სალომე ზურაბიშვილის და პირველი რესპუბლიკის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

93
VIEWS

31 მაისს სეზონი TV-ს გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტიკურმა მდივანმა, თემურ ფიფიამ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ”ფაქტიურად, ძალადობრივი გადატრიალებისკენ” მოუწოდა, რის გამოც ის შესაბამის ორგანოებში უნდა დაიკითხოს. მისივე სიტყვებით, ზურაბიშვილი არის ნოე ჟორდანიას მთავრობის შთამომავალი, “რომელიც გაიქცა საქართველოდან თავის დროზე, 250 ყუთი განძი გაიტანა აქედან, საიდანაც სადღაც 50-მდე არის დაბრუნებული და ისიც სტალინის დამსახურებით”.  

თემურ ფიფია: “არ ვიცი, მას [სალომე ზურაბიშვილს] აქვს თუ არა გარკვეული დაცულობა, როგორც დეპუტატებს აქვთ, ის უნდა დაიკითხოს, ის უნდა გამოძახებულ იქნას შესაბამის ორგანოებში და უნდა დაიკითხოს ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ფაქტიურად, საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს ახალგაზრდობას ძალადობრივი გადატრიალებისკენ. ის საქართველოს პრეზიდენტი არ არის, ის არის იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელიც გეგმავს დესტაბილიზაციას საქართველოში და თავისი პოლიტიკური წინაპრების ღირსეული შთამომავალი – აი, მენშევიკური მთავრობისა, ჟორდანიას მთავრობისა, რომელიც გაიქცა საქართველოდან თავის დროზე, 250 ყუთი განძი გაიტანა აქედან, საიდანაც სადღაც 50-მდე არის დაბრუნებული და ისიც სტალინის დამსახურებით”.

salome zurabishvilis da pirveli respublikis mthavrobis shesakheb dezinphormatsia vrtseldeba სალომე ზურაბიშვილის და პირველი რესპუბლიკის მთავრობის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

თემურ ფიფია დეზინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართვებში ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო გადატრიალებისკენ არ მოუწოდებია. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოდან წაღებული საგანძური გაყიდა – ექვთიმე თაყაიშვილის დახმარებით დაბრუნებულ ეროვნულ საგანძურს არცერთი ნივთი არ აკლდა.  

  • რა თქვა ზურაბიშვილმა მიმართვებში?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციასა და აქციის მონაწილეებს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიმართა და “ქართული ქარტიის” შექმნის იდეა გააცნო. თუმცა, თემურ ფიფიას მტკიცების საწინააღმდეგოდ, ზურაბიშვილს მიმართვაში სახელმწიფო გადატრიალებაზე არ უსაუბრია და ახალგაზრდებისთვის დანაშაულის ჩადენისკენ არ მოუწოდებია. გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია და ასევე თქვა, რომ ხალხი გადაწყვეტილებას დემოკრატიული არჩევნებით მიიღებს, “რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან”. 

“26 ოქტომბერს არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, მშვიდობით და სტაბილურობით. უნდა მივიდეთ ისევე მობილიზებულად და შემართებით, როგორც აქამდე და, ამავე დროს, გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და ეს სტაბილურობა”. 

“ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავალია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა ეს გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა”.  

აღსანიშნავია, რომ “ქართული ქარტიის” გეგმა მიზნად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას არ ისახავს. პრეზიდენტის მიერ პოზიციისთვის შეთავაზებული პუნქტები მოიცავს შეთანხმებას საკითხებზე, რომლებიც, როგორც ხელმომწერებს მიაჩნიათ, საქართველოს დასავლური კურსისა და ევროინტეგრაციისთვის არის მნიშვნელოვანი – მათ შორის, სასამართლო რეფორმებს, ე.წ. აგენტებისა და ოფშორების კანონების გაუქმებას და ა.შ. პრეზიდენტის განმარტებით, რეფორმებს არჩევნების შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე გაატარებენ და შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, რომელზეც ხალხი საკუთარ ნებას კიდევ ერთხელ დააფიქსირებს.  

ზურაბიშვილმა 28 მაისს, ე.წ. “აგენტების კანონის” მიღების შემდეგ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა. პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას ვერც აღნიშნულ მიმართვაში ვხვდებით. ზურაბიშვილმა ხალხს მოუწოდა, შეეგროვებინათ ხელმოწერები და მიეტანათ მასთან, რათა ჩაენიშნა რეფერენდუმი – “გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მომავალი”. ასევე, პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა, დაიცვან არჩევნები 26 ოქტომბერს: 

“84 კაცი არავინ არა არის იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ, ახალი საქართველო, მომავლის საქართველო. მეორე მთავარი საქმე, თქვენ ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება. თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა, როგორც მინიმუმი, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს”. 

  • რა ვიცით ეროვნული საგანძურის დაბრუნებაზე? 

მტკიცება, თითქოს ეროვნული განძის ნაწილი საფრანგეთში მენშევიკურმა მთავრობამ გაყიდა და სტალინის დახმარებით ქვეყანამ მისი მხოლოდ ნაწილის დაბრუნება შეძლო, განმეორებითი დეზინფორმაციაა. ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილს ნოე ჟორდანიას მთავრობასთან კვლავ აკავშირებენ, შესაბამისად ეროვნული განძის გაყიდვის შესახებ ბრალდებები ისევ გააქტიურდა. მაგალითად, დამოუკიდიებლობის დღეზე პრეზიდენტის გამოსვლის გასაკრიტიკებლად ეროვნული განძის გაყიდვის შესახებ დეზინფორმაცია კვლავ გაავრცელა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ

რეალურად, 1921 წელს საფრანგეთში გატანილი 248 ყუთიდან საგანძური მხოლოდ 39-ში იყო მოთავსებული, ის ქვეყანაში ხელუხლებლად დაბრუნდა და ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. კომისიამ შეამოწმა ყველა ნივთი, შეადარა მათ ხელთ არსებულ სხვადასხვა კატალოკების ჩამონათვალს და დაადგინა, რომ დაკარგული არცერთი ნივთი არ იყო. ქონება, რომელიც საფრანგეთში გაიყიდა, არა ეროვნული საგანძური, არამედ სახაზინო ქონება და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები იყო – გაყიდვით მიღებული თანხა სრულად მოხმარდა საფრანგეთის ბანკებში საგანძურის შენახვის ხარჯებსა და ლევილის მამულის შეძენას.  

საქართველოში განძი ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაბრუნდა. ექვთიმე თაყაიშვილს სურდა, საბჭოთა კავშირს შუამდგომლობა გაეწია საგანძურის დაბრუნების საქმეში, თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. განძის დაბრუნების საქმეში  ჩართული იყო სსრკ-ს საელჩო საფრანგეთში, თუმცა სსრკ-ს ელჩის ბოგომოლოვის თქმით, თვითონ საგანძურის საქმეში ჩახედული არ იყო, ამიტომ ამ საკითხს მაინც ექვთიმე ხელმძღვანელობდა. 

ეროვნული განძისა და მისი ქვეყანაში დაბრუნების შესახებ სრულად წაიკითხეთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist