7 აპრილს ფეისბუკ ანგარიშმა Lasha Modebadze გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის აპრილში ჯანმრთელობის კანონში ცვლილებები შეიტანა და 2019 წლის ბოლოს პანდემიის სპექტაკლი დაიწყო. პოსტს თანდართული აქვს “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში 2019 წლის 2 აპრილს შესული ცვლილების სქრინი.
8 აპრილს იგივე ფოტო მსგავსი შინაარსით ანგარიშმა Nina Marji გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ესაა უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა გაყიდა და მის გენოციდს აგრძელებს. 8 აპრილს ლაშა მოდებაძის პოსტი ანგარიშმა Ramaz Gagnidze-მ შემდეგი კომენტარით გააზიარა: “ეს მსოფლიო სპექტაკლი, რომელიც ჯანმოსგან წინასწარ იცოდა სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და ქოც-ნაც მთავრობამ თუ ხვდებით?!”
7 აპრილს Lasha Modebadze-მ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, მისი თქმით, პანდემიამდეა გადაღებული. ის კითხვას სვამს, თუ რატომ ხვდებოდა პანდემიამდე სალომე ზურაბიშვილი ამირან გამყრელიძეს.
8 აპრილს Lasha Modebadze-მ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. ამჯერად ის კვლავ ჯანდაცვის კანონის შეცვლაზე წერდა და დაამატა, რომ პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში ჩამოვიდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი. ის პოსტს თან ურთავს ფოტოებს, რომლებიც, მისი თქმით, აშშ-ს საელჩოს ვებ-გვერდიდანაა აღებული.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილება, ისევე, როგორც პოსტებზე თანდართული სხვა ფოტოები მანიპულაციურადაა მოყვანილი და რეალურად მათ კავშირი არ აქვთ კორონავირუსის პანდემიასთან.
- რეალურად რას გულისხმობს ცვლილება, რომელიც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში 2019 წლის 2 აპრილს შევიდა?
სალომე ზურაბიშვილის მიერ 2019 წლის 2 აპრილს ხელმოწერილი ცვლილება, რომელიც “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა, ამ კანონის მე-12 მუხლის პირველ ქვეპუნქტში ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ:
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.”
პრეზიდენტის ხელმოწერამდე ცვლილებების პაკეტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარადგინეს. “ჯანმრთელობის შესახებ კანონში” ცვლილების გარდა პარლამენტში მსგავსი ცვლილებები სხვა კანონებშიც განიხილეს.
2019 წლის 13 მარტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშში ნათქვამია, რომ ცვლილებების პაკეტი პარლამენტში მთავრობის ინიციატივით წარადგინეს და ახსნილია, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია მოხდა, ქვეყანაში ახალი საკონსტიტუციო მოდელი ამოქმედდა, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას გულისხმობს. შედეგად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში, სტრატეგიულ დონეზე ვაკუუმი შეიქმნა და ერთადერთ მაკოორდინირებელ ორგანოდ მთავრობა დარჩა.
დოკუმენტის მიხედვით, პროექტის მიღების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესის პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანობის ამაღლება და უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების უზრუნველყოფა იყო.
2019 წლის 13 თებერვალს ამ საკითხზე პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხომაზე განხილვაც გაიმართა. სხდომაზე აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია შეიქმნას საქართველოს მთავრობის მეთაურის სათათბირო ორგანო – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სახით.
ამჟამად, სამოქალაქო უსაფრთოხების შესახებ კანონის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების დროს, რომელსაც პანდემია განეკუთვნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს. პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა შეიძლება.
მე-12 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებები მანამდეც არაერთხელ შესულა. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს. 2014 წლის 29 მაისს ხელმოწერილი ცვლილების ფორმულირება ასეთია:
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.”
თუმცა, 2017 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დადგენილებით, ზემოთ ხსენებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ლიკვიდირებულად გამოცხადდა და კანონში ცვლილების შეტანა კვლავ გახდა საჭირო.
შესაბამისად, “ჯანმრთელობის შესახებ კანონის” მე-12 პუნქტში შესულ ამ ცვლილებებს კორონავირუსის პანდემიასთან კავშირი არ აქვთ. მსგავსი ცვლილებები ხელისუფლების ორგანოებში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებითაა განპირობებული.
- რას ასახავს რეალურად Lasha Modebadze-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები
იმის დამატებით არგუმენტად, რომ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი და ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობაში წინასწარ ჰქონდათ, Lasha Modebadze-ს მოჰყავს ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებს ასახავს.
ფოტოებზე ასახულია 2019 წლის მაისში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორის – რობერტ რედფილდის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანსაც საქართველოსა და CDC-ს მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგების გაცნობა წარმოადგენდა. ამ საკითხზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, CDC-მ საქართველოში თავდაპირველი საქმიანობა, ჯერ კიდევ, 90-ანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო, 2009 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC/ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (FELTP) საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის მიწოდება იყო. პროგრამის ამოცანას წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით. სამინისტროს თანახმად, საქართველოში CDC-ს აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვ. განცხადებაში ნათქვამია, რომ CDC-ს მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში. სწორედ C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა იყო რედფილდის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა. მისი შეხვედრა არ უკავშირდებოდა კორონავირუსს, რამდენადაც ამ პერიოდში კორონავირუსით დაავადების შემთხვევა ადამიანებში გამოვლენილი საერთოდ არ ყოფილა.
ფოტო, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთან, ტედროს ადანომ გებრაიესუსთან ერთად არიან გამოსახული 2019 წლის სექტემბერში კოპენჰაგენში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიაზეა გადაღებული. სესიაზე საუბარი არ ყოფილა კორონავირუსზე, რომლით ინფიცირების პირველი შემთხვევებიც 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრამდე არ გამოვლენილა. განხილვის ძირითად თემას გლობალური ჯანდაცვის საკითხები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი წარმოადგენდა.
წყარო: Wikimedia
ფოტოები ასევე ასახავს 2019 წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ლუგარის ლაბორატორიაში. ზურაბიშვილის ვიზიტის თემა არა იმ დროისთვის ჯერ კიდევ არარსებული კორონავირუსი, არამედ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანია იყო, რომელსაც რუსეთი პანდემიის დაწყებამეც აქტიურად ეწეოდა.
“აქ [ლუგარის ლაბორატორიაში] ვართ ევროპაში და აქ ვართ ევროპაში ამერიკის დახმარებით. ძალიან დიდი საქმე კეთდება და მე მინდა ყველას, ვინც აქ მუშაობს, დიდი მადლობა ვუთხრა და ასევე მივმართო იმათ, ვინც ფეიკ ნიუსებს ავრცელებენ – მოვიდნენ, ნახონ, როგორი არის და გაიგებენ, თუ რამდენად ცრუ ინფორმაციაა მოსული ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და ერთი დიდი მეზობლისგან. ეს ინფორმაციები პირდაპირ იმისკენაა მიმართული, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს”, – განაცხადა ვიზიტისას ზურაბიშვილმა.
ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსულ დეზინფორმაციაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში მომზადებული მასალები:
- “როგორ ცდილობს კრემლი სკრიპალების საქმეში რუსული კვალის ლუგარის ლაბორატორიით გადაფარვას”
- “განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ”
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.