13 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამტკიცებს, რომ ისრაელის გამოცემა Haaretz-ის სტატიის მიხედვით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ იპოვეს ვერანაირი სამხილი და თვითმხილველები, რომლებიც დაადასტურებდნენ 7 ოქტომბერს “ჰამასის” მებრძოლების მიერ ტყვეების მასობრივ გაუპატიურებას. პოსტის ავტორის განცხადებით, არ დასტურდება არც ბავშვების დახოცვა და მათი ყელის გამოჭრა.
გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ჰამასის დანაშაულებზე სამხილები არსებობს, მათ შორის თვითმხილველების ჩვენებებიდან, ხოლო Haaretz-ის სტატიაში საუბარია იმაზე, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის უმეტესობა ჰამასმა მოკლა, ტყვედ ჩავარდა ან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ ახერხებს ამ მძიმე მოვლენებზე საუბარს. ამასთანავე, სტატიაში არსად არის საუბარი ბავშვების დახოცვაზე და მით უმეტეს ამ საქმეში სამხილების არარსებობაზე.
ისრაელის ერთ-ერთი უძველეს და ყველაზე ცნობილ გამოცემა “Haaretz”-ის სტატიაში საუბარია იმაზე, რომ 7 ოქტომბრის მოვლენების გამომძიებლებს მართლაც აქვთ გარკვეული პრობლემები კონკრეტული სამხილების მოძიებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი საბუთი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტერორისტებმა მშვიდობიან მოქალაქეებზე სექსუალურად იძალადეს. პირიქით, ამის დამამტკიცებელი არაერთი სამხილი არსებობს, მათ შორის მოწმეების ჩვენებებიც, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ქალების გაუპატიურების სცენები. მაგალითად, ყოფილი მძევლის ხენ გოლდსტინ-ელმოგის განცხადებით, რამდენიმე მძევალმა მას დაუდასტურა, რომ ისინი გაუპატიურების მსხვერპლნი გახდნენ. მრავალ ცხედარს აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის კვალი, ბევრს სასქესო ორგანოებზე სერიოზული დაზიანებები ჰქონდა მიყენებული და ცხედრები დასახიჩრებული იყო. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, გამოძიებას უჭირს ზუსტი დეტალების დადგენა, რადგან ხანგრძლივი შეტაკებების გამო, დაგვიანდა ცხედრების გამოხსნა და მათი ექსპერტიზაზე გადაყვანა. შედეგად, უმეტეს შეთხვევაში დაუდგენელია კონკრეტულად იმ მსხვეპლების ვინაობაც, ვისზე ძალადობასაც მოწმეები შეესწრნენ და პოლიციას აღუწერეს. ასევე, დაუდგენელია სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც. სწორედ ამ მიზეზთა გამო, გამოძიება ეძებს 7 ოქტომბრის მოვლენების გადარჩენილ მსხვერპლებს, რათა დაკითხონ და მიიღონ მეტ-ნაკლებად სრული ინფორმაცია. ეს პროცესი არც ისე მარტივია, რადგან მათი უმრავლესობა ტერორისტებმა ადგილზევე მოკლეს და ნაწილი გაიტაცეს. ისინი კი ვინც ტყვეობას გადაურჩნენ ან მოლაპარაკების შედეგად ტყვეობიდან გაათავისუფლეს, ჯერჯერობით იმდენად რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ჩვენების მიცემას ვერ ახერხებენ.
Haaretz-ის სტატიაში ყურადღება გამახვილებულია სექსუალური სახის დანაშაულებებზე, ასევე ნახსენებია, რომ როგორც სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისე ორგანიზაცია ზაკას (ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ერთ-ერთი პირველები მივიდნენ დანაშაულების ადგილებზე და გამოიტანეს ცხედრები) წევრებმა ტერორისტების ჩადენილი სისასტიკის არაერთი შედეგი ნახეს და კამერებით აღბეჭდეს კიდეც. თუმცა, სტატიაში არსად არის ნახსენები კონკრეტულად ბავშვებთან დაკავშირებული შემთხვევები. პოსტის ავტორის მტკიცების საპირისპიროდ, ფაქტების გადამმოწმებელი ამერიკული ორგანიზაცია Factcheck.org-ის მიხედვით, 7 ოქტომბრის შეტევისას ჰამასმა მინიმუმ 29 ბავშვი მოკლა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი ყალბი ამბავი გადაამოწმა.
წყაროს შესახებ
ანონიმური ფეისბუქ ანგარიში “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” 2022 წლის აპრილიდან გამოჩნდა და პირველი პოსტი 2022 წლის 12 აპრილს იძებნება. ფეისბუქზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გაერთიანება შეიქმნა ქართულ საჯარო სივრცეში არსებული ცალმხრივი მსჯელობის საპასუხოდ და მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა, თუმცა მეინსტრიმულ მედიაში არ გვხვდება.
2024 წლის 16 იანვრის მონაცემებით, “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანებას” ფეისბუქზე მითითებული აქვს ვებ-საიტი infoanalitika.net, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანების” შექმნიდან, პირველი რამდენიმე თვის მანძილზე გამოქვეყნებული პოსტების უმრავლესობა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა. ანგარიში იმეორებდა რუსულ ნარატივებს და აცხადებდა, რომ უკრაინაში ნაციზმი დიდი პრობლემაა, რომელიც დასავლეთმა წაახალისა.
ერთ-ერთი პოსტი, რომელიც უკრაინას ეხება, ამტკიცებს, თითქოს უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ხელმოწერა უკრაინას ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აუკრძალა. აღნიშნული მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” ანტიუკრაინულის გარდა, ძირითადად ანტიდასავლური და ანტიისრაელური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს და პოსტებში დასავლეთს იმპერიალისტად მოიხსენიებს. “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” მას შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ისრაელი-ჰამასის ომი დაიწყო. აღნიშნულ თემაზე ახალ ამბებს ფეისბუქ ანგარიში ხშირად ცალმხრივად და მანიპულაციურად გადმოსცემს. ასევე, პოსტების შინაარსიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ანგარიშის მიზანი დასავლეთის და დასავლური მედიის დისკრედიტაციაა.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” ავრცელებს უსაფუძვლო ბრალდებას, თითქოს აშშ და ევროკავშირი საქართველოში გადატრიალებას გეგმავს. ანგარიში თავის პოსტებში თავს ესხმის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მათ საქმიანობაზე ნეგატიური შთაბეჭდილების დანერგვას ცდილობს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.