მანიპულაცია, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა ამერიკამ დაბლოკა

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

321
VIEWS

26 თებერვალს ტელეკომპანია სეზონის ეთერში, გადაცემაში “დღის შეჯამება” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ჩინური ინვესტიციების გამო ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ-მა დაბლოკა:

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ჩვენ კარგად ვიცით, რომ, მაგალითად, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, პრემიერ-მინისტრი რომ იყო კვირიკაშვილი, მაშინ იგეგმებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობა სწორედ ჩინური ინვესტიციებით, ქარჩავა იყო ბიზნესმენი, რომელსაც სურდა შემოტანა ამ ჩინური ინვესტიციების, მაგრამ ეს დაიბლოკა, იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა ეს ყველაფერი.”

nikoloz mzhavanadze1 მანიპულაცია, თითქოს ანაკლიის პორტის მშენებლობა ამერიკამ დაბლოკა

მტკიცება, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება აშშ-მა დაბლოკა, მანიპულაციურია. აშშ აქტიურად უჭერდა მხარს პორტის მშენებლობას, ხოლო 2016 წელს ტენდერში გამარჯვებულ კონსორციუმში ამერიკული კომპანიები იყვნენ ჩართული. გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უჭერდნენ მხარს პორტის მშენებლობას, ხოლო შემდგომში საქართველოს ხელისუფლება პორტის მშენებლობის პროცესის დაბრკოლების გამო გააკრიტიკეს. მას შემდეგ, რაც კონსორციუმს საქართველოს ხელისუფლებამ კონტრაქტი შეუწყვიტა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ პროექტის მნიშვნელობაზე საუბარს, თუმცა ამავდროულად საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტში პარტნიორების შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინოს, უზრუნველყოს კონკურენცია და ისეთი კომპანია შეარჩიოს, რომელიც კანონების შესაბამისად იმოქმედებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის პირველი ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა, სადაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი დამფუძლებელი “თიბისი ჰოლდინგი” იყო და მასში ასევე შედიოდნენ შედიოდნენ ამერიკული კომპანიები, SSA Marine და „კონტი ჯგუფი“.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით კონტრაქტი საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის 9 იანვარს გაუწყვიტა, მანამდე ერთი წლით ადრე კი საქართველოს პროკურატურამ კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილოს, ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2019 წლის ბოლოს კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო ერთ-ერთმა პარტნიორმა ამერიკულმა კომპანიამ “კონტი ჯგუფმა”. 2020 წელს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” საქართველოს წინააღმდეგ საინვესტიციო საარბიტრაჟო დავა დაიწყო, რომლის შედეგი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გახდება ცნობილი.

2019 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია მთავარის ეთერში მამუკა ხაზარაძემ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაისხენა. მისი თქმით მაშინ ივანიშვილმა მას უთხრა “მოდი, შევეშვათ ანაკლიას. შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი… რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!” და რომ ის ფიქრობდა, რომ პროექტში ივესტორი სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყო. ამავე წლის ივლისში “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და პარლამენტარმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” თქვა, რომ მამუკა ხაზარაძის და ანაკლიის პროექტის მიმართ კრიტიკული და ნეგატიური განწყობა გამოჩნდა 2018 წელს “ქართული ოცნების” დეპუტატებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე, რომელსაც მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გასცა, თუმცა მალევე გააუქმა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ეს მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი იყო, რომელიც ხარვეზებით და შეუთანხმებლად იყო გაცემული. 2020 წელს, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ  ფოთის პორტის გაფართოებისთვის მიწათსარგებლობის პირველი ეტაპის ნებართვა ხელახლა გასცა.

ანაკლიის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. 2020 წლის 21 იანვარს ოთხმა კონგრესმენმა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილი მისწერა, რომელშიც ანაკლიის პროექტის პოლიტიზებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდნენ:

“”ქართული ოცნების” მხრიდან აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკურად მიზანში ამოღების აღქმამ ხელი შეუშალა ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკული კომპანიების ინვესტიციების ჩადებას. როგორც ჩანს, მოვლენების ეს განვითარება ასახავს მზარდად არასახარბიელო ბიზნეს გარემოს და შესაძლოა შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. ინვესტიციების შემცირება არა მხოლოდ დააზარალებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუცებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ ასევე გააძლიერებს ვლადიმირ პუტინის პოზიციას რეგიონში.” – ნათქვამი იყო წერილში, რომელსაც ხელს ადამ კინზინგერი, ელიოტ ენგელი, მაიკლ მაკკოლი და ჯერალდ კონოლი აწერდნენ.

ამავე პერიოდში სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორინმა და ასევე კონგრესმენებმა ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მალინმა აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მას საქართველოში ამერიკული ბიზნესების დაცვისა და ივანიშვილის რუსეთთან და ირანთან კავშირების გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. წერილში ნათქვამი იყო, რომ ანაკლიაში პორტის აშენება მიზნად ისახავდა საქართველოს რუსულ საპორტო ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულების შემცირებას, თუმცა 2019 წელს ამერიკულ კომპანია “კონტი ჯგუფს” კონსორციუმი დაატოვებინეს, რამაც პორტის პროექტი გააჩერა.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს ანაკლიის პორტზე საუბრისას არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ აშშ-ის სურვილია, პროექტის მშენებლობა დასრულდეს, თუმცა ამასთანავე ისინი იმედს გამოხატავდნენ, რომ საქართველო პროექტის პარტნიორების შერჩევისას სიფრთხილეს გამოიჩენდა.

2019 წლის ივნისში მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა:

მაიკ პომპეო, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი: “იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს და სხვა პროექტები გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და დაეხმარება საქართველოს არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად აჩვენებენ, თუმცა არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს”.

მოგვიანებით, აშშ-იწ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რაიკერმა თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობისაა:

ფილიპ რაიკერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში: „ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გავიმეორებ ზუსტად იმას, რაც გასულ ივნისში განაცხადა მაიკ პომპეომ მაშინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან ვიზიტისას: ეს არის მნიშვნელოვანი, საეტაპო, ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, ვაჭრობის მდიდარი ტრადიციის, გამომგონებლობის უნარისა და მისი ჭკვიანი და განათლებული მოსახლეობის გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება ასეთი პორტი, რომელიც მიიღებს სარგებელს ასეთი პორტისაგან…წარმატებული შეთანხმება, რომელშიც ჩართული იქნებიან ამერიკელი, საერთაშორისო ინვესტორები და საერთაშორისო საფინანსო ისტიტუტები, გაგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს ეკონომიკა და, საერთოდაც, დემოკრატია, ცოცხალია; გაგზავნის სიგნალს მათთან, ვინც ცდილობს, შეაჩეროს და რელსებიდან გადაიყვანოს საქართველოს პროგრესი და დასავლური ორიენტაცია…არსებობს კალენდარი ამ პროექტის განსახორციელებლად… ნუ გადადებთ ამას, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, გაუსვით ხაზი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ძლიერებას საქართველოში და ეს მესიჯი ყველასთვის ცხადი გახადეთ. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ ვიხილოთ პროგრესი ამ პროცესში, ისევე, როგორც იმედი გვაქვს, ვიხილოთ პროგრესი ყველა იმ ელემენტში, რაც აძლიერებს საქართველოს ჩართულობას და ხაზს უსვამს საქართველოს სურვილებს, მიჰყვეს დასავლურ ორიენტაციას და შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს“.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვებოდა და 51%-იანი წილი ექნებოდა. 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე 4 კომპანიიდან შემდეგ ეტაპზე ორი გადავიდა. ესენია შვეიცარულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები, თუმცა კონკრეტული სახელები კონფიდენციალურობაზე შეთანხმების გამო არ დასახელებულა. კომპანიებს პორტის მშენებლობაზე წინადადების წარდგენისათვის ვადა მიმდინარე წლის 20 მაისამდე აქვთ.

2023 წლის ოქტომბერში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სტრატეგიას ეთმობოდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა თქვა:

ჯეიმს ო’ბრაიენი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში: “ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მოიპარავენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ. ეს მოიცავს პორტებს, როგორიცაა ანაკლია. ამ ტენდერში ორი ფინალისტია…აქაა ერთობლივი სინგაპურული და ჩინური კონსორციუმი და დასავლური კონსორციუმი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ ძალიან დიდი სესხი გამოუყო დაწესებულებას ფოთის პორტში, რომელიც მუშაობს ნაყარ ტვირთზე. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოში სხვა დაწესებულებების განვითარებაზე, რათა მათ ბევრად დიდ ნაკადთან გამკლავება შეძლონ. ამის ნაწილია იმის უზრუნველყოფა, რომ იყოს კონკურენცია და ასევე ის, რომ ანაკლიას აკონტროლებდეს კომპანია, რომელიც ღია იქნება კანონთან შესაბამისად მუშაობისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამისაკენ მოწოდებას.”

ამავე წლის ნოემბერში საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის აირჩევს ანაკლიის პორტის განვითარების პროცესში თანამშრომლობისათვის, თუმცა მათ ურჩევს, რომ ამ არჩევანის გაკეთებისას პოტენციური მოკავშირის განზრახვები გაითვალისწინონ:

რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში: “ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება. ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, ზუსტად უნდა იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.”

დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ შეთანხმებაში საქართველოს მიერ ჩინეთის სუვერენიტეტის აღიარებას ჩინეთის მხრიდან საპასუხო მიდგომა არ მოჰყოლია და ამასთანავე ჩინეთი მეტად უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ტენდერში ასევე მონაწილეობდა “Anaklia Eco Park and Port და Power China კონსორციუმი”, რომლის ხელმძღვანელიც ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ ნახსენები ბიზნესმენი თემურ ქარჩავა იყო. ქარჩავა ბიზნესებს რუსეთში ფლობდა, სადაც 2004 წელს ქრთამის მიცემაში და უცხოური პასპორტის გაყალბებაში დაადანაშაულეს, ამ უკანასკნელი ბრალდების გამო კი პატიმრობაც მიუსაჯეს. 2009 წლიდან ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობდა, თუმცა 2012 წელს მას ანაკლიაში გადაცემული ქონება პროექტის შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა, ხოლო საინვესტიციო პირობების დარღვევის გამო ეკონომიკის სამინისტროსათვის 100 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ ქარჩავამ კიდევ ერთხელ გამოხატა ინტერესი ღრმაწყლოვანი პორტის აშენების თაობაზე. ის 2012 წელს ანაკლიაში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა და ირწმუნებოდა, რომ პროექტში ამერიკულ, ბრიტანულ და ჩინურ კომპანიებს ჩართავდა.

საგულისხმოა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ნეგატიური რეაქცია და მუქარა მოჰყვა რუსეთის მხრიდან, რომლის პროპაგანდა ცდილობდა იმის წარმოჩენას, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მხოლოდ აშშ-ის ინტერესებში შედიოდა. რუსი და კრემლის მხარდამჭერი ქართველი აქტორები პორტის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებშიი პროექტს “ნატოს პროვოკაციად” და “აშშ-ის სამხედრო ბაზად” წარმოაჩენდნენ, ხოლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტები ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სკეპტიციზმს ნერგავდნენ.

მიმდინარე წლის თებერვალში რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ანაკლიის პორტზე გადაცემაში “აი უცნობი” ისაუბრა და თქვა, რომ მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელაც ანაკლიაში პორტის აშენება არ სურს: რუსეთი და აშშ. 

ანაკლიის პორტის თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ ძველ პუბლიკაციებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, ჩინეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist