაღსაც გადასცემს.

Screenshot 2 6 ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას აშშ-ს მიერ უკრაინისათვის გადაცემული შეიარაღების შესახებ?

2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარები სახით 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების ტექნიკა გადასცა და წვრთნის პროგრამები განახორციელა.

რა სამხედრო დახმარებას უწევენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას?

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს გარდა უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც. მაგალითისათვის, 2015 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო ოპერაცია Orbital, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის პროგრამას წარმოადგენდა. 2020 წელს განხორციელდა უკრაინის ფლოტის საზღვაო წვრთნების პროგრამა. მიმდინარე წლის იანვარში კი გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას შეიარაღება, მათ შორის ანტი-სატანკო იარაღი მიაწოდა და წვრთნებისათვის მცირე კონტიგენტი გაგზავნა. ლეტალურ იარაღთან ერთად დიდმა ბრიტანეთმა უკრაიანს 2.2 მილიონი ფუნტის ღირებულების არა-ლეტალური სამხედრო აღჭურვილობაც გადასცა.

დიდი ბრიტანეთის გარდა უკრაინას იარაღის მიწოდებას დაჰპირდნენ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. მათ აშშ-სგან უკვე მიიღეს ნებართვა უკრაინას გადასცენ ჯავშანტრანსპორტის საწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტები.

რა ტექნიკა დატოვა აშშ-მ ავღანეთში?

რაც შეეხება უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების შედარებას ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ დატოვებულ იარაღთან, ეს მანიპულაციური ნარატივის ნაწილია, რომელსაც კრემლისტური აქტორები აშშ-ს ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ აქტიურად ავრცელებენ. ამ გზავნილების მიხედვით, აშშ-მ თალიბანს დაახლოებით 85 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა დაუტოვა.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შეიარაღება აშშ-ს თალიბანისთვის არ “დაუტოვებია”, ის ავღანეთის არმიას გადაეცა და თალიბანის ხელში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც მათ ავღანეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კონტროლის დამყარება შეძლეს.

სამხედრო ტექნიკის ღირებულებად 85 მილიარდი აშშ დოლარის დასახელება გაზვიადებულია, ვინაიდან დაახლოებით 82.9 მილიარდი აშშ დოლარი რეალურად 2001 წელს ომის დაწყებიდან ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ფონდზე დახარჯულ მთლიან თანხას შეადგენს და აქედან შეიარაღება დაახლოებით 18 მილიარდი აშშ დოლარია. პენტაგონის პრეს-სპიკერის მიხედვით, ამ შეიარაღების ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია და ეს პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აშშ-ს სამხედრო ძალების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ტექნიკა ახალი თაობის არაა და სენსიტიურ ტექნოლოგიას არ შეიცავს, მისი ნაწილი კი იმგვარ მდგომარეობაში დატოვებული, რომ სამომავლოდ მათი გამოყენება შეუძლებელი იქნება. სამხედრო ექსპერტების მიხედვით საეჭვოა იცის, თუ რამდენად შეძლებს თალიბანი მათ ხელში ჩავარდნილი ტექნიკის გამოყენებას მისი მოვლისა და შეკეთებისათვის საჭირო სპეციალური დანადგარების და ნაწილების გარეშე.

ჰამიდ ქარზაის აეროპორტის დატოვებამდე აშშ-ს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 70-მდე ნაღმსაწინააღმდეგო ტრანსპორტი, 23 დაჯავშნული ტრანსპორტი და 73 ხომალდი გაანადგურეს. სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავღანელმა სამხედროებმა მეზობელ ქვეყნებში გაიტანეს, მათ შორის 22 სამხედრო თვითმფრინავი და 24 ვერტმფრენი უზბეკეთში.

ამ თემაზე დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ “მითების დეტექტორის” მასალას:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავღანეთი, აშშ, ნატო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist