ავალდებულებს თუ არა ევროკავშირის კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.1k
VIEWS

განახლება: მასალას დაემატა საქართველოში ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლობის კომენტარი


16 აპრილს ფეისბუქ გვერდმა ალტნიუსი ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” გადაცემიდან “ალტერნატიული ხედვა” ნაწყვეტი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “გეი ქორწინება, როგორც დასავლეთში ინტეგრაციის ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტი ევროკავშირის კითხვარში.” ვიდეოში “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო საქართველოსთვის გადმოცემული ევროკავშირის კითხვარის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად “გეიქორწინების” დაკანონება საქართველოსთვის აუცილებელია, რაც ევროკავშირის კითხვარმა დაადასტურა. მარტინენკოს მიხედვით, სახელმწიფოს ევროკავშირში მიღების გადაწყვეტილება მხოლოდ კითხვარში ჩამოთვლილ პუნქტებზე და მასზე გაცემულ პასუხებზეა დამოკიდებული. 

ვიდეო “ალტერნატიული ხედვის” 15 აპრილის გადაცემიდანაა ამოჭრილი. ალტ-ინფოს იდენტური აღწერით ევროკავშირის კითხვარის შესახებ მასალა ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისმაც” გამოაქვეყნა.

ამ საკითხზე ინფორმაციას ფეისბუქის სხვადასხვა ინდივიდუალური ანგარიშებიც ავრცელებდნენ. ფეისბუქ მომხმარებლები ავთო შეგელაშვილი და თეო ჯაველიძე წერდნენ, რომ კითხვარში იმ პირობების სიაა წარმოდგენილი, რასაც ევროკავშირი ითხოვს.

Screenshot 38 1 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირის კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

Screenshot 39 1 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირის კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

ევროკავშირის კითხვარში ოჯახის შესახებ დასმული შეკითხვასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება. რეალურად: 1) საქართველოსთვის გადმოცემულ ევროკავშირის კითხვარში არსად არ წერია, რომ ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების დაკანონება ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელი პირობაა; 2) ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნულ კითხვარზე დაყრდნობით არ მიიღება და ეს პროცესი ექსპერტების ვიზიტებს, მათ ანგარიშებს და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებს მოიცავს.  “მითების დეტექტორთან” კომენტარში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ან სხვა სახის პარტნიორობა არ არის „ევროკავშირის სტანდარტი“, არამედ მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომელსაც ავტონომიურად იღებენ.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს 11 აპრილს ლუქსემბურგში გადასცა. 15 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული კითხვარი გამოაქვეყნა. 

srinili1 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირის კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

კითხვარი ჯამში 369 კითხვისგან შედგება. შეკითხვა ქორწინების შესახებ კითხვარის “ფუნდამენტური უფლებების” შესახებ ნაწილის E ქვეპუნქტში “ქორწინების და ოჯახის შექმნის უფლება” 198-ე შეკითხვას წარმოადგენს.

sqrini2 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირის კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?

შეკითხვა შემდეგნაირადაა ფორმულირებული: 

ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარი: “განიხილეთ, თუ როგორ არის დაცული ქორწინების უფლება და ოჯახის შექმნის უფლება შიდა კანონმდებლობით, მათ შორის პარტნიორობის ფორმები, რომლებიც ერთნაირსქესიანი  წყვილებისთვის ხელმისაწვდომია.”

კითხვარის ამ ან სხვა ნაწილში არსადაა ნათქვამი, რომ ერთნაირსექსიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების დაკანონება ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნული შეკითხვა მხოლოდ ქორწინებასთან დაკავშირებით ადგილობრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ისახავს მიზნად. 

განახლება: “მითების დეტექტორი” ამ საკითხზე კომენტარისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. წერილობით კომენტარში მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ყველა უმცირესობის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებას ითხოვს. რაც შეეხება ერთნაირსქესიანთან წყვილების ქორწინებას, მათი თქმით, ეს არ არის “ევროკავშირის სტანდარტი” და გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები თავად იღებენ. 

კითხვართან დაკავშირებით, მითების დეტექტორთან კომენტარში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე აღნიშნა, რომ კითხვარის მიზანია დაეხმაროს ევროკომისიას სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია განმცხადებელ ქვეყანაში სხვადასხვა სფეროების ფართო სპექტრში. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში კითხვები პირდაპირ კავშირშია მოთხოვნებთან ან სტანდარტებთან, რომლებიც დადგენილია ევროკავშირში და სავალდებულოა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ არა ყოველთვის.

“კითხვა №198 ეხება ზოგადად დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლებას, სადაც დასმულია კონკრეტული შეკითხვა, ღიაა თუ არა პარტნიორობა ერთსქესიანი წყვილებისთვის განმცხადებელ ქვეყანაში. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ან სხვა სახის პარტნიორობა არ არის ნორმა მთელ ევროკავშირში და არც „ევროკავშირის სტანდარტი“, არამედ მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომელსაც ავტონომიურად იღებენ, რადგან ეს მათ ეროვნულ კომპეტენციას ექვემდებარება.” – განმარტავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება რომ ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა არ არის, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ამგვარი კავშირი კანონიერი არ არის ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში. 

2021 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთნაირსექსიან წყვილთა ქორწინება ლეგალურად დაშვებულია ევროკავშირის 13 ქვეყანაში, ეს ქვეყნებია: ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, შვედეთი, პორტუგალია, დანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, ფინეთი, მალტა, გერმანია და  ავსტრია. 

ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, თუმცა კანონიერია ერთნაირსექსიან წყვილთა შორის სამოქალაქო კავშირი ევროკავშირის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში: ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია და სლოვენია

ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ან სამოქალაქო კავშირი კონსტიტუციის დონეზე აღიარებული არ არის. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი. აღსანიშნავია, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები ქორწინებასა და საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს დამოუკიდებლად წყვეტენ და არ არსებობს კანონი, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს. 

  • იღებს თუ არა ევროკომისია ევროკავშირის წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ კითხვარზე დაყრდნობით?

შოთა მარტინენკოს მტკიცებით, კონკრეტული სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კითხვარზე გაცემული პასუხები განსაზღვრავს. რეალურად, წევრობასთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილება მხოლოდ კითხვარში დაფიქსირებულ პასუხებს არ ემყარება. ევროკავშირის განმარტების მიხედვით, მართალია, კითხვარი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი ელემენტია, თუმცა არა ერთადერთი. 

 

 

sqrini3 ავალდებულებს თუ არა ევროკავშირის კითხვარი საქართველოს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?
ფოტო: ec.europa.eu

კითხვარის პარალელურად კომისია განმცხადებელ ქვეყანაში წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელი  ექსპერტების მრავალ სადამკვირვებლო მისიას აგზავნის. ამას გარდა, კომისია ქვეყნის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშებს იღებს და კონსულტაციებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ხვდება და მიღებულ ინფორმაციას აფასებს. ამავდროულად, ნებისმიერ დაინტერესებულს მხარეს კომიიისთვის კონკრეტული ინფორმაციის გაგზავნა შეუძლია. 

დეზინფორმაციები იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა დააკანონოს, წლებია ვრცელდება, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist