ცდილობს თუ არა ცერნი ქვესკნელის კარის გახსნას და როლი აქვს მეცნიერებაში ინდუისტურ ღმერთ შივას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

3.9k
VIEWS

28 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა “სუვერენული სახელმწიფო” გამოაქვეყნა რუსულად გახმოვანებული ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, ცერნის კვლევითი ცენტრი საზოგადოებისგან ფარულად მისტიკასთანაა დაკავშირებული და ქვესკნელის კარების გახსნას აპირებს, რაც ასევე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ემთხვევა. ვიდეოში საუბარია ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს (CERN) კოლაიდერზე, რომლის საშუალებითაც ცერნი დედამიწის სიღრმეში ჩააღწევს და ახალ განზომილებას გახსნის. ვიდეოში ნახსენებია ისიც, რომ ცერნის თილისმას დესტრუქციის ინდუისტური ღმერთი შივა წარმოადგენს, ხოლო კვლევითი საბჭოს ლოგოზე სამი ექვსიანია გამოსახული.

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ბირთვული კვლევების ევროპული საბჭო დიდი ადრონული კოლაიდერის გამოყენებით ქვესკნელის კარიბჭის გახსნას გეგმავს, მცდარია. რეალურად ცერნი სტანდარტული მოდელის თეორიის შესწავლას და სამყაროს შექმნის მეცნიერული საფუძვლების გამოკვლევას ცდილობს. ცერნის ეზოში მდგარი შივას ქანდაკება არა ცერნის სიმბოლო, არამედ ინდოეთის სახელმწიფოს საჩუქარია, ხოლო სამი ექვსიანის ნაცვლად, ლოგო  ცერნის ნაწილაკების ამაჩქარებლებს განასახიერებს.

  • რისთვის გამოიყენება დიდი ადრონული კოლაიდერი?

ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს (CERN) მიერ აგებული დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) ჯერჯერობით მსოფლიოში ოდესმე შექმნილი ნაწილაკების ამაჩქარებელი უდიდესი მოწყობილობაა. მისი გამოყენებით ცერნი მიზნად მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში შემუშავებული სტანდარტული მოდელის თეორიის სრულულფასოვან გამოკვლევას  ისახავს.

სტანდარტული მოდელის თეორია ფუნდამენტურ ნაწილაკებს და მათ ურთიერთქმედებას აღწერს. თეორიამ ამ დრომდე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით ჩატარებული თითქმის ყველა ექსპერიმენტის შედეგი  წარმატებით ახსნა. თუმცა სტანდარტული მოდელის თეორია ზოგიერთ შეკითხვას პასუხს ვერ სცემს. მათ შორის ერთ-ერთი  ნაწილაკების მასის წარმოშობის საკითხია: ჯერ დაუზუსტებელია, რატომ არის ზოგიერთი ნაწილაკი უწონო, ზოგიერთი კი ძალიან მძიმე. ამისათვის საჭიროა ჰიგსის ბოზონის გამოკვლევა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჰიგსის  ბოზონის აღმოჩენა სწორედ ცერნის დიდი ადრონული კოლაიდერის დამსახურებაა.

დიდი ადრონული კოლაიდერის გამოყენებით მეცნიერები ცდილობენ, გამოიკვლიონ, როგორ შეიქმნა სამყარო და აღმოაჩნონ და შეისწავლონ ის ნაწილაკები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ. შეკითხვაზე, “აპირებს თუ არა ცერნი ახალი განზომილების კარის გახსნას?” – ცერნის ოფიციალური პასუხია “არა.” თუ კვლევის პროცესში LHC გარკვეული ნაწილაკების არსებობას აღმოაჩენს, ეს მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის “დიდი აფეთქების” თეორიის უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცერნი მისტიკურ განზომილებასთან დაკავშირებას ცდილობს.

სუვერენული სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნახსენებია, რომ დიდი ადრონული კოლაიდერი მასშტაბურ კვლევას 2015 წლის სექტემბერში დაიწყებდა და შესაბამისად,  ცერნის მიერ ქვესკნელის კარიბჭის გახსნა სწორედ ამ დროს მოხდებოდა. რეალურად 2015 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში კოლაიდერის მიერ კვლევის პროცესში შეჯახების ენერგიის  და რაოდენობის ზრდა მიმდინარეობდა, რა დროსაც შეიკრიბა დედამიწის სიღრმეში არსებული სხვადასხვა ნაწილაკის შესახებ ახალი მონაცემები, რომლებიც მეცნიერებმა ფუნდამენტური ფიზიკის შესწავლის პროცესში გამოიყენეს.

ქართულ სოციალურ ქსელში ცერნთან დაკავშირებით ყალბი მტკიცება ადრეც ვრცელდებოდა, დამატებით იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
ადრონული თერაპია – ბრძოლა კიბოს უჯრედებთან და არა გენური ინჟინერია


  • არის თუ არა ცერნის სიმბოლო “დესტრუქციის ღმერთი” შივა?

იმის დასადასტურებლად, რომ ცერნი მეცნიერების მისტიკასთან დაკავშირების გზით ქვესკნელის კარიბჭის გახსნას და სამყაროს განადგურებას აპირებს, ვიდეოს ავტორი ახსენებს, რომ ცერნის თილისმა ინდუისტური ტრიუმვირატის მესამე ღმერთი შივაა, რომლის მიზანი, რელიგიური სწავლების მიხედვით,  სამყაროს განადგურება და მისი თავიდან შექმნაა.  ვიდეოში ცერნის ეზოში მდგარი შივას ქანდაკება კოლაიდერის ფორმასთანაა შედარებული.

;
რეალურად ღმერთი შივა ცერნის სიმბოლოს არ წარმოადგენს და ის ინდოეთის მთავრობის საჩუქარია, ინდოეთი ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს (CERN) ერთ-ერთი ასოცირებული წევრი 1960-იან წლებში გახდა, სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად ქვეყნის მთავრობამ ცერნს საჩუქრად შივას ქანდაკება გაუგზავნა, ქანდაკებაში შივა Nataraj-ის ცეკვის დროსაა გამოსახული, რაც ცხოვრების ციკლს განასახიერებს.

  • რას ასახავს ცერნის ლოგო?

ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნახსენებია, რომ ცერნის ლოგო 666-ის სახეცვლილებას წარმოადგენს და ლოგოში ეს რიცხვი იმალება.

;
რეალურად ცერნის ლოგოსთან დაკავშირებული ეს კონსპირაციული მტკიცება წლებია ვრცელდება, ბირთვული კვლევების ევროპული საბჭოს თანამედროვე ლოგო 1968 წელს შეიქმნა.

;
ფოტო: ცერნის ძველი ლოგო

მას შემდეგ, რაც ძველი ლოგოს შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს და ახლის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა, 114 სავარაუდო ლოგოდან შეარჩიეს ის, რომელიც დღემდე გამოიყენება. რეალურად ლოგოში გამოყენებული ფორმები ცერნის ნაწილაკების ამაჩქარებლების გამარტივებულ ვერსიებს წარმოადგენს.

  • ვიდეოს ავტორის შესახებ

სუვერენული სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ვიდეო ინტერნეტში 2015 წლიდან იძებნება და მასში პასტორი ჯიმ სთეილი საუბრობს. სტეილი საუბარისას ახსენებს ცენრის კოლაიდერის 2015 წელს დაგეგმილ კვლევას და მას “ამ წლის”  მოვლენად იხსენიებს, შესაბამისად, ვიდეო 2015 წელსაა გადაღებული. სთეილი რელიგიურ გაერთიანება Passion For Truth-ს ხელმძღვანელობს. ის 2015 წელს თაღლითური გზით ხანდაზმული შემომწირველებისთვის 3.3 მილიონი დოლარის მოპარვის გამო დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. მან ციხე 2020 წლის 28 ივნისს დატოვა.

სთელის YouTube არხზე სხვადასხვა წლით დათარიღებული მისი მრავალი გამოსვლაა ატვირთული.

;

  • ახალი მსოფლიო წესრიგის შეთქმულების თეორიის შესახებ ყალბი მტკიცებები წლებია ვრცელდება

“სუვერენული სახელმწიფოს” მიერ ნახსენები ახალი მსოფლიო წესრიგი შეთქმულების თეორიაა, რომელიც სათავეს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს. ტერმინი თავდაპირველად პოლიტიკური იყო, ის პოლიტიკაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა. ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით დამატებით შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:
საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვეიცარია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist