სტალინსა და წმინდა გიორგიზე მიტროპოლიტი იობის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

7.9k
VIEWS

14-16 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2) მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ფოტო, რომელზეც ციტატაა დატანილი: “გავიგეთ, რომ სტალინი დიქტატორი იყო და ხალხს კლავდა. ეგრე რო მივყვეთ, წმინდა გიორგიც აწამებდა ხალხს და თავებს კვეთდა ყველას, მაშინ წმინდა გიორგის ხატზეც აღარ ვილოცოთ და აღარც ვემთხვიოთ ესე გამოდის”.

meuphe iobis gaqhalbebuli tsitata სტალინსა და წმინდა გიორგიზე მიტროპოლიტი იობის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში სტალინსა და წმინდა გიორგისთან დაკავშირებით მეუფე იობის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. მსგავსი შინაარსის განცხადება მიტროპოლიტს არ გაუკეთებია, ინფორმაცია “მითების დეტექტორს” ეპარქიაშიც დაუდასტურეს.  

ფეისბუქ-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ციტატა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტს არ ეკუთვნის. “მითების დეტექტორი” ეპარქიას დაუკავშირდა, არქიმანდრიტი ბასილის განმარტებით, მსგავსი შინაარსის განცხადება მეუფე იობს არასოდეს გაუკეთებია. 

 მეუფე იობმა ქადაგებისას მატრონა მოსკოველის ხატსა და მასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ (არქივი) ქადაგების მონაკვეთში ვისმენთ, რომ ის წმინდა გიორგის ხატზე გამოსახულ დიოკლიტიანეზე საუბრობს და ამბობს, რომ მან მრავალი ადამიანი აწამა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ მიზეზით წმინდა გიორგის ხატს არ უნდა ვემთხვიოთ. 

“ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, თითქოსდა იქ სტალინი არის გამოსახული, მაგრამ სტალინს არ აქვს შარავანდედი, ასეთი ფრესკებშიც არის, როდესაც შარავანდედი არ აქვთ, უბრალოდ მონაწილეები არიან სცენის, ამ ვითარების. წმინდა გიორგის ხატზე დიოკლიტიანე არის განგმირული ლახვრით და ახლა აღარ უნდა ვემთხვიოთ წმინდა გიორგის დიოკლიტიანეს გამო, რომელმაც მრავალი ადამიანი და მრავალი ქრისტიანი აწამა. მათ არ ესმით ამის მნიშვნელობა, ასეთი მდგომარეობაა და ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ გონს მოვიდეს ეს ხალხი, მაგრამ როცა მიზანმიმართულად, შეგნებულად აკეთებს ამას, ეს უკვე ღვთისადმი მტრობა არის”. – ამბობს ის.  

2024 წლის 6 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინია გამოსახული. ხატი დაწერილია მითის მიხედვით, თითქოს 1941 წელს, მას შემდეგ, რაც ადოლფ ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, სტალინი მატრონას ეწვია და რჩევა ჰკითხა. წმინდანმა მას მოსკოვში დარჩენა და ქალაქის გარშემო ღვთისმშობლის ხატის შემოტარება ურჩია. რეალურად, მტკიცება, რომ სტალინი მატრონას შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება, ამბავი მხოლოდ ლეგენდაა და ისტორიულად არ დასტურდება. პროტესტის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხატის შემომწირველებს (პატრიოტთა ალიანსის წევრებს), შეხვედრაზე არასაკმარიის მტკიცებულებების გამო ხატში ცვლილებები შეეტანათ, ან ამას თვითონ გააკეთებდნენ. ხატისა და ლეგენდის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში:  

არქივი (1;2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist