РИА НОВОСТИ-ს სქრინშოთი, რომელიც დუგინას მკვლელობას საქართველოს სპეცსამსახურებს უკავშირებს, ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

335
VIEWS

21 აგვისტოს ფეისბუკზე (1,2) კრემლისტური გამოცემის РИА Новости-ს სტატიის სქრინშოთი გავრცელდა. სქრინშოთის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის წინასწარი ვერსიით, დარია დუგინას მკვლელობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა.

Screenshot 1 3 РИА НОВОСТИ-ს სქრინშოთი, რომელიც დუგინას მკვლელობას საქართველოს სპეცსამსახურებს უკავშირებს, ყალბია

ფეისბუკზე გავრცელებული სქრინშოთები ყალბია. მსგავსი შინაარსის სტატია РИА Новости-ს საიტზე არ იძებნება, ამასთანავე, გამოცემა სათაურებისთვის განსხვავებულ შრიფტს იყენებს. რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურმა პირებმა დუგინას მკვლელობა უკრაინას დაუკავშირეს.

რუსი ფილოსოფოსის და “რუსული სამყაროს” იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის ინფორმაცია РИА Новости-ს არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებულ სქრინშოთებზე გამოყენებული ტექსტის შრიფტი არ შეესაბამება РИА-ს საიტზე გამოყენებულ შრიფტს.

Screenshot 2 5 РИА НОВОСТИ-ს სქრინშოთი, რომელიც დუგინას მკვლელობას საქართველოს სპეცსამსახურებს უკავშირებს, ყალბია

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გაიხსნა. უწყება მკვლელობაში უკრაინულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. ფსბ-ს ცნობით თავდასხმის შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია.

აღსანიშნავია, რომ დუგინას მკვლელობას რუსეთის სხვადასხვა ოფიციალური პირები უკრაინას უკავშირებენ. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ დუგინას უკრაინული ტერორიზმის, “უკრტეორის” გამო დაიღუპა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, აღნიშნა, რომ თუ დუგინას მკვლელობაში “უკრაინული კვალი” გამოიკვეთება, კიევის მხრიდან ეს “სახელმწიფო ტერორიზმის” პოლიტიკა იქნება. ერთ-ერთმა პირველმა უკრაინა დუგინას მკვლელობაში ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე-ფაქტო ლიდერმა დენის პუშილინმა დაადანაშაულა. მისი თქმით, მკვლელობაზე პასუხისმგებელი “უკრაინული რეჟიმის ტეორირსტები” არიან, რომლებსაც დარია დუგინას მამის, ალექსანდრ დუგინის მკვლელობა სურდათ.

დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსულმა პარტიზანულმა დაჯგუფებამ, “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო. დაჯგუფების მანიფესტი რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და დუმის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა გაავრცელა. “ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ” მანიფესტით პუტინის რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ აქტორებს ბრძოლა გამოუცხადა და მიზნად “რუსეთის და მისი მეზობლების განადგურების შეჩერება” დაისახა.

დარია დუგინა უკრაინაში ომს ღიად უჭერდა მხარს. ის არაერთხელ იყო დონბასში და ოკუპირებული მარიუპოლიდან სიუჟეტებს წერდა. ის რუსეთ-უკრაინის ომზე დაწერილი პროპაგანტისტული წიგნის, Книга Z-ს თანაავტორია. ივლისში რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავცელებისთვის დუგინას დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. მანამდე, მარტში, დუგინას სანქციები აშშ-მ დაუწესა. დარია დუგინა კრემლის პროპაგანდისტის, ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსის ალექსანდრ დუგინის შვილია და მამის ფილოსოფიას იზიარებდა. 

ალექსანდრ დუგინის შესახებ

ალექსანდრ დუგინი ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი და ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსია. დუგინის ევრაზიული იდეა რუსეთის ექსპანსიასა და ევრაზიულ კონტინენტზე რუსეთის უპირატეს სულიერ-პოლიტიკურ როლს უჭერს მხარს და რუსულ ორთოდოქსულ ხედვაზეა დაფუძნებული. 2015-2016 წლებში, ალექსანდრ დუგინი კონსტანტინ მალოფეევის მფლობელობაში მყოფი ულტრამემარჯვენე ტელეკომპანია Царьград TV-ს რედაქციის ხელმძღვანელიც იყო.

დუგინი მიიჩნევს, რომ ევრაზიის კონტინენტი ქვეყნების ერთგვარი ფედერაცია უნდა იყოს, რომელსაც რუსეთი ლიდერობს. ევრაზიული პროექტის პოტენციურ მოკავშირეებად ალექსანდრ დუგინი თეთრ ნაციონალისტებს მიიჩნევს, რადგან ისინი ტრადიციონალისტები არიან. ყირიმის კონფლიქტში ჩართულობის და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო, ფილოსოფოსი აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების სიაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ დუგინი აქტიურად უჭერს მხარს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ რადიო “ეხო მოკსვისათვის” მიცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავდა, რომ ქართველები ოსი ხალხის გენოციდს ახდენდნენ. მოგვიანებით, 2010 წელს კი განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიების დაბრუნების ილუზია, ხოლო რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა იმისთვისაა საჭირო, რომ მეტი ტერიტორიები არ დაკარგოს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist