ცდიან თუ არა ვაქცინებს “მესამე ქვეყნებზე” და რომელი ქვეყნები მონაწილეობენ COVID-19-ის ვაქცინაციაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დფსდფ
852
VIEWS

11 ივნისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში წამყვანმა ნინო რატიშვილმა და მოწვეულმა სტუმარმა, ჰომეოპატმა თინა თოფურიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ისაუბრეს. ნინო რატიშვილის მტკიცებით, ვაქცინაციის სამიტის არსებობა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ “მესამე ქვეყნებში” ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს და საქართველოში ექსპერიმენტების ჩაატარება დაიწყონ. ხოლო თოფურიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა ჯერ შავკანიანებზე მოხდება, შემდეგ კი ე.წ. მესამე კატეგორიის ქვეყნების თეთრკანიანებზე, სადაც საქართველოს და უკრაინასაც მოიაზრებიან.

ნინო რატიშვილი, “ობიექტივი”: ”..რაღაცა სამიტი ყოფილა ვაქცინაციის, ეს ნიშნავს, რომ ესეიგი ნებაყოფლობით კი არ იქნება, ემანდ როგორც მესამე ქვეყანას საერთოდ საყოველთაო და სავალდებულო არ გაგვიხადოს ეს ვაქცინაცია. ეს ვაქცინა რა არი ეხლა, ექსპერიმენტები არ მინდა არც ჩემზე, არც ჩემს ძმიშვილზე, არც დედაჩემზე, არც ჩემიანებზე, არც თქვენზე და ეს შიში, აი, მე ვიფქრობ, რომ ამისთვის გვამზადებენ, შიში, ისტერიკა, მეორე ტალღა, მეშვიდე ტალღა, ის რა ქვია, ეს ნიღაბი და ბოლოს იტყვი, რომ მოდი გამიკეთე და ოღონდ დამანებე თავი!“

თინა თოფურია, “ობიექტივის” სტუმარი: „იმ შავკანიანებზე [ვაქცინის] გამოცდის მერე, ძალიან მალე უნდა მოხდეს თეთრკანიანებზე, ესეთი ქვეყანა არი ორი, მესამე კატეგორიის, ჩვენ და უკრაინა და უკვე დიდი გამოცდილება აქვთ მათ, რომ ჩვენთან კარგად ხდება გამოცდა, პატარა ქვეყანა ვართ, ლოკალური, აწყობილი აქვთ ძალიან კარგად საქმე, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშვენივრად უძღვება ამ ყველაფერს, წამლების აპრობაციას თუ ვაქცინების და ამდენად, ეს მოხდება ჩვენთან, ამაში არის საშიშროება.“

ტვ ობიექტივის ეთერში გაჟღერებული ნარატივები COVID-19-ზე ვაქცინაციის იძულებით ხასიათზე, მანიპულაციურია და ემსახურება შიშის დათესვას, თითქოს ვაქცინის გამოცდის პროცესში, საქართველოს, როგორც პოლიგონს, ისე გამოიყენებენ და მოქალაქეებისთვის ამას ნებაყოფლობითი ხასიათი არ ექნება. რეალურად, COVID-19-ის ვაქცინის დატესტვის პროცესში მოხალისეები 102 ქვეყნიდან არიან ჩართულები, ხოლო გამოცდის პროცესში არსებული ვაქცინაციის სავალდებულო აცრის წესის შესახებ რეგულაცია არ არსებობს.

  • ვაქცინის გლობალურ სამიტს სავალდებულო ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს

4 ივნისს გაერთიანებული სამეფოს თავჯდომარეობით ჩატარდა ვაქცინის გლობალური ონლაინ სამიტი, რომელშიც მონაწილეობა 52-მა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომ. ნინო რატიშვილი აღნიშნულ სამიტს ხელოვნურად უკავშირებს სავალდებულო ვაქცინაციის თემას, რეალურად კი ამ საკითხზე სამიტის ფარგლებში საუბარი არ ყოფილა. სამიტი ეხებოდა არა მხოლოდ კონკრეტულად COVID-19-ის ვაქცინას, არამედ ვაქცინების ალიანს GAVI-სთვის დაფინანსების გამოყოფას, რომელიც გათვლილია ვაქცინაციის 5-წლიან პროგრამაზე და ითვალისწინებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან 300 მილიონამდე ბავშვის იმუნიზაციას ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა წითელა, დიფტერია და სხვა. გაერთიანებული სამეფო კვლავ რჩება GAVI-ს ყველაზე მსხვილ დონორად და მას წელიწადში 330 მილიონი ფუნტით დააფინანსებს. სხვა ასევე მსხვილი დონორების სიაში არიან ბილი და მელინდა გეიტსები, ნორვეგია, გერმანია და აშშ. წელს რვა ქვეყანამ, რომელთა შორის იყო ბუტანი, ბურკინა ფასო, კამერუნი, ფინეთი, საბერძნეთი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და უგანდა, პირველი დონაცია გააკეთა.

  • ვაქცინის გამოცდაში მონაწილეობა მოხალისეობრივია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს

უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოცდა ე.წ. მესამე ქვეყნებში მიმდინარეობს და სავალდებულო ხასიათს ატარებს. ამ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა კლინიკური ტესტირებას გადის და მასში 28 000-ზე მეტი მოხალისე 102 ქვეყნიდან არის ჩართული. მოხალისეების დარეგისტრირება აქტიურად მიმდინარეობს სწორედ განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითისთვის აშშ ამ ზაფხულისთვის 100 000-დან 150 000-მდე მოხალისის ტესტირებას გეგმავს და ვაქცინის გამოცდა ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებიდან დაიწყება.დედაქალაქი ვაშინგტონი, რომელსაც პანდემიის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია, ტესტირების ერთ-ერთი ლოკაცია იქნება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა მოხალისეობრივი და შესაბამისად ნებაყოფლობითია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ვაქცინის გამოცდა არა კონკრეტულ “მესამე” ქვეყნებში, არამედ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-ში, კანადასა, დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. კლინიკები ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტივით, მოხალისეს აცნობენ მოსალონდელი რისკების შესახებ, დროს აძლევენ მათ თავიანთი გადაწყვეტილების გადასახედად და მხოლოდ წერილობითი თანხმობის შემდეგ რთავენ ვაქცინების კვლევის პროცესში, ამასთანავე მათ შესაძლებლობა ეძლევათ კვლევა ნებისმიერ დროს დატოვონ. მოხალისეებს გარდა მოგზაურობის და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებისა, დამატებით ერიცხებათ ჰონორარი, რაც სხვადასხვა ქვეყნებში განსახვავებულ თანხას შეადგენს.

  • COVID-19-ზე სავალდებულო ვაქცინაციის რეგულაცია და პრაქტიკა არ არსებობს

ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც გამოცდის ყველა ეტაპი გაიარა, არ არსებობს, შესაბამისად მისი სავალდებულო ხასიათის შესახებ მტკიცებები ნაადრევია. ამ მხრივ, სხვადასხვა ქვეყანას შესაძლოა სხვადასხვა პრაქტიკა ჰქონდეს, მაგალითისთვის გაერთიანებულ სამეფოში ყველანაირი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, შესაბამისად არსებული რეგულაციის ფარგლებში არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა სავალდებულო იყოს. გარკვეულ ევროპულ ქვეყნებში ტარდება სავალდებულო იმუნიზაცია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი და ა.შ. თუმცა ამ ეტაპისთვის რიგ სახელმწიფოებს კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. კანადის და გერმანიის მთავრობის განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით ყალბი ამბები ვრცელდება, რეალურად კი მსგავსი რეგულაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, უცნობია მომავალში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ამჟამად ამ საკითხზე მთავრობის პირებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ COVID-19-ზე აცრა იქნება ნებაყოფლობითი.

COVID-19-ის შესახებ სხვა კონსპირაციებთან ერთად, სხვადასხვა აქტორების მიერ აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის შესახებ წინასწარი განწყობების შექმნა, თითქოს ის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. აღნიშნულ საკითხზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. შეთქმულების თეორიის ავტორებს შორის სასულიერო პირებიც არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ “ვაქცინა ეშმაკისეულია და მისი მიზანი ადამიანის დამორჩილებაა”. ასევე წყაროებს შორის იყო ფეისბუქ გვერდი “თავისუფალი სული”, რომლის პოსტსაც კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით 2 000-მდე გაზიარება ჰქონდა. აღნიშნული გვერდი ვაქცინაზე, რომელიც ჯერ არ შემუშავებულა, ამტკიცებდა, რომ ის მასების დამორჩილებასთან ერთად მამაკაცების იმპოტენციასა და უნაყოფობასაც გამოიწვევს.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist