საიდან გავრცელდა კონსპირაცია, თითქოს ჯასტინ ტრუდო ფიდელ კასტროს შვილია?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

143.7k
VIEWS

30 იანვარს ანტივაქსერმა ფეისბუქ მომხმარებელმა ზვიად გოგიაშვილმა გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს დედის მარგარეტ ტრუდოსა და კუბის ყოფილი მმართველის ფიდელ კასტროს ერთობლივი  ფოტოა ასახული. კოლაჟში ასევე თავად ჯასტინ ტრუდოსა და ფიდელ კასტროს სახეების ახლო კადრებს ვხვდებით, რაც სავარაუდოდ, მათ მსგავსებაზე ხაზგასასმელად არის გამოყენებული. პოსტს თან ერთვის ზვიად გოგიაშვილის კომენტარი “მარცხნივ ჯასთინი, მარჯვნივ ფიდელი, შუაში – ფიდელი და ჯასთინის დედიკო…” 

ზვიად გოგიაშვილის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი და თანმხლები კომენტარი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჯასტინ ტრუდო ფიდელ კასტროს შვილია. მსგავსი კონსპირაცია ონლაინ სივრცეში უკვე წლებია ვრცელდება, თუმცა ის საფუძველს მოკლებულია, რადგან ჯასტინ ტრუდო 1971 წელს დაიბადა, ხოლო მარგარეტ ტრუდო და ფიდელ კასტრო ერთმანეთს 1976 წელს შეხვდნენ.

კანადის პრემიერ-მინისტრის და კუბის რევოლუციის ლიდერის ნათესაური კავშირის შესახებ მტკიცებები ინტერნეტში 2016 წლიდან ვრცელდება, მას შემდეგ, რაც ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. კონსპირაცია განსაკუთრებით პოპულარული იყო დონალდ ტრამპის მხარდამჭერებში, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ჯასტინ ტრუდოს დედა მარგარეტ ტრუდო და ფიდელ კასტრო ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ და ჯასტინიც მათი სიყვარულის ნაყოფია. კონსპირაციის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ჯასტინ ტრუდოს 2016 წლის განცხადებაც, როდესაც ტრუდომ აღნიშნა, რომ მამამისი პიერ ტრუდო ფიდელ კასტროსთან მეგობრობით ამაყობდა და მისთვისაც დიდი პატივი იყო, რომ კასტროსა და მის ოჯახს პირადად შეხვდა. 

კონსპირაციის შესახებ ფაქტების გადამმოწმებელი გამოცემები Snopes და APNews-იც წერდნენ. მართალია, ტრუდოების ოჯახს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფიდელ კასტროსთან და ჯასტინ ტრუდოს მამა, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პიერ ტრუდო კასტროსთან მეგობრობდა, თუმცა ისინი ერთმანეთს პირისპირ 1976 წლამდე არ შეხვედრიან. 

კონსპიროლოგებისთვის ჯასტინ ტრუდოსა და ფიდელ კასტროს შორის გარეგნული მსგავსების გარდა, არგუმენტი იყო ის ფაქტი, რომ პიერ ტრუდოსა და ფიდელ კასტროს გზები პირველად 1970 წელს გადაიკვეთა. მათ მტკიცებულებად მოჰყავდათ კანადური გაზეთი The Globe and Mail, სადაც აღნიშნულია, რომ პირველად კომუნიკაცია კანადის და კუბის ლიდერებს შორის 1970 წელს შედგა, თუმცა სტატიაში არ წერია, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მათ შორის კომუნიკაცია კი მხოლოდ წერილობითი იყო. სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ვიზიტი კუბასა და კანადას შორის 1970 წელს არ შემდგარა, პირველად ორი სახელმწიფოს ლიდერი ერთმანეთს 1976 წელს შეხვდა, როდესაც პიერ ტრუდო და მისი მეუღლე მარგარეტი კუბას ესტუმრნენ. ფიდელ კასტროსა და მარგარეტ ტრუდოს ფოტო, რომელიც ზვიად გოგიაშვილის პოსტშია გამოყენებული, სწორედ ამ ვიზიტისას არის გადაღებული. ამ პერიოდში ჯასტინ ტრუდო, რომელიც 1971 წლის 25 დეკემბერს დაიბადა, უკვე 4 წლის იყო.

ჯასტინის მშობლები, მარგარეტი და პიერ ტრუდო 1971 წლის 4 მარტს დაქორწინდნენ, ჯასტინი კი დაახლოებით 10 თვის შემდეგ დაიბადა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარგარეტ ტრუდო ამ პერიოდში ფიდელ კასტროს ხვდებოდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მსგავსი ფაქტი მედიას გამორჩენოდა, რადგან ჯასტინის მშობლების მოულოდნელი ქორწინების შემდეგ ისინი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები გახდნენ და ჟურნალისტები მათი ურთიერთობის დეტალებს აქტიურად აშუქებდნენ. 

კონსპიროლოგები დამატებით იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ფიდელ კასტროს შვილმა ფიდელიტომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, რომელშიც ჯასტინ ტრუდო თავის ნახევარ ძმად მოიხსენია. რეალურად მსგავსი წერილის არსებობის შესახებ არაფერია ცნობილი.

შესაძლოა, ჯასტინ ტრუდოსა და ფიდელ კასტროს შორის გარეგნული მსგავსება მართლაც არსებობს, თუმცა აშკარა მსგავსებაა პიერ ტრუდოსა და ჯასტინ ტრუდოს შორისაც.

იხილეთ ჯასტინ ტრუდოს მამის პიერ ტრუდოს და ფიდელ კასტროს ახალგაზრდობის ფოტოები:


                პიერ ტრუდო                                        ფიდელ კასტრო

                 ჯასტინ ტრუდო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა, კუბა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist