რატომ ჩაიშალა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება და იხევდა თუ არა რუსეთი უკან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

198
VIEWS

12 მარტს მოძრაობა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში “ახალი პარადიგმა” სტუმარმა გურამ ნიკოლაიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. სტუმარი რუსეთსა და უკრაინას შორის 2022 წლის გაზაფხულზე თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საკითხს შეეხო. ნიკოლეიშვილის თანახმად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. გურამ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ ეს “შესანიშნავი” ხელშეკრულება იყო, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს აჩერებდა, მხარეებმა მოილაპარაკეს დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის საკითხებზეც და მხოლოდ ბოლო ნიუანსები იყო გასავლელი, რუსეთი დათმობაზეც წავიდა და კიევის ოლქიდან ჯარები გაიყვანა, ხოლო უკრაინელებმა “მოატყუეს” რუსეთი და გადავიდნენ კონტრშეტევაზე, ამით კი ომი გააგრძელეს. ნიკოლაიშვილი ასევე გაკვრით ახსენებს, რომ მოვლენების ასეთ განვითარებაში დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო.

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება

გურამ ნიკოლაიშვილი გადაცემაში “ახალი პარადიგმა” კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს იმეორებს. 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები რაიმე სახის შეთანხმებით არ დასრულებულა. შეთანხმების დოკუმენტი, რომელზეც წვდომა Тhe Wall Street Journal-ს ჰქონდა, აჩვენებს რომ მთავარი პრობლემური საკითხი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო. კიევის რეგიონი კი რუსულმა ჯარებმა უკრაინის სამხედრო წარმატების შედეგად დატოვეს და არა სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად.

გურამ ნიკოლეიშვილი ფაქტობრივად 2023 წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჟღერებულ მანიპულაციურ ნარატივს იმეორებს. 2023 წლის ივნისში აფრიკის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა აფრიკელ ლიდერებს წარუდგინა შეთანხმება, რომელზეც უკრაინა და რუსეთი 2022 წლის მოლაპარაკებების დროს მუშაობდნენ. პუტინის განცხადებით, შეთანხმება 18 პუნქტიანი იყო, უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას წინასწარი ხელმოწერა ჰქონდა და დეტალურად მოიცავდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის იმასაც თუ რამდენი ერთეული სამხედრო შეიარაღება და რა ცოცხალი ძალა ეყოლებოდა უკრაინას. 

პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არახამიამ 2023 წლის ნოემბერში ინტერვიუს დროს გააკეთა. არახამია აღნიშნავს, რომ რუსეთს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ უკრაინას ამ შეთანხმებაზე ხელს მოაწერინებდნენ და ნეიტრალიტეტსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის პირობაზე დაითანხმებდნენ ეს მათი მთავარი მიზანი იყო. არახამია იმასაც ხსნის, რატომ თქვა უკრაინამ უარი ამ შეთანხმებაზე. ის აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარისთვის საჭირო იქნებოდა უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა, გარდა ამისა, არ არსებობდა რუსეთის მიმართ ნდობა, ხოლო დათანხმება მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა. არახამიას თქმით, უკრაინას არ შეეძლო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და რუსეთისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, რათა მორიგი თავდასხმა უფრო მომზადებულს დაეწყო.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლო მუშაობა, როცა იარსებებდა ასპროცენტიანი რწმენა, რომ ეს [უკრაინაში შეჭრა] არ განმეორდება. ასეთი რწმენა კი არ არსებობს” – თქვა არახამიამ.

დავით არახამია იმასაც აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაციას არ ჰქონდა იურიდიული ძალა, რომ შეთანხმებისთვის ხელი საბოლოოდ მოეწერა და ეს შეთანხმება მხოლოდ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის დროს შეიძლებოდა გაფორმებულიყო. მისი თქმით, ეს დოკუმენტი რომ პუტინს ჰქონოდა, ის მას გაასაჯაროებდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.

მტკიცებას, რომ 2022 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ფაქტობრივად გაფორმდა, უარყოფს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც. 

კულება: “შეთანხმება არ ყოფილა. დიალოგის დაწყება და ვალდებულების აღება ორი სრულიად განსხვავებული საკითხია.”

ხოლო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ წაყენებული პირობების არასახარბიელობაზე კომენტარი ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაცია არა მოლაპრაკებისთვის, არამედ უკრაინის კაპიტილაციაზე დასათანხმებლად იყო გაგზავნილი.

დოკუმენტი, რომელზეც პუტინი საუბრობდა, გასაჯაროებული არ არის, თუმცა მასზე წვდომა ჰქონდა Тhe Wall street Journal-ს. 2022 წლის 15 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტის თანახმად, უკრაინას შეეძლო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობა გაეგრძელებინა, თუმცა არ გაწევრიანდებოდა ნატო-ში ან რომელიმე სხვა სამხედრო ალიანსში. მას ასევე არ ექნებოდა უფლება საკუთარ ტერიტორიაზე უცხოური წარმოების იარაღი განელაგებინა.

რუსეთს სურდა, რომ უკრაინის ჯარის შემადგენლობა მაქსიმუმ 85 000 ყოფილიყო, ჰქონოდა 342 ტანკი და 519 საარტილერიო კომპლექსი, უკრაინულ მხარეს სურდა ჯარის შემადგენლობა 250 000 ყოფილიყო, ტანკების რაოდენობა 800, ხოლო საარტილერიო კომპლექსებია 1 900. როგორც WSJ წერს, უკრაინა უარს ამბობდა შეთანხმებიდან ამოეღო ნაწილი, სადაც რუსული მხარისთვის სამხედრო დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა. ასევე უკრაინა არ თანხმდებოდა სანქციების გაუქმების საკითხს. შეთანხმების თანახმად, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ხოლო 2014 წლიდან რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეთანხმებაში გაწერილი არ იყო და ის ზელენსკისა და პუტინს პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში უნდა განეხილათ. მთავარი პრობლემური საკითხი იყო – რა მოხდებოდა, თუ უკრაინა კვლავ თავდასხმის სამიზნე გახდებოდა. რუსეთს სურდა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა გარანტორს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთსა და რუსეთს, შეთანხმებული რეაგირება მოეხდინათ, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ აგრესორი თავად რუსეთი იქნებოდა. უკრაინას სურდა, რომ თავდასხმის შემთხვევაში გარანტორ სახელმწიფოებს ცა ჩაეკეტათ და ასევე დახმარება მიეწოდებინათ უკრაინისთვის, რასაც რუსეთი არ თანხმდებოდა. რუსეთს გარანტორებში ბელარუსის, ხოლო უკრაინას თურქეთის დამატება სურდა. მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმშიც გაგრძელდა, თუმცა 2022 წლის ზაფხულში მთლიანად შეწყდა. 

WSJ-სთან კომენტარში ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, კონფლიქტების კვლევების ცენტრის დირექტორი კირ ჯაილსი აღნიშნავს, რომ მსგავსი სამშვიდობო შეთანხმებები, უკრაინას მომავალში რუსეთის განმეორებითი აგრესიის მიმართ მოწყვლადს ტოვებს. Chatham House-ის თანახმად, 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში პირველი შეჭრის შემდეგ რუსეთმა 400-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება და კონვენცია დაარღვია და რუსეთის მიერ საქართველოსთან, სირიასთან და უკრაინასთან წარსულში გაფორმებული შეთანხმებებიც მოსკოვმა სათავისოდ გამოიყენა, აღნიშნავს ჯაილსი. 

ნიკოლეიშვილის კომენტარი, რომ რუსეთმა კიევის ოლქიდან ჯარები სამშვიდობო მოლაპარაკებების გამო გაიყვანა ასევე კრემლის ნარატივს იმეორებს. მოლაპარაკებების პარალელურად ბრძოლის ველზე ვითარება კიევის ოლქში უკრაინის სასარგებლოდ საკმაოდ სწრაფად შეიცვალა. უკრაინული მხარე აღნიშნავს, და ამას აშშ-იც ადასტურებს, რომ კიევის ოლქში რუსეთი უკრაინის სამხედრო წარმატების გამო გახდა იძულებული უკან დაეხია. 

კიევის ოლქიდან რუსეთის ჯარების გასვლის შემდეგ ბუჩას მაგალითზე ცალსახა გახდა რუსული არმიის სისასტიკის მასშტაბი, რამაც გარკვეულწილად გავლენა იქონია უკრაინის პოზიციაზე რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართ.

“სტამბოლში ჯერ კიდევ არ გვესმოდა როგორ ომს აწარმოებდა რუსეთი, მისი გენოციდური მიზანი. როცა სტამბოლიდან დავბრუნდით და რუსები კიევის რეგიონიდან გავიდნენ, ვნახეთ მხეცური დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და მივხვდით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთი უკრაინის განადგურებას შეეცდება” – აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

უკრაინის მთავარი მოთხოვნა 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების სრული გაყვანა და სამხედრო დანაშაულში ბრალდებული რუსეთის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. 

გურამ ნიკოლაიშვილმა ასევე გაკვრით აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ინტერესი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით. მსგავსი მანიპულაციური მტკიცება, რომ თითქოს მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის პოზიციის გამო ჩაიშალა წარსულშიც გავრცელდა და მითების დეტექტორმა გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist