13 სექტემბერს მედიასაშუალებამ Mpress.ge გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მასზე დატანილი წარწერის მიხედვით, 13 სექტემბერს, ბათუმშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ ზღვამ ცხედარი გამორიყა. სქრინშოტი იგივე ვიდეოდან ქართულ და რუსულ ფეისბუქ ჯგუფებსა და სოციალური მედიის სხვა არხებზე 2023 წლის ივლისშიც ვრცელდებოდა (1,2,3). ავტორების ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროზე გამორიყული ცხედარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლს ეკუთვნოდა.
ბათუმში უკრაინელი მებრძოლის ცხედრის გამორიყვაზე გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. რეალურად, ვიდეო სოხუმში, ივლისშია გადაღებული. ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის ინფორმაციით, ცხედარი სოფელ ეშერას მცხოვრებს ეკუთვნის და ის 2022 წლიდან დაკარგული იყო.
საქართველოში ზღვას უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის ცხედარი არ გამოურიყავს. ასევე, 13 სექტემბერს ბათუმში სანაპიროზე ცხედარი არ უპოვნიათ. “მითების დეტექტორი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა – უწყებაში გვითხრეს, რომ მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ.
ვიდეო, რომელიც ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა, 2023 წლის 1 ივლისს, სოხუმშია გადაღებული. ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის ინფორმაციით, ცხედრის იდენტიფიცირება გარდაცვლილის მეზობლებმა 6 ივლისს შეძლეს – ის 1946 წელს დაბადებულ არამ დავაჯიანს ეკუთვნის, რომელიც ეშერადან 2022 წლის 27 ნოემბერს გაუჩინარდა. განცხადების მიხედვით, ცხედარზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს და ის ოჯახის წევრებს დასაკრძალად გადასცეს.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ-მომხმარებელი დავითი დადიანი რეგულარულად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. მის მიერ გავრცელებული პოსტების ნაწილი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.