24 ივლისს გაზეთ “ახალი თაობის” ინლაინ ვერსიამ ინფორმაცია, სათაურით “ვეტექიმს მეუღლე დაეღუპა ვაქცინის მე-2 დოზის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში…” გამოაქვეყნა. მასალა მხოლოდ ფეისბუქ მომხმარებელ Ia Tulashvili-ის ერთ-ერთი პოსტს ეყრდნობა, სადაც ის ამტკიცებს, რომ მისი ვეტერინარის ახალგაზრდა მეუღლე კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილის არც სახელს და არც გარდაცვალების ადგილს არ აკოკრეტებს. “ახალი თაობის” სტატიაში მხოლოდ ია თულაშვილის პოსტის ტექსტია გადმოტანილი და ინფორმაცია სხვა წყაროსთან გადამოწმებული არ არის. ცნობა ვეტექიმის მეუღლის გარდაცვალებაზე გამოცემამ ფეისბუქ გვერდზეც გადააზიარა. ფეისბუქ პოსტის აღწერაშიც ია თულაშვილის ციტატაა მოყვანილი. თულაშვილმა მოგვიანებით პოსტი წაშალა და ამჟამად მის ფეისბუქ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია აღარ იძებნება.
ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთში “ვეტერინარის მეუღლის” დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობა მტკიცებულების გარეშეა. მასალაში არ არის მითითებული პირადი ინფორმაცია, რომელიც გარდაცვლილის, გარდაცვალების გეოგრაფიული არეალის ან მიზეზის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. იხილეთ სტატიები:
- დეზინფორმაცია, თითქოს პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინის მეორე დოზა იყო
- ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინით გარდაცვალების შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
- 49 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ოჯახის წევრი გულის შეტევას ასახელებს და არა ვაქცინას
- ანტივაქსერები 27 წლის ბიჭის ვაქცინით გარდაცვალებაზე ინფორმაციას მტკიცებულებების გარეშე ავრცელებენ
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.