რას ითვალისწინებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

363
VIEWS

21 სექტემბერს ფეისბუქ ანგარიშმა ნაცნობი უფნობი საქართველოში მიწის სისტემური აზომვის შესახებ პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა. ანგარიში ირწმუნება, რომ საქართველოში მიწის სისტემური წერტილოვანი აზომვა ახალი ციფრული ბაზის შესაქმნელად მიმდინარეობს. პოსტის მიხედვით, ბაზისთვის წარსულში უკვე რეგისტრირებულ მიწებს ხელმეორედ არეგისტრირებენ და მათი მფლობელებისგან ელექტრონულ ხელმოწერას ითხოვენ. პოსტისა და ვიდეოს თანახმად, რეგისტრირებულ მიწებზე ყოველთვიური გადასახადი დაწესდება და მისი ვერგადახდის შემთხვევაში მიწის მფლობელი “მსოფლიო ბანკი” გახდება. პოსტში დამატებით აღნიშნულია, რომ საქართველოში მიწის გადასახადი არ არსებობს და მისი დაწესება უნდათ. 

Screenshot 2023 09 27 145742 რას ითვალისწინებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა?

პოსტსა და ვიდეოში აღწერილი პროცესი მიწის “სიტემური რეგისტრაციის ეროვნული პროექტია”, რომელიც 2022-24 წლებში წლებში საქართველოს ტერიტორიაზე სისტემური წესით 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას გულისხმობს. ინფორმაცია, რომ რეგისტრირებულ მიწაზე გადასახადი დაწესდება და გადაუხდელობის შემთხვევაში ის “მსოფლიო ბანკის” შემადგენლობაში გადავა, კონსპირაციულია, მიწაზე ქონების გადასახადი საქართველოში უკვე არსებობს და რეფორმა დამატებითი გადასახადის შემოღებას არ ითვალისწინებს. “მსოფლიო ბანკის” ჯგუფში შემავალმა საერთაშორისო განვითარების ასოციაციამ (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა (IBRD) რეფორმის ცალკეული პროექტების განსახორციელებლად სესხები გამოყვეს. 

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტსა და ვიდეოში აღწერილი პროცესი “სიტემური რეგისტრაციის ეროვნული პროექტია”, რომელიც მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ნაწილია

რეფორმას “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს” და ის წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მიწის აზომვას, შესაბამისი დოკუმენტების მოძიებასა და საკუთრების დარეგისტრირებას ითვალისწინებს

რეფორმის ფარგლებში 2016 წლიდან რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელდა, მათ შორის: “მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი”, “სისტემური რეგისტრაცია საირიგაციო არეალებზე” და “სისტემური რეგისტრაცია მაღალმთიან არეალებზე”. 

რაც შეეხება “სიტემური რეგისტრაციის ეროვნული პროექტს”, ის 2022 წელს დაიწყო და მიზნად შემდგომი ორი წლის მანძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ისახავს. პროექტი დაურეგისტრირებელ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს მოიცავს, ასევე იმ მიწის ნაკვეთებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია დასაკორექტირებელია. 

რეგისტრაციის პროცესი საველე ინფორმაციის მოძიებასა და მონაცემების სამართლებრივ დამუშავებას მოიცავს. საველე სამუშაოებს რეგისტრატორისა და ამზომველებისგან შემდგარი ჯგუფი ახორციელებს. ისინი მუშაობის პროცესში მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ელექტრონულ ოქმს ადგენენ, რომელიც როგორც მიწის ნაკვეთის უფლებრივ, ისე გეოინფორმაციული მდგომარეობის ამსახველ ინფორმაციას შეიცავს. გარდა ამისა, ოქმში შედის პროცესის დამსწრე პირთა მონაცემები და ხელმოწერები და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა

რა კავშირი აქვს რეფორმასთან მსოფლიო ბანკს და ითვალისწინებს თუ არა პროექტი ახალ გადასახადებს?

რეფორმაში “მსოფლიო ბანკის” ჯგუფში შემავალი ორი სუბიექტია ჩართული. “მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი” 2016-2019 წლებში “საერთაშორისო განვითარების ასოციაციასთან” (IDA) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების, ხოლო “სისტემური რეგისტრაცია საირიგაციო არეალებზე” 2020-2022 წლებში “რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკთან” (IBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. “სიტემური რეგისტრაციის ეროვნული პროექტიც IBRD-ს სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება

რაც შეეხება მიწის გადასახადს, საქართველოში მიწაზე ქონების გადასახადი უკვე არსებობს და ის ეხება ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრ მიწას ფლობს. გადასახადის ოდენობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში განსხვავებულია და ის ასევე დამოკიდებულია მიწის კატეგორიაზე (გამოიყენება თუ არა მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით).  

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკითხი “საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში” გვხვდება, სადაც “მიწის კოდექსის” შექმნაა გათვალისწინებული

გეგმის მიხედვით კოდექსის შექმნა საჭიროა, რადგან მიწასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებშია დაქსაქსული, ასევე მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების ერთიანი სისტემა არ არსებობს და მესაკუთრის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დამუშავების ვალდებულება დადგენილი არაა

“მიწის კოდექსის” მიზანია თავი მოუყაროს ყველა იმ რეგულაციას, რომლებიც მიწის შენარჩუნებას, გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციასა და სამართალურთიერთობებში ყველა პირის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა რაიმე ახალი გადასახადის შემოღებას არ ითვალისწინებს. მტკიცება, რომ პროცესი “მსოფლიო ბანკისა” და მთავრობის გეგმის ნაწილია, რომლის შედეგიც ქართული მიწების ბანკისთვის გადაცემა იქნება, კონსპირაციულია და მტკიცებულებებს არ ემყარება. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში ნაცნობი უფნობი იგივე “ფანტინა” ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშის მეშვეობით ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist