სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ რობერტ მელოუნის დაუსაბუთებელი და მცდარი მტკიცებები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.4k
VIEWS

2021 წლის 16 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა გაბრიელ მიქელაძემია მერაბიშვილმა და ლაშა მენთეშაშვილმა იდენტური შინაარსის პოსტები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ნათქვამია, რომ რნმ ვაქცინების ტექნოლოგიის გამომგონებელი რობერტ მელოუნი კორონავირუსის წინააღმდეგ ჯანმრთელი ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია. პოსტების მიხედვით, რობერტ მელოუნმა ერთ-ერთ ინერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსის რნმ ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ბავშვის უჯრედებში იწყება ტოქსიკური სპაიკ ცილების გამომუშავება, რომლებიც ბავშვის ტვინს, ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემებს და იმუნიტეტს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. მელოუნის თქმით,  რნმ ტექნოლოგია სათანადოდ არ არის გამოცდილი და ახალი რნმ ვაქცინის კვლევას მინიმუმ 5 წელი სჭირდება, ამდენად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ექსპერიმენტულია. რობერტ მელოუნი იდენტურ მტკიცებებს აჟღერებს ვიდეომიმართვაშიც, რომლის ქართული თარგმანი Youtube პორტალზე 23 დეკემბერს გამოჩნდა და სოციალურ ქსელში აქტიურად ზიარდება.

1

2

19 და 20 დეკემბერს რობერტ მელოუნის ინტერვიუები გააზიარეს ანტივაქსერმა ჰომეოპათმა თინა თოფურიამ და ფეისბუქ მომხმარებელმა ლილუ ლილუმ. თინა თოფურიას მიერ გაზიარებულ ინტერვიუში ნათქვამია, რომ რნმ ვაქცინებით ორგანიზმში წარმოქმნილი სპაიკ ცილა ადამიანის ტვინამდე აღწევს და ორგანიზმისთვის სახიფათოა, რის შესახებაც ვაქცინის შემქმნელებმა და ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომაც იცოდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ვაქცინების წარმოებაში ეს ტექნოლოგია მაინც გამოიყენეს. როგორ გადაცემის მონაწილეები აღნიშნავენ, კორონავირუსის ვაქცინების მძიმე და გვიანი გვერდითი მოვლენები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამასთანავე, ვიდეოში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ვაქცინებით ბრიტანეთში 5000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. რაც შეეხება ლილუ ლილუს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, ვიდეოში მელოუნი ამბობს, რომ ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით არც ბავშვების და არც რისკჯგუფების ვაქცინაციის მიზანშეწონილობა არ დასტურდება.

3

რნმ ვაქცინების შექმნას საფუძვლად არა მელოუნის, არამედ უნგრელი მეცნიერის, კატალინ კარიკოს შრომები უდევს. დეზინფორმაციაა, თითქოს სპაიკ ცილა ტოქსიკურია და ბავშვების სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოში გამოუსწორებელ ზიანს იწვევს. აღნიშნული მტკიცება არცერთი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება. კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობას მძიმე ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის წინააღმდეგ არაერთი კვლევა ადასტურებს და მტკიცება, თითქოს რისკჯგუფების ვაქცინაციას აზრი არ აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად 5000 ადამიანის გარდაიცვალების შესახებ შეცდომაში შემყვანია.

  1. კორონავირუსის რნმ ვაქცინები რობერტ მელოუნის მიერ გამოგონებულ ტექნოლოგიას არ ეფუძნება.

რობერტ მელოუნმა პოპულარობა 2021 წლის ზაფხულში ანტივაქსერულ წრეებში მას შემდეგ მოიპოვა, რაც საზოგადოებას თავი რნმ ვაქცინების ტექნოლოგიის გამომგონებლად გააცნო და სპაიკ ცილის ტოქსიკურობის და ვაქცინების საფრთხის შესახებ პირველი განცხადებები გააკეთა. რეალურად, რობერტ მელოუნი მართლაც ერთ-ერთია იმ მრავალი მეცნიერიდან, რომლებიც 1990-იან წლებში ვაქცინებში რნმ ტექნოლოგიის დანერგვისთვის მუშაობდნენ, თუმცა ის კორონავირუსის ვაქცინების დამზადებისას გამოყენებული მექანიზმის გამომგონებელი არ არის. რეალურად, კორონავირუსის რნმ ვაქცინებში გამოყენებული ტექნოლოგიის უკან არაერთი მეცნიერის, ინსტიტუტისა და კვლევითი ცენტრის ათობით წლის განმავლობაში დაგორვებული ცოდნა დგას. მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები ჟაკ მონოდი და ფრანსუა ჯეიკობი. თერაპიული მიზნებისთვის ამ ტექნიკის გამოყენება პირველად უნგრელმა მეცნიერმა კატალინ კარიკომ დაიწყო და სწორედ მისმა მარავალწლიანმა მუშაობამ ჩაუყარა საფუძველი დღევანდელ კორონავირუსის საწინააღმდეგო რნმ ვაქცინებს.

მელოუნისა და რნმ ტექნოლოგიის გამოგონების შესახებ შესახებ იხილეთ:

ვინ არის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი და განაცხადა თუ არა მან, რომ ვაქცინები მავნებელია?

  1. მტკიცება, თითქოს სპაიკ ცილა ტოქსიკურია და ბავშვების სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოში გამოუსწორებელ ზიანს იწვევს, აქამდე ხელმისაწვდომი არცერთი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება.

დეზინფორმაცია, თითქოს რნმ ვაქცინების შედეგად სინთეზირებული სპაიკ ცილა ტოქსიკურია და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, ადრეც ვრცელდებოდა. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ით ინფიცირებისას ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსული სპაიკ ცილა შეიძლება ტოქსიკური აღმოჩნდეს და სხვადასხვა ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს, თუმცა აღნიშნულ კვლევებს ანტივაქსერულ წრეებში დეზინფორმაციულად ავრცელებენ რნმ ვაქცინებზე. რეალურად, რნმ ვაქცინის მიღების შემდეგ ორგანიზმში წარმოქმნილი სპაიკ ცილის ქცევა ვირუსული სპაიკ ცილისგან, რომელიც ინფიცირებულის ორგანიზმში გვხვდება, განსხვავდება. ვაქცინაციის შედეგად წარმოქმილი სპაიკ ცილა ორგანიზმში თავისუფლად არ გადაადგილდება. აცრა მკლავის კუნთში კეთდება, სადაც კუნთოვან უჯრედებს რნმ მესენჯერული ვაქცინით ინსტრუქცია ეძლევა, რომ სპაიკ ცილა გამოიმუშავონ. სპაიკ ცილის უმეტესი ნაწილი იმავე ადგილას რჩება, სადაც აცრა გაკეთდა, ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს.  სპაიკ ცილისა და რნმ ტექნოლოგიის შესახებ ვრცლად იხილეთ:

ვიდეომიმართვებსა და ინტერვიუებში აღნიშნული მტკიცებების დამადასტურებელი კვლევები არც რობერტ მელოუნს მოჰყავს. ტოქსიკური სპაიკ ცილების წარმოქმნა კორონავირუსის ვაქცინების პედიატრიულ კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკენტინგულ პერიოდში მიმდინარე დაკვირვების დროსაც არ დაფიქსირებულა. ბავშვებში კორონავირუსის ვაქცინების გვერდითი მოვლენები უფროსი ასაკის ჯგუფებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისგან არსებითად არ განსხვავდება და  ვაქცინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო სიმწვავისაა და ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ქრება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

თოფურია ვაქცინებით ბავშვების სიკვდილიანობის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

  1. კორონავირუსის ვაქცინების ეფექტიანობას მძიმე ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის წინააღმდეგ არაერთი კვლევა ადასტურებს. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის ეფექტიანობის, მათ შორის კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ მოქმედების, შესახებ “მითების დეტექტორმა” ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე არაერთი სტატია მოამზადა. მართალია,  ვირუსისგან 100%-ით დაცვას დღეისათვის ავტორიზებული არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს, თუმცა ვაქცინა დაავადების შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების და გარდაცვალების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ “ომიკრონ” ვარიანტს,  ამ ეტაპზე აღნიშნული შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი მონაცემები ცნობილი არ არის.

  1. მელოუნის მტკიცება, თითქოს რნმ ტექნოლოგია სათანადოდ გამოცდილი არ არის და კორონავირუსის ვაქცინები მასობრივი ექსპერიმენტია, დეზინფორმაციაა.

კორონავირუსის ამჟამად ავტორიზებულმა ვაქცინებმა ცხოველებზე და ადამიანებზე გამოცდის ყველა ეტაპი სრულად გაიარეს. მტკიცება, თითქოს ვაქცინები სათანადოდ გამოცდილი არ არის და ექსპერიმენტი უშუალოდ მოსახლეობაზე ტარდება, მითია, რომელიც ჯერ კიდევ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე ანტივაქსერულ წრეებში აქტიურად ვრცელდებოდა. კორონავირუსის ვაქცინების გამოცდის ეტაპებისა და კლინიკური კვლევების შესახებ ვრცლად იხილეთ:

  1. ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად 5000 ადამიანის გარდაიცვალების შესახებ შეცდომაში შემყვანია.

თინა თოფურიას მიერ გაზიარებულ ვიდეოში, რომელშიც რობერტ მელოუნთან ერთად გადაცემაში მოწვეული სხვა სტუმრები საუბრობენ, ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის შედეგად 5 000-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო აღნიშნული მონაცემების წყაროდ ე.წ. “ყვითელი ბარათების” სისტემას ასახელებენ. რეალურად, გაერთიანებული სამეფოს “ყვითელი ბარათის” სისტემაში ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, დაფიქსირებული შეტყობინებები კი, შესაძლოა, ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას ასახავდეს, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ იჩენს თავს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს პრობლემა ვაქცინით გამოწვეული. “ყვითელი ბარათების” სისტემის მონაცემები, ისევე როგორც ამერიკული VAERS-ში ასახული ციფრები, შემდგომ გადამოწმებას და ვერიფიკაციას საჭიროებს. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

როგორ მუშაობს ბრიტანეთში “ყვითელი ბარათის” სისტემა და რამდენად სანდოა ვაქცინაციაზე გავრცელებული სტატისტიკა?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist