ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ოჯახში ძალადობის სტატისტიკის და ამ მუხლით დაკავებულთა შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

2.2k
VIEWS

22 ნოემბერს სატელევიზიო არხ ალტ-ინფოს ფეისბუქ გვერდმა “ალტერინფო” გამოაქვეყნა ნაწყვეტი ალტ-ინფოს გადაცემიდან “რეალპოლიტიკა”. გადაცემაში ზურა მახარაძე ამბობს, რომ დღეს ციხეში მყოფი კაცების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მუხლით ზის, თუმცა მათი 90% დაპატიმრებული არ არის მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენების გამო.

ზურა მახარაძე: “უმეტესობა მაგ ადამიანების რაზე ზიან იცი? აი ყვირილის ხმა გამოდიოდა მაგათი სახლიდან, ან ცოლი გაბრაზდა და დარეკა პატრულში და უთხრა რომ ეს ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობს…როცა მეზობელმა, სხვა ოჯახის წევრმა ან ქალმა დარეკა, მოდის პოლიცია, კაცს კიდებს ხელს, მიათრევს, როგორც მინიმუმ.”

მახარაძეს ამ მტკიცების დასადასტურებლად მოჰყავს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის სტატისტიკის მაჩვენებელი დინამიკაში და ამბობს, რომ ამ სტატისტიკის მიხედვით, თითქმის 100%-იანი გარანტიაა, რომ ოჯახურ დანაშაულზე ადამიანს ციხეში გაუშვებენ.

ojakhshidzaladoba ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ოჯახში ძალადობის სტატისტიკის და ამ მუხლით დაკავებულთა შესახებ

მტკიცება, რომ ციხეში მყოფი კაცების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მუხლით ზის და მათი 90% არა ძალადობის, არამედ ყვირილის, ცოლის გაბრაზების და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ზის, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე მცდარია მტკიცება, რომ ოჯახურ დანაშაულზე თითქმის 100%-იანი გარანტიაა, რომ ბრალდებულს ციხეში გაუშვებენ. რეალურად, ოჯახური ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაული სულ რეგისტრირებული დანაშაულის მცირე პროცენტს წარმოადგენს (2022 წელს დაახლოებით 7.8%), ხოლო ოჯახურ დანაშაულზე რეაგირების შემთხვევებში შემაკავებელი ორდერის გამოწერის მაჩვენებელი ბევრად აღემატება გამოძიების დაწყების და შესაბამისად პატიმრობის განსაზღვრის მაჩვენებელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ეს მუხლები მოიცავს განზრახ მკვლელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან საშუალო დაზიანებას, ძალადობას, გაუპატიურებას, გარყვნილი ქმედების ჩადენას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, პროსტიტუციაში ჩაბმას, საკუთრების დაზიანებას და ა.შ.  გარდა აღნიშნული მუხლისა, ოჯახში ძალადობას ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი და მოიცავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და ამასთანავე არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან საშუალო დაზიანება.

ზურა მახარაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკა ამოღებულია 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც პროკურატურის მიერ ოჯახურ დანაშაულზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას და სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლის ზრდას ეხება. სტატისტიკა ოჯახური დანაშაულის ყველა შემთხვევას მოიცავს და არა მხოლოდ 1261 მუხლით გათვალისწინებულს. გარდა ამისა, ის, რომ პროკურატურის მიერ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია, არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა ყველა შემთხვევაში კმაყოფილდება სასამართლოს მიერ და ბრალდებულს სასჯელის სახით პატიმრობა განესაზღვრება.

1261 -ე მუხლით დანაშაული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ისჯება ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით. თუ ეს ქმედება ჩადენილია: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, ან არასრულწლოვლის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ან ორი ან მეტი პირის მიმართ, ან ჯგუფურად, ან არაერთგზის, სასჯელი განისაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

2022 წლის სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშებიდან ჩანს, რომ ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაული საერთო რაოდენობის დაახლოებით 7.8%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება ამ მუხლით დევნის დაწყების მაჩვენებელს, ის არათუ ყველა დანაშაულის, არამედ მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ნახევარსაც არ შეადგენს (დაახლოებით 45.5%).

2022 წლის თვე დევნის დაწყება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე – ოჯახში ძალადობა (მუხლი 1261) დევნის დაწყება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (გარდა 1261 მუხლისა)  – ძალადობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება, სხვა სულ რეგისტრირებული დანაშაული ოჯახში ძალადობის (მუხლი 1261) რეგისტრირებული შემთხვევები
იანვარი 213 222 4325 368
თებერვალი 175 243 4405 319
მარტი 216 293 4984 325
აპრილი 217 285 5284 345
მაისი 244 341 4968 344
ივნისი 273 330 5251 438
ივლისი 234 241 5045 404
აგვისტო 248 246 5006 394
სექტემბერი 257 314 4750 394
ოქტომბერი 236 251 4822 376
ნოემბერი 224 267 4735 382
დეკემბერი 266 321 4582 425
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სისხლის სამართლის სტატისტიკა, 2022 წლის ანგარიში თვეების მიხედვით

2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევებში გამამტყუვნებელი განაჩენი 898 შემთხვევაში დადგა, მაშინ, როდესაც სულ მსჯავრდებულთა რაოდენობამ 2022 წელს განხილული საქმეების შედეგად 18 850-ს მიაღწია, საიდანაც 17 686 კაცია.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი აღკვეთის მექანიზმებს შეეხება. ამ მუხლის მიხედვით, ამ დანაშაულების გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. გარდა ზემოთ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი მექანიზმისა, დაპატიმრება შესაძლოა მოხდეს ადმინისტრაციული სამართლის მექანიზმების გამოყენებისასაც, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 246-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოებს აქვთ უფლება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის დროს გამოიყენონ ადმინისტრაციული დაკავების უფლება. 247-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი შესაძლოა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ, თუმცა ის სასამართლოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 24 საათისა, ხოლო დაკავების ვადის გახანგრძლივება ასევე არაუმეტეს 24 საათით არის შესაძლებელი.

პატიმრობის გარდა რა მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას?

გარდა დაკავებისა, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას მსხვერპლის დასაცავად და მოძალადის ქმედებების შესაზღუდად გამოიყენება დამცავი და შემაკავებელი ორდერები. დამცავ ორდერს პირველი ინსტანციის სასამართლო გამოსცემს, შემაკავებელს კი – პოლიციის უფლებამოსის თანამშრომელი.

2021 წელს საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის  შემთხვევებზე სულ 84 დამცავი ორდერი გაიცა. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, დამცავი ორდერი 9 თვემდე ვადით გამოიცემა და მის ხანგრძლივობას სასამართლო წყვეტს.

ojakhshidzaladoba1 ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ოჯახში ძალადობის სტატისტიკის და ამ მუხლით დაკავებულთა შესახებ
წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, კონკრეტული მუხლებით (განზრახ მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ძალადობა და ა.შ.) გამოძიების დაწყებისას ან გამოძიების მიმდინარეობის დროს პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელი ვალდებულია დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოსცეს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს ძალადობის განმეორების რისკს და მისი სიმძიმის მიხედვით იღებს შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას.

დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვთ მსხვერპლს, მისი ოჯახის წევრს ან მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან მისთვის სამედიცინო, იურიდიული ან ფსიქოლოგიური დახმარების გამწევ პირს (მუხლი 11). მე-12 მუხლის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი 1 თვემდე ვადით გამოიცემა.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-10მუხლი მოიცავს მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების და განხორციელების წესებს. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება ხდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის იმას, დარღვეული აქვს თუ არა მოძალადეს წარსულში შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი.

შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან/და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას საგანგაშო ზონის შესახებ დაწესებული პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381მუხლით დამრღვევი შესაძლოა დაჯარიმდეს ან განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოყენება ოჯახური ძალადობის შემთხვევაში ხშირად ხდება და ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება ამ მუხლით გამოძიების დაწყების ფაქტებს. მაგალითად, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახში ძალადობის შესაძლო ფაქტზე 1261 მუხლით გამოძიება 3 064 შემთხვევაში დაიწყო, ხოლო გამოიცა 6 520 შემაკავებელი ორდერი.

2023 წლის 9 თვის მონაცემებით კი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 6 510 შემაკავებელი ორდერია გამოცემული, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში 1261 მუხლით ოჯახში ძალადობაზე 3127 დანაშაულია რეგისტრირებული.

ojakhshidzaladoba2 ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ოჯახში ძალადობის სტატისტიკის და ამ მუხლით დაკავებულთა შესახებ

ojakhshidzaladoba5 ალტ-ინფოს დეზინფორმაცია ოჯახში ძალადობის სტატისტიკის და ამ მუხლით დაკავებულთა შესახებ

დეზინფორმაცია ოჯახური ძალადობის შემთხვევებში მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე გადატანის შესახებ

ალტ-ინფოს ამავე გადაცემაში ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე გადადის:

ალექსანდრე ფალავანდიშვილი: “წესით, სამართალში არის, რომ ბრალმდებელს ეკისრება მტკიცებულების ტვირთი. ამ შემთხვევაში, შეგნებულად არის შეცვლილი მიმართება, ამას არც არავინ უარყოფს, და ბრალდებულმა, ანუ ვისაც აბრალებენ ამ დანაშაულს, იმან უნდა ამტკიცოს, რომ, უხეშად რომ ვთქვათ, სპილო არ არის. მან უნდა მოიტანოს მტკიცებულება, რომ ხელი არ დაურტყამს.”

დეზინფორმაცია, თითქოს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად ბრალდებულზე გადადის “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist