რომელ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ერთად აღნიშნავს უკრაინა შობას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამიერიდან უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, მაცხოვრის შობის თარიღს 25 დეკემბერს აღნიშნავს, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების ტრადიციას უკავშირდება და მას მართლმადიდებლური მოძღვრებისთვის კატეგორიულად მიუღებელ ფაქტად მიიჩნევენ.

აღნიშნულ თემას შეეხო “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეც, რომელმაც “სეზონი ტვ-ს” ეთერში განაცხადა, რომ უკრაინაში შობის და აღდგომის დღესასწაული აკრძალეს იმ თარიღებზე, რომლებიც ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის დადგენილი.

გულბაათ რცხილაძე: „ეხლა აუკრძალეს უკრაინელებს, თვითონ მართლმადიდებელ ხალხს, შობის დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული იმ თარიღებზე, რომელიც არის დადგენილი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.“

მტკიცება, თითქოს უკრაინამ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი შობისა და აღდგომის დღესასწაულების თარიღები შეცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება. მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და მათ რიგებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც შეუერთდა. რაც შეეხება აღდგომას, ამ დღეს ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის უკრაინაც, ერთსა და იმავე დღეს ზეიმობს.

ამ მომენტისთვის, მსოფლიოში ოფიციალურად თხუთმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს, სახელდობრ: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და უკრაინის. აღდგომის დღესასწაულს უკლებლივ ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ერთსა და იმავე დღეს და მათ შორის გამონაკლისი არც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არაა.

რაც შეეხება შობას, არ არსებობს ერთი კონკრეტული თარიღი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიები, ყველანი ერთად დღესასწაულობენ იესო ქრისტეს შობას. 15 ეკლესიიდან 10  შობას 25 დეკემბერს დღესასწაულობს. ეს ავტოკეფალური ეკლესიები არიან: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და, ახლა უკვე, უკრაინის. 7 იანვარს, შობას, ძირითადად სლავური ტრადიციის მქონე ან მასთან ისტორიულად მჭიდროდ დაკავშირებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები (ამ შემთხვევაში, იერუსალიმის ეკლესია გამონაკლისია) დღესასწაულობენ, სახელდობრ: იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთისა და პოლონეთის. 

რელიგიური დღესასწაულების საკითხებზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი „ძველი“ და „ახალი“ კალენდარი. რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი – იულიუსის კალენდარი და მისი ოთხი განსხვავებული ვერსია

I – იულიუსის თავდაპირველი კალენდარი ჩვენს წელთ აღრიცვამდე შეიქმნა და მის მიხედვით მზის წელიწადის ხანგრძლივობა იყო 365 დღე და 6 საათი (აღნიშნული ვარიანტში შეინშნებოდა „მცირედი“ უზუსტობა, სახელდობრ, იგი 11 წუთითა და 14 წამით უფრო გრძელი იყო, ვიდრე მზის ბუნებრივი წელი. აღნიშნული ცდომილების გამოსასწორებლად კი საჭირო გახდა კალენდარში გარკვეული ცვლილებების შეტანა). 

II – „ძველი სტილის“ იულიუსის კალენდარი 325 წლით თარიღდება. ნიკეის მსოფლიო კრებას არ გადაუწყვეტია იულიუსის კალენდარში რაიმე ცვლილების შეტანა და განაჩინა, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა იყოს გაზაფხულის ბუნიობის (21 მარტი) შემდეგ პირველ სავსემთვარობას და იგი არ უნდა დაემთხვეს იუდეველთა პასექს. 

III- „ახალი სტილის“ იულიუსის კალენდარი 1582 წლით თარიღდება. ამ დროს, რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გადაწყვიტა კალენდრის თავდაპირველ ვარიანტში არსებული უზუსტობა შეესწორებინა, რის გათვალისწინებითაც მისმა ასტრონომებმა, 11 წუთისა და 14 წამის ცდომილება 26 წამამდე დაიყვანეს. 

IV – შესწორებული იულიუსის კალენდარი 1923 წლით თარიღდება. ამ დროს, იმისათვის, რომ გაზაფხულის ბუნიობის თარიღი კვლავ „გამხდარიყო“ 21 მარტი, კალენდრიდან ამოიღეს 13 დღე, რის გათვალისწინებითაც „ახალი“ და „შესწორებული“ იულიუსის კალნდარი, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სრულად ემთხვევა ერთმანეთს. 

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც კი, 1923 წელს, პატრიარქ ტიხონის დროს, შემოღებულ იქნა ე.წ. „ახალი“ კალენდარი თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ მრევლის წევრებში დაბნეულობა გამოიწვია და ეკლესიის მესვეურნი იძულებულნი გახდნენ კვლავ დაბრუნებოდნენ „ძველს.“ რეალურად, არ არსებობს არანაირი მეცნიერული ან თეოლოგიური არგუმენტი, რომლის თანახმადაც „ძველი სტილი“ უფრო სწორია, ვიდრე „ახალი“ (ან „შესწორებული“) თუმცა, ისტორიის განმავლობაში ამ ყოველივემ იდეოლოგიის სახე მიიღო. კონკრეტულად კი, 25 დეკემბერს შობის თარიღის აღნიშვნა მთლიანად იქნა „დაკავშირებული“ კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებთან (და თან ისე, რომ საერთოდ უგულვებელყოფილ იქნა ის უმეტესი მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც შობას 25 დეკემბერს დღესასწაულობენ) და 7 იანვარს შობის აღნიშვნა გახდა ის „ერთადერთი“ ნიში, რომელიც ამა თუ იმ ეკლესიას (ჩვენს შემთხვევაში სლავური ტრადიციის გავლენის ქვეშ მყოფთ), დასავლეთისგან განასხვავებდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ეკლესიაშიც არსებობენ სასულიერო პირები, რომლებიც ამგვარი მიდგომის აბსურდულობას ხვდებიან და ღიად აფიქსირებენ, რომ მსგავს დამოკიდებულებას არც მეცნიერულ და არც საღვთისმეტყველო არგუმენტებთან კავშირი არ აქვთ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც არაა უცხო 25 დეკემბერს მაცხოვრის შობის დღესასწაულის აღნიშვნა. გასულ საუკუნეში, საქართველოს ეკლესიაში საკმაოდ აქტიური საუბრები მიმდინარეობდა ამ საკითხის შესახებ, რაც ასახულია, როგორც კერძო მოსაზრებებში, ასევე, ოფიციალურ დოკუმენტებში

ამგვარად, მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრების თანახმად, შეუძლებელია, რომ შობის თარიღი ჩაითვალოს დოგმატურ სწავლებად და კატეგორიულად აიკრძალოს მასში რაიმენაირი ცვლილება. ადგილობრივი ეკლესია, შობას 7 იანვარს აღნიშნავს თუ 25 დეკემბერს, ეს თავად ამ ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და არ შეიძლება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საეკლესიო დოგმის რანგში იქნეს აყვანილი. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist