“თავისუფალ არხზე” COVID19-ის ტესტების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

153
VIEWS

2022 წლის 30 მარტს Facebook გვერდზე “TV თავისუფალი არხი – Free Channel” პირდაპირი ჩართვა ჰქონდა თინათინ გოცაძეს, რომელიც თავისუფალ არხზე ექიმის სტატუსით იყო მიწვეული.  Facebook ჩართვისას გოცაძემ ისაუბრა PCR ტესტების, კონკრეტული ბრენდების ჩხირებისა და ვაქცინაციის შესახებ. მისი განცხადების თანახმად, PCR ტესტების ჩხირების გამოყენებით, რომელზეც შესაძლოა მოთავსდეს მედიკამენტის ან ვაქცინაციის მატარებელი მიკრომოწყობილობა, “შეფარული” ვაქცინაცია მიმდინარეობს. მიკრომოწყობილობების ვაქცინაციის პროცესში გამოყენების მტკიცებულებად გოცაძემ ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტის სტატია მოიყვანა.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა ორი კონკრეტული ბრენდის, Flowflex და Ellume, თვითტესტის ჩხირებზე და აღნიშნა, რომ Flowflex ბავშვებში ეპილეფსიას იწვევს, ხოლო Ellume – ფაღარათს და გულისრევას, რის გამოც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ იგი ბაზრიდან მოხსნა. პირდაპირი ჩართვისას, გოცაძე ახსენებს იმასაც, რომ ვაქცინაციის პროცესი “საშიში ნემსის გარდა” შეიძლება მიმდინარეობდეს აბებისა და სატესტო ჩხირების გამოყენებით. 

Screenshot 2 3 “თავისუფალ არხზე” COVID19-ის ტესტების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

მტკიცება, თითქოს PCR ტესტებით ფარული ვაქცინაცია ხდება, ხოლო Flowflex და Ellume-ის ტესტის ჩხირები სხვადასხვა დაავადებას იწვევს სიმართლეს არ შეესაბამება. ჯონ ჰოპკინსის კვლევაში, რომელსაც გოცაძე მტკიცებულებად იყენებს, PCR ტესტებზე საუბარი საერთოდ არ არის. რაც შეეხება Flowflex და Ellume-ის თვითტესტებს, ისინი FDA-ს მიერ არის ავტორიზებული და დაზიანებებს არ იწვევს.

კოვიდ-ტესტი თუ ფარული ვაქცინაცია?

კორონავირუსის დიაგნოსტირების ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია PCR ტესტირება, რომლის დროსაც ცხვირიდან ან პირის ღრუდან ნაცხს სპეციალური ჩხირის გამოყენებით იღებენ. მტკიცება, რომ PCR ტესტირებისას ხდება ადამიანის ვაქცინაცია და რომ ამისთვის ტესტის ჩხირი გამოიყენება, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. გამოცემა USA Today-ს იელის უნივერსიტეტის მედიცინისა და ინფექციური დაავადებების ასოცირებული პროფესორი რიჩარდ მარტინელო გაესაუბრა. მისი თქმით, PCR ტესტირებისას გამოყენებული სპეციალური ჩხირები მშრალი და სტერილურია, რომლის შეფუთვის გახსნა უშუალოდ გამოყენებისას ხდება. ხოლო, თავად ჩხირებს აწარმოებს არაერთი სხვადასხვა კომპანია. შესაბამისად, ამ ჩხირებით ფარული ვაქცინაციის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

PCR ტესტის მეშვეობით ადამიანის ვაქცინაციის სპეკულაციის წყაროდ იქცა 2020 წელს ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პატრიკ სმიტის სტატია სახელწოდებით “ჯონ ჰოპკინის მკვლევრები მედიცინისთვის შთაგონებას პარაზიტების ფუნქციონირებისგან იღებენ”. სტატიაში საუბარია პატარა ფორმაცვალებად მოწყობილობებზე,  ე.წ. თერაგრიპერებზე (theragrippers), რომლითაც შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წამლის ეფექტურად მიწოდება. ჯონ ჰოპკინის მკვლევრებმა შეიმუშავეს სწორედ ეს პატარა ვარსკვლავის ფორმის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მიემაგროს ნაწლავის ლორწოვან გარსს და შემდეგ, წამალი ორგანიზმში გამოყოს. აღსანიშნავია, რომ სტატიაში ე.წ “თერაგრიპერები” PCR ტესტის კონტექსტში არ არის ნახსენები და ამ უკანასკნელთან არანაირ კავშირშია.  ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმოადგენელმა Politifact-თან განაცხადა, რომ სტატიაში აღწერილი ე.წ. “თერაგრიპერების” ორგანიზმში შეშვება ხდება ენდოსკოპის გამოყენებით, თუმცა ტექნოლოგია ჯერ კიდევ ლაბორატორიული ტესტირების პროცესშია და ადამიანებზე გამოყენების ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული. შესაბამისად, მტკიცება, რომ PCR ჩხირის გამოყენებით ორგანიზმში მიკრომოწყობილობები შეყავთ, მცდარია.

რაც შეეხება აბების გამოყენებას, რომელსაც გოცაძე ახსენებს, 2021 წლის 22 დეკემბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია მიანიჭა პირველ ორალურ COVID-19-ს საწინააღმდეგო მედიკამენტს მსუბუქი ან საშუალო სირთულის კორონავირუსის დაავადების სამკურნალოდ. ფაიზერის ფაქსლოვიდი (COVID-19 საწინააღმდეგო ორალური მედიკამენტი) რეცეპტით გაიცემა, ხოლო წამლის მიღება უნდა მოხდეს COVID-19-ს დადგენიდან რაც შეიძლება მალე, სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში. თუმცა, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, ასევე, აცხადებს, რომ იმ პირებისთვის, რომლებისთვისაც ვაქცინაცია ან/და ბუსტერ დოზა რეკომენდირებულია, ორალური წამალი ვერ ჩაანაცვლებს ვაქცინაციას. მეტიც, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საყოველთაო ჯანდაცვის პროფესორმა და გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლინა ვენმა განაცხადა, რომ წამალი არ ცვლის ვაქცინაციას, პირიქით, იგი ვაქცინასთან ერთად მუშაობს. 

აქვს თუ არა Flowflex-ის და Ellume-ს თვითტესტს უკუჩვენებები?

2020 წლის 15 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ  Ellume-ის COVID-19 თვითტესტს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა. PCR  ტესტის მსაგავსად Ellume-ის ტესტიც სპეციალური მოკლე ჩხირის მეშვეობით კეთდება. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რომ ხსენებული ტესტები ფაღარათს ან/და გულისრევას იწვევს. 2021 წლის 5 ოქტომბერს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ნამდვილად გამოითხოვა Ellume-ის ტესტები, თუმცა ამის მიზეზი ტესტის დადებითი შედეგის საეჭვოდ მაღალი მაჩვენებელი გახდა და არა ტესტთან დაკავშირებული უკუჩვენებები. ამასთანავე, FDA-მ გამოითხოვა არა ყველა, არამედ კონკრეტულ პერიოდში, 2021 წლის 24 თებერვლიდან 11 აგვისტომდე, წარმოებული ტესტები და 2021 წლის 16 ნოემბერს განახლებული ინფორმაციის მიხედვით, მათ 35 ცრუ დადებითი შემთხვევა დააფიქსირეს.

ACON Flowflex თვითტესტს, ასევე, მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია და როგორც FDA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში ვკითხულობთ, ჯამრთელობასთან დაკავშირებული გაფრთხილებები ეხება არა სპეციალურ ჩხირს, რომლითაც ხდება ცხვირიდან ნაცხის აღება, არამედ რეაგენტის ხსნარს, რომელშიც, ნაცხის აღების შემდეგ, ჩხირი თავსდება. არც ერთ სანდო წყაროში არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტესტები შესაძლოა ეპილეფსიას იწვევდეს და ეჭვები ამის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან ხსნარი, დანიშნულების მიხედვით, არ ეხება ადამიანის სხეულის არც ერთ ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდა  ACON Flowflex COVID-19 ტესტის მსგავსი სახელისა და ვიზუალის მქონე თვითტესტები, რომელსაც არ აქვს  FDA-ს ავტორიზაცია. 2022 წლის 1 მარტს FDA-მ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოუწოდებდა მოსახლეობას არ გამოეყენებინა  ACON Biotech Flowflex SARS-CoV-2 Antigen თვითესტი, რომლის შეფუთვასაც ლურჯი შეფერილობა აქვს. ადმინისტრაციას არ მიუღია ცნობები ხსენებული თვითტესტის მიერ გამოწვეული უკუჩვენებების, ჭრილობების ან/და სიკვდილის შესახებ, თუმცა მაინც მოუწოდებს მოსახლეობას არ მოიხმარონ ეს თვითტესტი, რადგან ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში თინათინ გოცაძე სწორედ ამ არ ავტორიზებული ლურჯი შეფუთვის თვითტესტის სურათს იყენებს როგორც მტკიცებულებას. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist