სოციალურ ქსელებში 4-6 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თურქეთიდან ბაქოში საქართველოს გავლით სამხედრო თვითმფრინავი IL-76 გადაადგილდებოდა. ზოგიერთი პოსტი ასევე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული თვითმფრინავს სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა. აღნიშნული ცნობების შემცველი პოსტები ძირითადად ფეისბუქზე და ტელეგრამზე, ინგლისურ, რუსულ და სომხურ ენებზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ცნობები, თითქოს საქართველოს საჰაერო გზით აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთის გადაზიდვა ხდება, მტკიცებულებების გარეშეა. IL-76TD აზერბაიჯანულ ავიახაზებს Silk way Airlines-ს ეკუთვნის, თუმცა ის სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავია.
რა ვიცით თვითმფრინავის მარშრუტზე და დანიშნულებაზე?
გავრცელებულ პოსტებში ვხვდებით flightradar24.com-იდან აღებულ ფოტოებს, რაც საჰაერო ტრეფიკს რეალურ დროში გვიჩვენებს. საიტზე შესაძლებელია უკვე დასრულებულ და დაგეგმილ ფრენებზე ინფორმაციის მოძიება. flightradar24-დან ამოღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ 4 და 6 ოტომბერს მართლაც განხორციელდა Ilyushin IL-76TD-ის ფრენა, რეგისტრაციის ნომრით 4K-AZ41, თუმცა არ არის განსაზღვრული გასვლისა და ჩაფრენის ლოკაციები. საიტი იტყობინება, რომ ამ რეისების მარშრუტის ნაწილის მონიტორინგი მათი დაფარვის არეალში არ მოქცეულა, შესაბამისად არ დასტურდება, რომ თვითმფრინავი ბაქოში ჩაფრინდა. ამასთან, როგორც რუკაზე ჩანს, თვითმფრინავის მარშრუტის ხაზი საქართველოს ტერიტორიაზე წყდება.
გარდა ამისა, IL-76TD ეკუთვნის აზერბაიჯანულ ავიახაზებს – Silk Way Airlines-ს, თუმცა ის არ არის სამხედრო თვითმფრინავი. შორი მოქმედების სატვირთო თვითმფრინავი IL-76TD არის მძიმე სამხედრო ტრანსპორტის IL-76MD-ის სამოქალაქო ვერსია. IL-76TD გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მძიმეწონიანი ტვირთის გადასატანად, თუმცა მას მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება აქვს.
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სახმელეთო და საჰაერო გზებით საქართველოს გავლით ხდება აზერბაიჯანში იარაღის შეტანა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოს შეჩერებული აქვს ორივე დაპირისპირებულ მხარის მიერ სამხედრო ტვირთების გადატანაზე ნებართვების გაცემა. ხოლო სამოქალაქო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. საქართველოდან კერძოდ ბორჯომიდან აზერბაიჯანში იარაღის გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს 2 ოქტომბერს სომხეთის საელჩოც გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა.