რა წერია რეალურად ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

492
VIEWS

8 აგვისტოს გაზეთში “საქართველო და მსოფლიო” გამოქვეყნდა ინტერვიუ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ:

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი: “რკინის ფარდა ეშვება და ამ ფარდის მიღმა რჩება დასავლეთი, რომელმაც განიზრახა, გენდერული დიქტატურის ქვეშ მოექცია ყველა, მათ შორის საქართველოც, რომელსაც საშინაო დავალებად აქვს მიცემული ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინების დაკანონება. 12-პუნქტიან დავალებაში წერია, რომ ლგბტ თემის წევრები სახელმწიფო მმართველობაში უნდა იყვნენ”

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია 6 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემაც გაავრცელა. შარაბიძეც წერდა, რომ ევროკავშირის “12-პუნქტიან დავალებაში”  ერთ-ერთუ მოთხოვნა LGBT თემის წევრების სახელმწიფო მმართველობაში ყოფნაა.

1 1 რა წერია რეალურად ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმაში?

მტკიცება, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცებული 12-პუნქტიანი დავალება სახელმწიფო მმართველობაში ლგბტ თემის წარმომადგენელთა ყოფნას მოიცავს, მანიპულაციურია. ევროპული კომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციაში საუბარია საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგაქიზაციაზე, მედია გარემოს და ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაზე, თუმცა მასში ლგბტ თემის სახელმწიფო მმართველობაში ყოფნის საკითხი ნახსენები არ არის. ტყუილია ასევე მტკიცება, რომ 12 პუნქტიანი შეთანხმება ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინების დაკანონებას ითვალისწინებს.

2022 წლის 17 ივნისს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატობის თაობაზე ევროპულმა კომისიამ რეკომენდაციები გამოსცა. უკრაინასა და მოლდოვას რეკომენდაციის საფუძველზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. ევროპული კომისიის შეფასებით, საქართველოში დამატებითი რეფორმებია საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის გარდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მიიღოს. ევროპულმა კომისიამ ჩამოაყალიბა 12 პუნქტი, რომელშიც გაწერილია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ამისათვის, თუმცა ლგბტ თემის წარმომადგენელთა სახელმწიფო მმართველობაში ყოფნის საკითხი ამ პუნქტებში ნახსენები არ არის. რეკომენდაციები შეეხება:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრას პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით
  2. სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილ და დამოუკიდებელ მუშაობას ეფექტიანი ანგარიშვალდებულების და დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერებით; საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას
  3. მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას; ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას
  4. ანტი-კორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გადაჭრას
  5. დეოლიგარქიზაციას
  6. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას
  7. თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფას
  8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გაძლიერებას
  9. გენდერული თანასწორობის და ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან ბრძოლის გაძლიერებას
  10. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას
  11.  ქართული სასამართლოს მიერ ევროპული სასამართლოს განაჩენების საკუთარ გადაწყვეტილებებში პროაქტიულად გათვალისწინებას
  12. სახალხო დამცველის არჩევის პროცესის გამჭვირვალობას და აპარატის ეფექტიან ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას

აღნიშნული პუნქტებიდან ერთ-ერთი მართლაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, რაშიც მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის დამკვეთთა მართლმსაჯულების წინაშე შედეგიანი წარდგენა მოიაზრება. ამ პუნქტში საუბარი არ არის ლგბტ თემის წარმომადგენელთა სახელმწიფო მმართველობაში ყოფნაზე.

კიდევ ერთ პუნქტი საუბარია გენდერული თანასწორობის ზრდისათვის ძალისხმევის გაძლიერებაზე, რაც ქალთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფას გულისხმობს და ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს.

12 პუნქტის ტექსტი ქართულ ენაზე საჯაროდაა ხელმისაწვდომი

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ევროკავშირი საქართველოს ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების დაკანონებას ავალებს, მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. მტკიცება, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა ან კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიან პირთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს, მცდარია. რეალურად, მსგავსი ვალდებულება არც 12-პუნქტიან გეგმაში და არც ევროკავშირის კითხვარში გვხვდება როგორც ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ “მითების დეტექტორთან” კომენტარში განაცხადა, ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება ან სხვა სახის პარტნიორობა არ არის “ევროკავშირის სტანდარტი” და ის წევრი ქვეყნების მიერ ავტონომიურად მიღებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist