10 აპრილს ალტ-ინფოს გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის ორი ინტერვიუს ფრაგმენტი გავიდა. “ალტერნატიული ხედვის” ერთ-ერთი წამყვანის, თათია გაბრიჭიძის თქმით, ეს ვიდეოები ასახავს იმას, თუ როგორ აფასებს მოვლენებს არესტოვოჩი და საერთოდ როგორია მისი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. გადაცემაში ნაჩვენებ პირველ ინტერვიუში არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი არც ისე ჭკვიანია, ისტერიულია, რასაც ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს. ასევე არესტოვოჩის თქმით, სინამდვილეში ხელისუფლებას ეზიზღება ხალხი. მეორე ინტერვიუში არესტოვიჩი ხსნის, თუ როგორ უნდა გავუჩინოთ ადამიანებს ჯერ შფოთვა, შემდეგ დანაშაულის შეგრძნება, ბოლოს კი წამყვანი ჯგუფებისადმი მიკუთვნებულობის განცდა და “მივიყვანოთ იქ, სადაც გვინდა”.
12 და 9 აპრილს არესტოვიჩის ინტერვიუს ფრაგმენტები ფეისბუკ მომხმარებლებმა კონსერვატიული მოძრაობა ხევი ქრისტიანი და ფანტინა გაავრცელეს. 9 აპრილს ინტერვიუს ფრაგმენტი რუსულ ენაზე გაავრცელა ფეისბუქ გვერდმა “სარკრაზმელები”, ხოლო 10 აპრილს “ალტ-ინფოს” ვიდეოში გამოყენებული სხვადასხვა ინტერვიუს ფრაგმენტები გამოაქვეყნეს ინდივიდუალურმა ფეისბუქ ანგარიშებმაც.
არესტოვიჩთან 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტები კონტექსტის გარეშე ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს არესტოვიჩი უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებაზე საუბრობს. რეალურად, პირველ ინტერვიუში არესტოვიჩი უკრაინის იმდროინდელ ხელისუფლებასა და რუსეთზე საუბრობს, თუ როგორ სარგებლობენ ისინი უკრაინელი ხალხის გულუბრყვილობით, მეორე ვიდეოში კი არესტოვიჩთან ინტერვიუს თემა მანიპულაციებს შეეხება და გადაცემის სტუმარი ზოგადად განიხილავს, თუ როგორ შეუძლიათ ხელისუფლებებს ხალხის ქცევაზე მოახდინონ გავლენა.
2017 წლის სექტემბერში ალექსი არესტოვიჩი, როგორც ექსპერტი Апостроф TV-ის ეთერში სტუმრად იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელი მრჩეველი 2014-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოსა და მისი მთავრობის შესახებ საუბრობდა. არესტოვიჩის მაშინ აცხადებდა, რომ რეფორმები ისე სწრაფად არ ტარდებოდა, როგორც საჭირო იყო, თუმცა მთავრობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში რეფორმები პოლონეთზე 2,5-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. არესტოვიჩი აღნიშნავდა იმასაც, რომ უკრაინაში არც ოპოზიცია გამოირჩეოდა ჭკუით და ეს იყო ხალხი, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლება და ფული უნდოდა, სწორედ ამიტომ მათით მანიპულირება ძალიან ადვილი იყო. ამავე ინტერვიუში არესტოვიჩი ამბობდა, რომ უკრაინელი ხალხი არც თუ ისე ჭკვიანი იყო, არც თუ ისე მოხერხებული, გულუბრყვილო და ამიტომ მათ ყველა, როგორც ხელისუფლება, ასევე რუსეთიც იყენებდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებს კიდევ უფრო მეტად აღვივებდა. აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფოს გავრცელებულ ვერსიაში არ ჩანს, თუ რომელ ხელისუფლებაზე საუბრობს არესტოვიჩი და არც ის მონაკვეთია ნაჩვენები, სადაც ის ხალხის მანიპულირებაში რუსეთის როლს ეხება. ამ ნაწილების გამოტოვება არესტოვიჩის ინტერვიუს კონტექსტს უკარგავს. ქვემოთ მოყვანილ ფრაგმენტში მწვანედ არის მითითებული ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც ალტ-ინფოს ეთერში არ გასულა და რომლის გარეშეც მსმენელს არასწორი წარმოდგენა ექმნება არისტოვიჩის სიტყვების კონტექსტზე.
ალექსი არესტოვიჩი: “მათი (რუსეთის) მიზანია სიტუაციის გამწვავება და ჩვენი დასუსტება შიგნიდან. ეკონომიკურად, ორგანიზაციულად დასუსტებული უკრაინის ჩაყლაპვა კი უფრო ადვილია. ისინი ამით სარგებლობენ და ბევრი ადამიანი მათ ნებაყოფლობით ეხმარება. ყველა ერთდროულად ყვირის: ბიზნესმენები, ხალხი, რომ მთავრობა ცუდია, მთავრობა ცუდია. მთელი ეს მოქმედება მიმართულია იქითკენ, სადაც არ არის ინფორმაცია. ხალხი ჰყვება ვარაუდებს და ეს ვარაუდები არის მართული. ეს ყველაფერი არის რუსული სპეცსამსახურების დამსახურება და ამავე დროს უკრაინული მენტალიტეტის ნაკლია. გასაგებია, ესაა შედეგი რუსეთის 400 წლიან მმართველობისა, რომლებიც, ჩვევისამებრ ადგილობრივ ხელისუფლებას ათამაშებენ. ახლა რუსეთი ცდილობს უკრაინა მეზობელი ქვეყნებისთვის საშიშად წამოაჩინოს, რომ უკრაინა საშიში ადგილია ჩამოსულებისთვის, შეიძლება თქვენ იქ დაგხოცონ. უკრაინის მთავრობაც არ მუშაობს სათანადოდ, ის ხალხს ადამიანებად არ თვლის, და ამისთვის პრაქტიკულად ყველა საფუძველი აქვს, გარდა ერთისა – რომ ისინი ყველაფრის მიუხედავად მაინც ადამიანები არიან. ისინი არიან უტვინოები, მოუხერხებლები, ემოციურები, მართვადები, სულით ღარიბები, მაგრამ მაინც ხალხი. ნორმალური ხალხი ამ ქვეყანაში, თითზე ჩამოსათვლელია, რომლებთანაც ლაპარაკი შეიძლება და ესმით რა ხდება. ისინი რომ ხლისუფლებაში მოვიდნენ, მე ამ ქვეყნიდან გავიქცევი.”
ინტერვიუს ამ ფრაგმენტში არესტოვიჩი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორ სარგებლობენ რუსეთი, ასევე უკრაინის ხელისუფლება (პოროშენკო) და ოპოზიცია ხალხის გულუბრყვილობითა და გამოუცდელობით. თავის მხრივ კი, არც თავად ხალხი ცდილობს გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რის გამოც წუწუნებს.
მეორე ვიდეო 2017 წლის ოქტომბერში Politeka Online-ის ეთერში გავიდა. გადაცემის თემა მანიპულაციებს შეეხებოდა – “მანიპულაციები. ვინ და როგორ გვმართავს?”
არესტოვიჩი თავდაპირველად მანიპულაციების შესახებ ზოგადად საუბრობს, ამბობს, რომ მანიპულაცია პროპაგანდის ნაწილია და ადამიანის ქმედებაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. შემდეგ იგი განიხილავს ფარულ მანიპულაციებს, რაც შეიძლება პოლიტიკოსებისთვის იყოს საინტერესო. ფარული მანიპულაციების დროს ადამიანები ვერ ხვდებიან, თუ ვინ მართავთ მათ და ჰგონიათ, რომ არჩევანს თავად აკეთებენ, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ. გარდა ამისა, არესტოვიჩის თქმით, საზოგადოების მანიპულირების პროცესში ინფორმაციის ისე მიწოდება ხდება, რომ ადამიანები მნიშვნელოვანი საკითხებისგან ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაერთონ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაფილტროს ადამიანმა დღის განმავლობაში მიღებული ათასობით ინფორმაცია, როგორ უნდა განასხვაოს მაყურებელმა როდის ხდება მანიპულაცია და დამოუკიდებლად როგორ გააკეთოს დასკვნა (9:00), არესტოვიჩი პასუხობს, რომ მთავარია სურვილი ინფორმაციის გაფილტვრისა, რადგან უმრავლესობას არ სურს ინფორმაციის გაფილტვრა. “ეგაა ძირითადი პრობლემა, სურთ, ეგრევე შთანთქონ ინფორმაცია.” […] ამის შემდეგ არესტოვიჩი იმის ასახსნელად, თუ როგორ მოქმედებს საზოგადოების ქცევაზე მანიპულაცია, საუბრობს ამერიკული სახელმძღვანელოს შესახებ, რომელშიც ფსიქოლოგიური ბრძოლის ეტაპებია გაანალიზებული.
ალექსი არესტოვიჩი: “ამერიკულ სახელმძღვანელოში საიდუმლო ფსიქოლოგიური ბრძოლის შესახებ პირველივე გვერდზე წერია – მთავარია ავითვისოთ დღის წესრიგი. ახლა ყველანი საუბრობენ რადაზე და მაიდანზე, ამით ახდენენ მანიპულაციას. არაა საჭირო მაიდანზე და უმაღლეს რადაზე ვისაუბროთ. საჭიროა, ამოქმედდეს სამი ბერკეტი, როგორც ეს ”დღის წესრიგშია” მითითებული. […] პირველი ესაა განგაში. შემდეგ უნდა გამოიწვიო დანაშაულის გრძნობა – სანამ ბიჭები სანგრებში არიან, თქვენ, ნაძირლები კიევში ერთობით. დადიხართ ღამის კლუბებში. შემდეგ უნდა აამოქმედოთ უსაფრთხოების საჭიროების ღილაკი (დივიზიებმა საზღვარი გადმოკვეთეს, ძაღლმა შესაძლოა თქვენ გიკბინოთ). ამის შემდეგ უნდა შესთავაზო გამოსავალი პრობლემიდან, შექმნა მოლოდინი, რომ გამოსავალი იქნება ასეთი და იმ მომენტისთვის.
არესტოვიჩი ინტერვიუში მანიპულაციის ხერხებს ხსნის. მისი თქმით, ბრბოს ქცევაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, საჭიროა ჯერ მათი დაშინება გამოგონილი მოვლენებით, შემდეგ დანაშაულის შეგრძნების გაღვივება, წაქეზება და მათთვის გამოსავლის შეთავაზება. “ ვეუბნებით, რომ უნდა გააკეთო ესა და ეს შეუერთდე ამა და ამ ჯგუფს და ყველაფერი კარგად იქნება.” არესტოვიჩის თქმით, საზოგადოებაზე გავლენას ახდენს ისეთი ნათქვამები როგორიცაა: “ჩვენ უკრაინელები მაგრები ვართ”, “არ დავუშვებთ მტრის გამარჯვებას”, “ჩვენ უკრაინელებმა მოვიგერიეთ საშინელი აგრესია და აღარაფრის გვეშინია”, “უკრაინელები საუკეთესო ჯარისკაცები არიან” და ასე შემდეგ. ამ მეთოდით ხელისუფლებებს კოლექტიურ ცნობიერებაზე მანიპულაცია და მასების მართვა შეუძლიათ.
ამ ფრაგმენტიდან ნათელი ხდება, რომ ალექსი არესტოვიჩი არა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მოქმედების მეთოდებზე, არამედ მანიპულაციის იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რასაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლება ხალხის ქცევაზე გავლენის მოსახდენად მიმართავს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.