როგორ მანიპულირებენ ისრაელის ვაქცინაციის მონაცემებით

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

15
VIEWS

2021 წლის 9 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა “ფარღალიტი” ისრაელის “მე-13 არხის” ეთერში 21 ივნისს გასული გადაცემის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სამწუთიან ვიდეოში გადაცემის წამყვანი და ისრაელის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ექიმი დორით ბლიცკშტაინი ისრაელში Pfizer-ის ვაქცინის შემდეგ იშვიათი ავტოიმუნური დაავადების თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურას (TTP) შემთხვევების გახშირებაზე საუბრობენ. “ფარღალიტი” პოსტის  აღწერაში ამტკიცებს, რომ ვიდეოში კორონავირუსის საწინაღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის შედეგებია განხილული, თუმცა ჩანაწერში არც წამყვანი და არც ექიმი არ ამტკიცებენ, რომ დასახელებულ ავტოიმუნურ დაავადებას კორონავირუსის ვაქცინასთან უშუალო კავშირი აქვს და TTP სინდრომი ვაქცინის გვერდით მოვლენად შეიძლება განვიხილოთ.

16 აგვისტოს მონაცმებით “ფარღალიტის” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო 2200-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა.

"
2021 წლის 8 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ ისრაელის “მე-13 არხის” კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იერუსალიმის ‘ჰერცოგ ჰოსპიტალის” ექიმი კობი ჰავივი კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსით მძიმედ ინფიცირებული პაციენტების 95% აცრილია, ხოლო ჰოსპიტალიზებული პაციენტების 85-90%-ს ვაქცინირებულები შეადგენენ. ბექა ვარდოსანიძის აღნიშნული პოსტის სქრინი 12 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა ლადო ჩხეტიანმაც გააზიარა.

"

“ფარღალიტის მიერ გამოქვეყნებული პოსტი მანიპულაციურია. მართალია, 2021 წლის ივნისში  ისრაელში კორონავირუსის ვაქცინასა და იშვიათ ავტოიმუნურ დაავადებას შორის კავშირზე მცირე მასშტაბის კვლევა ჩატარდა, თუმცა დაავადებასა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და შემდგომი კვლევის საგანია, რასაც ვიდეოში ექიმი ბლიცკშტაინიც აღნიშნავს. ხოლო ექიმი კობი ჰავივის 42 წამიანი ვიდეო, რომელშიც ის ვაქცინირებულთა ჰოსპიტალიზაციის შესახებ საუბრობს, კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად ვრცელდება.

  • ისრაელში კორონავირუსის ვაქცინასა და იშვიათ ავტოიმუნურ დაავადებას შორის კავშირზე მცირე მასშტაბის კვლევა ჩატარდა, თუმცა დაავადებასა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. 

შამირის სამედიცინო ცენტრის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა, რომელთაგანაც დოქტორი დორით ბლიცკშტაინი ერთ-ერთია, 2021 წლის ივნისში განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის დისტრიბუციის დაწყების შემდეგ ძალიან იშვიატი ავტოიმუნური დაავადების თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურას (TTP) შემთხვევების მატება შენიშნეს. მკვლევრების თქმით, თუ აღნიშნული დაავადება წელიწადში საშუალოდ 2-3 პაციენტს უდასტურდება, 2021 წლის მარტში ერთი თვის განმავლობაში დაავადების 4 შემთხვევა დაფიქსირდა და ოთხივე პაციენტს დაავადების სიმპტომები ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამოუვლინდათ.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები დაავადების სიმპტომებსა და ვაქცინას შორის ქრონოლოგიურ კავშირზე მიუთითებენ, კვლევის დასკვნაში ნათქვამი არ არის, რომ ავტოიმუნური დაავადების იშვიათი შემთხვევები ვაქცინამ გამოიწვია და მიზეზშედეგობრივი კავშირი საბოლოოდ დადასტურდა. ამის საპირისპიროდ, მკვლევრები შემდგომი კვლევის მნიშვნელობაზე და მათ მიერ ჩატარებული კვლევის მცირე მასშტაბებზე მიუთითებენ. კვლევის ავტორების რეკომედაციით იმ ადამიანებს, რომლებსაც თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა ჰქონდათ ან აქვთ, კორონავირუსზე ვაქცინაცია მხოლოდ ექიმის სპეციალური ნერბართვით და განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჩაუტარდეთ, რათა დაავადების გააქტიურების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა დროულად მოხდეს. როგორც ჰემატოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლემა Jerusalem Post-ს განუცხადა, აღნიშნული კვლევა, რომელიც ძალიან მცირე მასშტაბის იყო და ჯერ კიდევ შეფასების პროცესშია, ვაქცინაციისგან თავის შეკავების მიზეზი არ უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების, მათ შორის Pfizer-ის ვაქცინის, დადასტურებულ გვერდით ეფექტებს შორის ავტოიმუნური დაავადებები არ გვხვდება. ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ რომელიმე ვაქცინა ავტოიმუნურ დაავადებას იწვევს. კორონავირუსის რნმ ვაქცინებსა და ავტოიმუნურ დაავადებებზე გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორიმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ სტატია: ინფოდემია “ობიექტივის” ეთერში 

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინებსა და მათ გვერდით მოვლენებს, Pfizer-ის ვაქცინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია: დაღლილობა, ინექციის ადგილის ტკივილი, თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად საშუალო ხარისხის ან ძალიან მსუბუქია და ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე დღეში სამედიცინო დახმარების გარეშე ქრება. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე ალერგიული რეაქცია. პოსტავტორიზაციის პერიოდში სხვადასხვა კვლევების შედეგად Pfizer-ის ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს დაემატა მიოკარდიტისა და პერიკარდიტიც, თუმცა ამ მიმართულებით ვაქცინასთან პირდაპირი კავშირის დასადგენად კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. Pfizer-ის დადასტურებული გვერდითი მოვლენების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:  FDA-ის კვლევის შედეგები თუ შესაძლო გვერდითი რეაქციების სიის “სამუშაო ვერსია”?

ფეისბუქ გვერდი “ფარღალიტი” 2021 წლის 7 აგვისტოს შეიქმნა და შექმნის დღიდან კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ პოსტებს აქვეყნებს.

“ფარღალიტისა” და მის მიერ ადრე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ იხილეთ სტატია:
ახლადშექმნილი “ფარღალიტი” იტალიელი ანტივაქსერი ექიმის კოვიდ-დეზინფორმაციებს ავრცელებს

  • იერუსალიმის “ჰერცოგის ჰოსპიტალის” ექიმის კობი ჰავივის ვიდეო, რომელშიც ის ვაქცინირებულთა ჰოსპიტალიზაციის შესახებ საუბრობს, მანიპულაციურად ვრცელდება.

ჰერცოგის ჰოსპიტალის” ექიმმა კობი ჰავივიმ “მე-13 არხს” ინტერვიუ, რომლის 42 წამიანი ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში ანტივაქსერულ კონტექსტში ვრცელდება, 2021 წლის 5 აგვისტოს მისცა. კობი ჰავივის საუბრის მოკლე ფრაგმენტი, შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ექიმი ვაქცინირებული მოსახლოების ჰოსპიტალიზაციის შემაშფოთებელ მაჩვენებელზე საუბრობს და ამბობს, რომ კორონავირუსის მძიმე ფორმით ინფიცირებულთა 90%-ზე მეტს სრულად ვაქცინირებული ადამიანები შეადგენენ. რეალურად, “მე-13 არხის” გადაცემაში ჰავივის ჩართვა სამწუთიანია და გადაცემის სრულ ვერსიაში ის არა ისრაელის ზოგად სტატისტიკაზე, არამედ უშუალოდ “ჰერცოგის ჰოსპიტალში” მყოფ პაციენტებზე საუბრობს. ჰავივის თქმით, 5 აგვისტოსთვის “ჰერცოგის ჰოსპიტალში” კორონავირუსით ინფიცირებული 80 პაციენტი მკურნალობდა, რომელთა უმრავლესობას ხანდაზმულები წარმოადგენდნენ და სწორედ 80 ჰოსპიტალიზებულის 95% იყო სრულად ვაქცინირებული.

რაც შეეხება ისრაელის საერთო მონაცემებს, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ ხანდაზმულ პაციენტებში არავაქცინირებულთა რიცხვი ვაქცინირებული პაციენტებისას აღემატება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 8 აგვისტოს მონაცემებით, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ყოველი 100 000 ადამიანში კორონავირუსის მძიმე ფორმა დაახლოებით 85 არავაქცინირებულ ადამიანს ემართება მაშინ, როცა ვაქცინირებულებში ვირუსის მძიმე ფორმით 100 000-დან მხოლოდ 16 ინფიცირდება. ამგვარად 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ვირუსით მძიმედ ინფიცირების და შესაბამისად ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი ალბათობა არსებობს, ვაქცინა რისკებს თითქმის ხუთჯერ ამცირებს.

"

კორონავირუსის მძიმე შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 ადამიანზე 60+ ასაკობრივ ჯგუფში იმუნიზაციის სტატუსის მიხედვით. წითელი მრუდი – არავაქცინირებულები, ყვითელი მრუდი – ნაწილობრივ ვაქცინირებულები, მწვანე მრუდი – სრულად ვაქცინირებულები. წყარო : haaretz

იმავე სტატისტიკის მიხედვით, 60 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში, რომელშიც კორონავირუსის მძიმე შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა ზოგადად უფრო დაბალია, მძიმედ ინფიცირების რისკი არავაქცინირებულებში 2.8-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე – ვაქცინირებულებში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა, მათ შორის მძიმე ფორმით ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო პერიოდში სწრაფად იზრდება, რაც ე.წ. “დელტა” ვარიანტის ცირკულაციით აიხსნება. 15 აგვისტოს მდგომარეობით, ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან მძიმე მდგომარეობაში 524 ადამიანი იმყოფება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს მინაცემებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს შორის არავაქცინირებული ადამიანების რიცხვი ვაქცინირებულებისას კვლავ აღემატება.

ისრაელმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანია რისკ ჯგუფებისთვის  2020 წლის დეკემბერიდან დაიწყო. ამჟამად ისრაელის მოსახლეობის 66%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია, ხოლო 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინირებულთა  წილი 90%-ს აღემატება. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის 60 წელს ზემოთ ხანდაზმული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულია და ამავდროულად, კორონავირუსით მძიმედ ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის რისკი ყველაზე მაღალი სწორედ იგივე ასაკობრივ ჯგუფშია, ვაქცინირებულ მოსახლეობაში ჰოსპიტალიზაციის და მძიმედ ინფიცირების შემთხვევების არსებობა მოსალოდნელია. აღსანიშნავია ისიც, რომ რისკ ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ყველაზე ადრე აიცრნენ. დროთა განმავლობაში ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის შესუსტების და ახალი შტამების წინააღმდეგ ვაქცინის შემცირებული ეფექტიანობის გამო ისრაელში 2021 წლის ივლისიდან – 60 წელს გადაცილებული, ხოლო აგვისტოდან – 50-60 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის მესამე ე.წ. “ბუსტერული დოზების” ადმინისტრირება დაიწყო.

ისრაელის ვაქცინაციის კამპანიის ეფექტიანობის შესახებ გავრცელებული მცდარი ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist