4 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “კონსერვატორი” გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით “ჯვრის შეურაცხყოფა და მისი ტრაგიკული შედეგები თურქეთში”. ვიდეოში ნაჩვენებია თურქეთში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ორმა კაცმა ეკლესიის გალავანზე აღმართულ ჯვართან იცეკვა. გავრცელებულ ვიდეოში ეს ინციდენტი თურქეთში გაჩენილ ხანძრებთან არის დაკავშირებული. ვიდეოს ავტორი ქართველი იუთუბერია და ის პირველად 3 აგვისტოს იუთუბ არხზე “უცხო” გამოქვეყნდა. იუთუბერი ვიდეოში ღმერთის მიერ თავს დატეხილ რისხვაზე საუბრობს, ინციდენტს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან აკავშირებს და წარსულის გახსენებით ისტორიული ტრავმების გაღვივებას ცდილობს:
უცხო: “თუნდაც ეს კადრები, რაც მე განახეთ, როგორ ცეკვავენ ეს ბარბაროსები ქრისტიანობის ყველაზე დიდ სიმბოლოსთან, ჯვართან და აბუჩად იგდებენ მას. თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ხდება? მესმის, რომ ძალიან ბევრი კატასტროფა და უბედურება ხდება ყოველწლიურად და ეს ჩვეულებრივი მომენტია სამყაროთვის, მაგრამ ის, რასაც ეწევა ბატონი ერდოღანი, ის, რასაც ეწევიან თურქი ხალხი, რომ დაწყებული ნიკეის, აი, პირველი საეკლესიო კრება, რომელიც დღეს იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე, ტაძარი, რომელიც მეჩეთად გადააკეთეს, დამთავრებული აია-სოფიათი, რომელიც 2019 წელს იუნესკოს ძეგლთა სიიდან ამოიღეს და ჩვეულებრივი მეჩეთი გახდა უკვე…ხდება ყველაფრის ისლამიზაცია… გამომიხტნენ გუშინ და დაიწყეს, შენ როგორ არ ტოლერანტობ იმას, რაც თურქეთში ხდება? pray for Turkey და გეგონება სიკეთის მტრედები არიან. გაიხედეთ ქართველ ქალებს რას უკეთებდნენ, კაცებს რას უკეთებდნენ საუკუნეების განმავლობაში. დღეს კი უჭერს ერდოღანი საქართველოს მთლიანობას მხარს, ძალიან ირონიულია, ნახევარზე მეტი ყველაფერი თურქებმა წაიღეს”.
პოსტში ჯვართან ცეკვის კადრები კონტექსტი გარეშეა წარმოდგენილი და თურქეთში გაჩენილ ხანძრებთან კონსპირაციულად დაკავშირებული. ინციდენტის თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკასთან დაკავშირება მანიპულაციურია, რადგან ვიდეოში არ არის აღნიშნული, რომ ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს, ხოლო ერდოღანმა და თურქეთის მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მომხდარი დაგმეს. მართალია, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე აია-სოფიას ტაძარი და ასევე იზნიქში (ნიკეა) მდებარე აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, რომ სტამბოლის აია-სოფიას ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოიღეს.
თურქული პრო-სახლისუფლებო გამოცემის, Daily Sabah-ის ინფორმაციით, 12 ივლისს დააკავეს 3 პირი, რომლებსაც ბრალად სტამბოლში მდებარე სომხური ეკლესიის წაბილწვა ედებოდათ. დაკავება სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოს მოჰყვა, რომელშიც ჩანს, რომ ორი პირი ეკლესიის გალავანზეა ამძვრალი და ჯვართან ახლოს ცეკვავს. მესამე დაკავებული მათთან ერთად იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების, კონკრეტულად კი შუაღამის შემდეგ მუსიკის აკრძალვის წინააღმდეგ.
მომხდარს გამოეხმაურა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ და ინციდენტს “უპატივცემულო ქმედება” უწოდა. მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ დაუკავშირდა იმ ფონდის დირექტორს, რომელიც ეკლესიას განკარგავს და ინციდენტის გამო მწუხარება გამოხატა.
მომხდარი დაგმო თურქეთის მმართველმა პარტიამაც. “ჩვენი ცივილიზაცია არასდროს ეგუება შეურაცხმყოფელ და დამცინავ ქმედებებს საკულტო ადგილებში”. – თქვა “სამართლიანობის და განვითარების” პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ. პარტიის სპიკერმა კი განაცხადა, რომ ტაძრის უპატივცემულობაა ყველას წინაშე გამოვლენილი უპატივცემულობაა.
ინციდენტი დაგმო პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ და ამგვარ თავხედობას არ შეეგუებიან. პრეზიდენტის ოფისის კომუნიკაციების დირექტორმა კი განაცხადა, რომ ისინი, ვინც უპატივცემულობა ჩაიდინა, კანონის წინაშე დაისჯებიან.
აია-სოფიას ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან არ ამოუღია
სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი იუნესკოს მსოლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში სტამბოლის ისტორიულ უბანთან ერთად არის შესული. იუნესკომ 2020 წელს თურქეთის მთავრობის მიერ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება განხილვისა და კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული და თურქეთის მთავრობას მოუწოდა, დაიცვას ძეგლი და მასში ცვლილებები იუნესკოსთან კონსულტაციის გარეშე არ შეიტანოს. მიმდინარე წელს ჩინეთში გამართულ ყოველწლიურ სესიაზე იუნესკომ თურქეთს მოუწოდა, მიაწოდოს მათ განახლებული ინფორმაცია აია-სოფიას ძეგლის დაცვის საკითხზე. პასუხად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მეჩეთად გადაკეთებას ძეგლის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. მიუხედავად იუნესკოს 2020 წლის განცხადებისა, რომ აია-სოფიას კულტურული სტატუსი გადაიხედებოდა, ამ დროისთვის ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის.
რაც შეეხება ქალაქ იზნიქში (წარსულში ნიკეა) მდებარე აია-სოფიას ტაძარს, ის მეჩეთად პირველად 1331 წელს გადააკეთეს, ათათურქის მმართველობის დროს, სტამბოლის აია-სოფიას მსგავსად, მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, 2011 წელს კი კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.
შეზღუდვა მუსიკაზე
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ პირველი ივლისიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყებოდა, თუმცა, შუაღამის შემდეგ მუსიკალურ გადაცემებზე და ღონისძიებებზე აკრძალვა, რომელიც 21 ივნისიდან ამოქმედდა, ძალაში დარჩებოდა, რამაც ხელოვანების და ათასობით ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ ამას მოჰყვა სტამბოლის ქუჩებში აქციები, რომლის მონაწილეებიც მუსიკის ფონზე პროტესტის ნიშნად ცეკვავდნენ. შეზღუდვის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ის კორონავირუსთან კავშირში არაა და იდეოლოგიურია.
ხანძრები თურქეთში
რაც შეეხება მასშტაბურ ხანძრებს, თურქეთში ივლისსა და აგვისტოში ტყის ხანძრების ორასამდე კერა გაჩნდა. დაიწვა 1 600 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. ხანძრები 28 ივლისს ანტალიის პროვინციაში დაიწყო და დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია, რის გამოც მოსახლეობი ევაკუაციაც გახდა საჭირო. ხანძრებს ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლის გაჩენის მიზეზად მაღალი ტემპერატურა და გვალვა განიხილება. ხანძრის 140-ზე მეტი კერა გაჩნდა მეზობელ საბერძნეთშიც.
უთუბ არხის “უცხოს” შესახებ
იუთუბ არხი “უცხო” 2018 წლის პირველ აპრილს შეიქმნა. პირველი ვიდეო არხზე 2018 წლის 12 ივლისს აიტვირთა, სათაურით “როგორ ვებრძოლოთ გლობალიზაციას”. (Adderall) მას შემდეგ არხზე არაერთი კონსპირაციული ვიდეო დაიდო, მათ შორის არის კონსპირაცია, რომ მთვარეზე დაჯდომა გაყალბებულია, შეთქმულების თეორიები მასონების და ილუმინატების, კენედის მკვლელობის, ასევე 5G ტექნოლოგიის შესახებ. იუთუბერი ვიდეოებში ხშირად აჟღერებს ანტი-ლიბერალურ, ჰომოფობიურ, ანტი-ფემინისტურ მოსაზრებებს. ის ასევე წერს, რომ კონსერვატიული იდეების დევნის შემთხვევაში, “ქართველი ხალხი ფეხზე ადგება ისე როგორც არასდროს!”
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.