2023 წლის 11 მარტს, ინტერნეტგამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “მსოფლიოს მართავენ ბავშვები, ვინ მართავს ბავშვებს?” სტატიაში საუბარია ე.წ “დასავლურ ბავშვოცენტრიზმზე”, რაც გულისხმობს საზოგადოებისთვის შთაგონებას, რომ მათ არსებობაში მთავარი არიან ბავშვები, ამის შედეგად კი, ბავშვების გახრწნით “20-30 წლის შემდეგ ზომბირებული არსებების სახელმწიფოს” მიღებას. ამ ყოველივეს დასადასტურებლად სტატიაში რამდენიმე მტკიცებაა მოყვანილი, რომელთა მიხედვითაც:
- ევროკომისიამ ოფიციალურად აკრძალა სიტყვა „შობისა“ და სანტა-კლაუსის ხსენება;
- აშშ-ში “ბავშვებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, მშობლების ნებართვის გარეშე, ჩაიტარონ სქესის შეცვლის ოპერაცია;
- აშშ-ის სკოლებში მოძრაობა „ფურის“ (ბეწვით დაფარული) მიმდევარ ბავშვებს შეუძლიათ ცხოველების კოსტუმებში გამოწყობილებმა იარონ და მათსავით მოისაქმონ.
“საქართველო და მსოფლიოს” მასალა რუსული გაცემა Свободная Пресса-ს სმოტატიის თარგმანს წარმოადგენს. სტატია სხვა რუსულ საიტებზეც გვხვდება (1, 2).
სტატიაში მოყვანილი ფაქტები 3 დეზინფორმაციას შეიცავს: 1) ევროკავშირში სიტყვა “შობა” და “სანტა-კლაუსი” აკრძალული არ არის; 2) მტკიცება, თითქოს აშშ-ის სკოლებში ბავშვები ცხოველების მოსასაქმებელ ყუთებს იყენებენ, ურბანული მითია; 3) აშშ-ში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება მშობლის ნებართვის გარეშე არ დაიშვება.
-
ევროკომისიას არ აუკრძალავს სიტყვა “შობისა” და სანტა კლაუსის ხსენება
2021 წლის ოქტომბერში, თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა, ელენა დალიმ წარადგინა 30 გვერდიანი გზამკვლევი ინკლუზიური კომუნიკაციის შესახებ. გზამკვლევი რეკომენდაციული ხასიათის გახლდათ, რაც სიტყვების გამოყენების აკრძალვას არ გულისხმობდა. დოკუმენტის ნაწილი, რომელმაც ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია სწორედ შობის დღესასწაულს შეეხებოდა – დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენელთათვის ანგარიშის გასაწევად, სიტყვა “საშობაო არდადეგების” ნაცვლად მხოლოდ “არდადეგების” გამოყენება იყო მიზანშეწონილი. თუმცა, ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, ევროკომისარმა ის უკანვე გაიწვია და განაცხადა, რომ არსებული შენიშვნების გათვალისწინებით, დოკუმენტის განახლებულ ვერსიაზე იმუშავებს.
-
სიცრუეა, თითქოს აშშ-ის სკოლებში ბავშვებს შეუძლიათ ცხოველების კოსტუმებში გამოწყობილებმა იარონ და მათსავით მოისაქმონ
ინფორმაცია, თითქოს შეერთებული შტატების სკოლებში ბავშვები ცხოველების “მოსასაქმებელ ყუთებს” იყენებენ დიდი ხნის წინ გავრცელებული ხუმრობის ნაწილია, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. რთული სათქმელია, კონკრეტულად ვინ იყო ამ ხუმრობის პირველწყარო, თუმცა 2021 წლის დეკემბერში, მიჩიგანის საჯარო სკოლის საბჭოს შეხვედრაზე ეს ჭორი ერთ-ერთმა დამსწრემაც გააჟღერა. ის მალევე უარყო სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მიჩიგანის რესპუბლიკური პარტიის ლიდერის – მეშონ მედოკისთვის, რომ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გაეზიარებინა. მას შემდეგ, “მოსასაქმებელი ყუთების” საკითხი დროდადრო ისევ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და მიუხედავად ცალკეული სკოლების მიერ ფაქტის უარყოფისა, ხშირად ხდება რესპუბლიკელი პოლიტიკოსების მხრიდან განხილვის საგანი. სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი ჭორების უარყოფა ისედაც გადატვირთული პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და აზიანებს სასწავლო პროცესს.
-
აშშ-ში არასრულწლოვნებს მშობლების ნებართვის გარეშე სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება არ შეუძლიათ
დეზინფორმაცია, რომ აშშ-ში ბავშვებს სქესის შეცვლა მშობლების თანხმობის გარეშე შეუძლიათ 2022 წელს საკმაოდ ფართოდ ვრცელდებოდა თავად შეერთებულ შტატებშიც. საკითხი შეეხებოდა კალიფორნიის შტატის მიერ მიღებულ კანონს – Senate Bill 107. სინამდვილეში, ამ კანონის მიხედვით, ოჯახებს შეეძლოთ სხვა შტატებიდან (სადაც სქესის შეცვლის პროცედურაზე სამართლებრი ბარიერებია დაწესებული) კალიფორნიაში გადასვლა ამ პროცედურის ლეგალურად განხორციელება, თუმცა ეს ბავშვებისთვის მშობლის ნებართვის გარეშე სქესის შეცვლის ოპერაციებს არ მოიაზრებდა და არ ცვლიდა არცერთ კანონს ან პოლიტიკას, რომელიც კალიფორნიაში ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ თანხმობას ეხება.
კალიფორნიის შტატში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ძირითადად ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობის, მათ შორის გენდერის დასადასტურებელი სერვისების მისაღებად, მშობლების ან მეურვის ნებართვა სჭირდებათ.
დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკაში სქესის შეცვლის ოპერაციები მშობლის თანხმობის გარეშე ტარდება, ადრეც ვრცელდებოდა:
კონკურსის “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა” გამარჯვებული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.