2022 წლის 7 ივლისს, Facebook გვეერდმა “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” ბანქოს შესახებ პოსტი გამოაქვეყნდა. აღწერაში ავტორი ბანქოს იესოს ჯვარცმას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ბანქო ამ მოვლენის დასაცინად შეიქმნა. პოსტის თანახმად, ბანქოს ფერებიდან, აგური იმ ლურსმანს აღნიშნავს, რომლითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, გული – შუბის წვერს, ყვავი – სარზე წამოცმულ ღრუბელს, ხოლო ჯვარი – სიტყვა “საძაგელს.” ამასთან ერთად, პოსტის ავტორი ბანქოს გამოსახულებებს რელიგიურ ფიგურებს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ “დამა” წმინდა დედას განასახიერებს, “ვალეტი” – წმინდა მოწამეს და “კაროლი” – ეპისკოპოსს, ხოლო ჯოკერი ეშმაკს განასახიერებს.
მტკიცება, თითქოს ბანქო იესო ქრისტეს ჯვარცმის დასაცინად შეიქმნა კონსპირაციულია. ბანქოს ფერები და ფიგურები საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელი იყო. მაგალითად, ლათინური ფიგურები სამხედრო სფეროსთან ასოცირდებოდა, გერმანული – სასოფლოსთან და ანგლო-ფრანგული – სამეფო ოჯახთან, ხოლო ჯოკერი დასავლეთში ბანქოს გავრცელებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ 1860-იან წელებში აშშ-ში ერთ-ერთი თამაშისთვის შეიქმნა.
-
სად და როდის შეიქმნა ბანქო?
ყველაზე ძველი ისტორიული წყარო, რომელშიც ბანქო გვხდება, მე-9 საუკუნის ჩინური ლიტერატურაა. ნაშრომი ბანქოს ვიზუალისა და დანიშნულების შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა სინოლოგ ვილიან ჰენრი ვილკინსონის მიხედვით, ბანქოს თავდაპირველი ვიზუალი იმდროინდელი ჩინური ფულის იმიტაცია იყო. ნამდვილი ქაღალის ფულის გამოიყენება სარისკოდ მიიჩნეოდა, რის გამოც ბანქოსთვის “სათამაშო ფული” იგივე “ფულის ბანქო” შეიქმნა. ისტორიულ ჩანაწერებში, ერთ-ერთ ყველაზე ძველი თამაშს “მატიაო” ჰქვია. ეს იყო გაცურებაზე ორიენტირებული თამაში, ის მინგის დინასტიის (1368–1644 წწ) პერიოდით თარიღდება.
რაც შეეხება აზიიდან ევროპაში გავრცელებას, ვარაუდობენ, რომ ბანქო პირველად მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში, იტალიაში ან ესპანეთში გაჩნდა. გავრცელება მამლუქების დინასტიის პერიოდის ეგვიპტიდან მოხდა, სავარაუდოდ, ბანქო ვაჭრობის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა. პირველი ევროპული ბანქო ხელით მოხატული იყო და ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.
-
ბანქოს დიზაინი
თანამედროვე ბანქოს დასტის ვიზუალი 52-იანი მამლუქების ბანქოს დიზაინზეა დაფუძნებული. ამ უკანასკნელს მარტივი და ორნამენტებით გაფორმებული დიზაინი ჰქონდა. დიზაინი შემდეგი 4 სათამაშო ჯგუფისგან შედგებოდა: მონეტები, თასები, ხმლები, და პოლო-ჯოხები. სათამაშო დასტა მეფეს, ლეიტენანტს და უმცროსს ლეიტენანტსაც მოიცავდა. ევროპაში გავრცელების შემდეგ ბანქოს დიზაინი ადაპტირდა, შეიცვალა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვერსიებიც შეიქმნა.
მაგალითად, გერმანულ და შვეიცარიულ ვერსიას ბუნებით შთაგონებული ვიზუალი აქვს. კერძოდ, შვეიცარიული ტრადიციული ბანქო 4 სათამაშო ჯგუფადაა დაყოფილი: რკო, ფარი, ვარდი და ზანზალაკი. გერმანულ ვერსიაში რკო, ფოთოლი, გული, ზანზალაკი გვხვდება . ესპანური ეროვნული დიზაინი მამლუქების ბანქოს ვიზუალთან უფრო ახლოსაა და ხმალი, ჯოხი, თასი და მონეტა მასშიც გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ქვეყნებში როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო დასტებიც გამოიყენება. საერთაშორისო ბანქოს დიზაინში ფრანგული და ინგლისური მოდელები იგულისხმება. გულის ჯგუფის გარდა, ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ბანქოს ჯგუფები ინგლისური ვერსიის პირდაპირ თარგმანს არ წარმოადგენს. რადგან ინგლისურში სამყურა (ჯვარი), შუბის ტარი (ყვავი), ალმასი (აგური) და გული გვხვდება.
რაც შეეხება ფიგურებს ე.წ. “დამა, კაკო, ვალეტი,” მათი შთაგონების წყარო, ანუ ის თუ რასთან ასოცირდებოდა თითოეული ფიგურა, ქვეყნების მიხედვით განსხვადებოდა. მაგალითად, ლათინური ფიგურები სამხედრო სფეროსთან ასოცირდებოდა, გერმანული – სასოფლოსთან და ანგლო-ფრანგული – სამეფო ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ ბანქოს უძველეს ვერსიაში ფიგურები მამრობითი სქესის იყვნენ. ასოცირებულ სფეროსთან ერთად, ფიგურები ქვეყნების მიხედვით ვიზუალურადაც განსხვავდებოდნენ. მაგალითად, იტალიურ ვერსიაში ამხედრებული მეფე, მჯდომარე დედოფალი და სამეფო მოსამსახურე გვხვდებიან. ამის საპირისპიროდ, ესპანური და გერმანული ბანქოები დედოფლის გამოსხულებას საერთოდ არ მოიცავდა. ბელგიური დიზაინით შთაგონებულ ინგლისურ ბანქოსი კი დედოფალს და მეფეს სპეციფიკური ვიზუალი ჰქონდათ: მეფე – გვირგვინით, წვერით და შეხსნილი მანტიით, დედაფალი – ყვავილით და სკრიპტით. თავდაპირველად, ბანქოს დიზაინს მხატვრები და პატარა სახელოსნოები ინდივიდუალურად ქმნიდნენ, თუმცა ინგლისში 1860-იანი წლების ბანქოს მასობრივმა წარმოებამ ინდივიდუალური დიზაინების გადაფარვა და მისი ერთი სტანდარტული დიზაინით წარმოება გამოიწვია. დღევანდელი ბანქოს სტანდარტული ვერსია, ჯვარი, გული, აგური, ყვავი, ფრანგულ ვერსიაზეა დაფუძნებული. ბანქოს საუკუნოვანი და ქვეყნების მიხედვით განსხვავებული განვითარება ახასიათებს.
აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ამერიკაში პოპულარული ინგლისური ბანქო იყო. გაყიდვების გაზრდის მიზნით, ამერიკაში ე.წ ტუზზე წარწერა “ლონდონი” იყო დატანილი. ბანქოს ოთხივეს ფერის ერთდროული ბეჭდვა და ე.წ. კუთხეში დატანილი სიმბოლოები ერთ-ერთი ამერიკელი მწარმოებლის ლუის კოენის სახელს უკავშირდება. ამ მეთოდით მოთამაშეებს ბარათის სრულად გაშლის გარეშე, ბანქოს ფიგურის/ფერის ამოცნობა შეეძლოთ. ამასთანავე, სწორედ ამ პერიოდის ამერიკაში 1860 წელს ე.წ ჯოკერი შეიქმნა. Ის თავდაპირველად, თამაშში “იუქერი” (Euchre) გამოიყენებოდა. უკვე 1875 წელს ჯოკერი, როგორც “ვერლური კარტი,” პოკერის თამაშში პირველად გამოიყენეს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.