როგორ მანიპულირებს ალტ-ინფო ოჯახური ძალადობის მუხლით და რას გვეუბნება პროკურატურის სტატისტიკა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

46
VIEWS

5 მარტს სატელევიზიო არხ “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი”, წამყვანებმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და გიორგი ძველაიამ განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარეობს დასავლეთიდან მართული პროცესები, რომლის ფარგლებშიც ოჯახების დაშლას მამაკაცების დაჭერით ცდილობენ და ამისთვის, ოჯახური ძალადობის მუხლებს იყენებენ. მათი მტკიცებით, ოჯახის წევრები ისჯებიან ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე აქვს უბრალოდ დაყვირებას და რეალურად, რაიმე მნიშვნელოვანი სახის კონფლიქტი ოჯახში არ ხდება. ამ მტკიცების დასტურად, გადაცემაში აჩვენეს საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ 2023 წლის წლის პირველი 9 თვის დანაშაულებრივი სტატისტიკის პრეზენტაცია, რომელშიც იგი გვამცნობს, რომ ოჯახურ ძალადობის შემთხვევების 87%-ში პროკურატურა სასჯელის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რომლის 72.4% სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. ფალავანდიშვილის მტკიცებით, ამით შოთაზე პრაქტიკულად პირდაპირ ამბობს, რომ თუ ცოლის და ქმრის ჩხუბზე მეზობელი დარეკავს პოლიციაში, 87%-ში შემთხვევაში ქმარს პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის სტატისტიკა

ალტ-ინფოს გადაცემაში შოთაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკით მანიპულირებენ. რეალურად, შოთაძე აღნიშნულ ვიდეოში საუბრობს სასამართლო პროცესამდე მისულ საქმეებზე, რომელთა შორისაც მძიმე ოჯახური დანაშაულებებიც შედის. ამასთანავე, ოჯახური ძალადობის რეგისტრირებული ფაქტების დიდი ნაწილი სასამართლომდე არ მიდის და შესაბამისად პატიმრობის მოთხოვნაც არ ხდება. 

ოჯახური დანაშაული საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 111-ე მიხედვით განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ეს მუხლები მოიცავს განზრახ მკვლელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან საშუალო დაზიანებას, ძალადობას, გაუპატიურებას, გარყვნილი ქმედების ჩადენას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, პროსტიტუციაში ჩაბმას, საკუთრების დაზიანებას და ა.შ. 111-ე  მუხლის გარდა, სისხლის სამართლის კოდექსში ასევე ჩაწერილია 1261-ე   მუხლი, რომელიც ოჯახურ ძალადობის ისეთ შემთხვევებს განსაზღვრავს, როდესაც ხდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და ამასთანავე არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან საშუალო დაზიანება.  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირაკლი შოთაზე მის პრეზენტაციაში საუბრობს ორივე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, შედეგად ნახსენებ 87%-ში იგულისხმება ისეთი ოჯახური დანაშაულებებიც, რომლის დროსაც მოხდა ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანების განზრახ მიყენებისა და სხვა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებიც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 1261 მუხლით ოჯახში ძალადობაზე 3127 დანაშაული იყო რეგისტრირებული, ხოლო შსს-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 6 510 შემაკავებელი ორდერია გამოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეების დიდი ნაწილი სასამართლომდე არ მიდის და შედეგად ვინმეს დაპატიმრების საკითხი დღის წესრიგში არ დგება. ასევე, აღსანიშნია, რომ მთლიანი 2023 წლის მონაცემებით ოჯახურ ძალადობაზე სულ 8734 შემაკავებელი ორდერი გამოიცა,  ოჯახში ძალადობის 1261” მუხლით მთელი წლის მანძილზე სულ 4101 საქმე დარეგისტრირდა,  ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 1261 მუხლით  სამართლებრივი დევნა კი 2660 პირზე დაიწყო. 

 1261 -ე მუხლით დანაშაული  ისჯება ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით. თუ ეს ქმედება ჩადენილია: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, ან არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ან ორი ან მეტი პირის მიმართ, ან ჯგუფურად, ან არაერთგზის, სასჯელი განისაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ტელეკომპანია ალტ-ინფო ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებულთა სტატისტიკის შესახებ დეზინფორმაციას წარსულშიც ავრცელებდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist