სთხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოს დეპორტირებული მესხების დაბრუნებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

129
VIEWS

2023 წლის 15 მარტს ალტ-ინფოს ალტ-ანალიტიკის ეთერში წამყვანმა და პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავჯდომარე გიორგი ქარდავამ შეკითხვას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს ე. წ. თურქი მესხების დაბრუნებას აიძულებს, უპასუხა, რომ ამაზე პასუხისმგებელი არა საქართველო, არამედ საბჭოთა კავშირი იყო და რომ წინააღმდეგია ისეთი ევროკავშირის, რომელიც საქართველოს მესხების და სხვების დაბრუნებას დაავალდებულებს და შედეგად დემოგრაფიულ სურათს შეცვლის.

Screenshot 1 7 სთხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოს დეპორტირებული მესხების დაბრუნებას?

გიორგი ქარდავა: “ჯერ ერთი, თურქი მესხების გადასახლებაში ქართულ სახელმწიფოს არანაირი წვლილი არ შეუტანია… საბჭოთა კავშირის დროს მოხდა. მაგ ლოგიკით საქართველოს ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან, აჭარიდან… რუსეთის იმპერიის დროს, 150 წლის წინ ოსმალეთის იმპერიიდან გადაასახლეს უამრავი ადამიანი… მაგ ლოგიკით ისინიც უნდა დავაბრუნოთ ყველანი და ნუ ეგ საერთოდ დემოგრაფიულ სურათს შეცვლის ქვეყანაში. თუ ამას გვთხოვს ევროკავშირი, მითუმეტეს არ გვინდა ევროკავშირი.”

გიორგი ქარდავას განცხადება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს მესხების დაბრუნებას აიძულებს, რეალობას არ შეესაბამება. ევროკავშირი საქართველოსგან არანაირი ჯგუფის რეპატრიაციას არ ითხოვს. რაც შეეხება მესხების საკითხს, საქართველომ ეს ვალდებულება 1999 წელს არა ევროკავშირთან არამედ ევროსაბჭოსთან იკისრა და ვალდებულების ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილებულია. 

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსგან არანაირი ჯგუფის რეპატრიაციას არ მოითხოვს. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარნომადგენლობამ “მითების დეტექტორს” განუცხადა, ევროკავშირი საქართველოს (ასევე წევრი ან კანდიდატი სახელმწიფოების) საკითხებში თუ ვის მიანიჭოს მოქალაქეობა და ბინადრობა, არ ერევა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: “ევროკავშირი არ მოითხოვს მისი წევრი ქვეყნებისგან, კანდიდატი ქვეყნისგან ან პოტენციური კანდიდატი ქვეყნისგან, რომ დაუშვას ან აკრძალოს მის ტერიტორიაზე შესვლა და / ან ბინადრობა პირთა რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის.”

მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 2010 წელს დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებამ მესხთა საკითხის გადასაწყვეტად შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ადმინისტრაციული პროცედურები შექმნა, რომლითაც მრავალ მსურველს რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა. მესხთა რეპატრიაციის საკითხი არც ასოცირების ხელშეკრულებაშია ნახსენები.

Screenshot 2 5 სთხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოს დეპორტირებული მესხების დაბრუნებას?
მესხები ფერგანის ხეობაში, 1989 წ. (ფოტო: ალექსანდრე ბეგიაშვილი)

ორგანიზაცია რომლის წინაშეც საქართველომ მესხთა რეპატრიაციის ვალდებულება აიღო არა ევროკავშირი, არამედ ევროსაბჭო იყო, რომლის წევრიც საქართველო 1999 წლის 27 აპრილს გახდა. საქართველოს იმ პერიოდში მიეცა 12-წლიანი ვადა, რათა ვალდებულება შესრულებულიყო. აღსანიშნავია, რომ მესხების საქართველოში რეპატრიაციის პროცესი ევროსაბჭოში აღებულ ვალდებულებამდეც მიმდინარეობდა.

ევროსაბჭოსთან აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი სახელმწიფოს უკვე შესრულებული აქვს. “მითების დეტექტორთან” საუბარში მიგრაციის სამართლის ექსპერტმა ირაკლი კოკაიამ, რომელიც მესხების საკითხზე მუშაობდა, განაცხადა, რომ საქართველომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შეასრულა, ბოლო რეკომენდაცია კი მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას ითვალისწინებდა და მასში არ ვხვდებოდით მითითებას სხვა დარჩენილი ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან ასეთი შეუსრულებელი ვალდებულებები აღარ არსებობდა.  აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ რეპატრიაციის პროცესის შეფასება ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ირაკლი კოკაიას ინფორმაციით, რეპატრიაციის პერიოდში საქართველოს დაახლოებით 5841 სრულწლოვანმა მიმართა, ჯამში კი არასრულწლოვნებთან ერთად მიმართვის რაოდენობა 9000-მდე იყო. ამ რაოდენობიდან 2000-მდე ადამიანს რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა, დაახლოებით 500-600 ადამიანს კი პირობა დადებული მოქალაქეობა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის სოციალური სამართლიანობის ცენტრის აზრით, მიმართვის მცირე რაოდენობა ხელისუფლების მიერ შექმნილი რთული პროცედურით იყო გამოწვეული, რაც ბევრ მესხს პრობლემას უქმნიდა მოეთხოვა საქართველოში შესაბამისი სტატუსი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი: “პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მიეწოდებინა მესხებისთვის ინფორმაცია სამართლებრივი პროცედურების და საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობების შესახებ; კანონით დადგენილი პროცედურები, მათ შორის საბუთების წარმოდგენა ქართულ ან ინგლისურ ენაზე ასევე ართულებს რუსულ ან თურქულ ენოვანი ადამიანებისთვის ამ პროცესში მონაწილეობას; თავად ცენტრალურ აზიაშიც ბევრი ადგილობრივი ორგანიზაცია არ უჭერს მხარს მესხების საქართველოში დაბრუნებას, რაც ინფორმაციის გავრცელების პრობლემას ამძაფრებს.”

საბჭოთა კავშირმა მესხების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 1923 წელს დაიწყო, როდესაც ეთნიკურად ქართველი მესხები ,,აზერბაიჯანლებად“ ჩაწერეს და მათ ქართული გვარები აზერბაიჯანულად გადაუკეთეს. 1944 წელს 150 ათასამდე მუსლიმი მესხი იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე შუა აზიაში გადაასახლეს. გადასახლების პროცესში 15 000-მდე ადამიანი დაიღუპა. 

აღსანიშნავია, რომ დეპორტირებული მესხების ეთნიკური წარმომავლობა დავის საგანია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ტომი ეთნიკურად ქართველი იყო და ოსმალეთის იმპერიის ექსპანსიის პერიოდში თურქიზაცია განიცადა. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მესხები ეთნიკურად თურქები იყვნენ და მათზე ქართული გავლენა ვრცელდებოდა. დღეს, მესხების ნაწილი თავს ქართველად, ნაწილი კი თურქად მიიჩნევს, ხოლო ნაწილს გამოკვეთილი ეთნიკური იდენტობა არ აქვს.

დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის ვალდებულებამ საკანონმდებლო რეგულაციის სახე  2007 წელს “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ” კანონით მიიღო. კანონში აღნიშნულია, რომ დადგენილი რეპატრიაციის სისტემა “ისტორიული სამართლიანობის აღდგენას” ეფუძნება. 

მითები მესხების შესახებ და მათი საკითხით მანიპულირება ქართულ პროკრემლისტურ მედიაში ხშირია. იხილეთ მითების დეტექტორის წარსულში გამოქვეყნებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist