2024 წლის 28 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა “საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანება” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაავალდებულა ისრაელი, დაუყოვლებლივ შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა და პალესტინელების წინააღმდეგ სიძულვილის წაქეზება. ამასთანავე, ისრაელი ვალდებულია შეიტანოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, არ გაანადგუროს სამხილები გენოციდის შემსწავლელი კომისიისათვის და სასამართლოს ერთ თვეში აჩვენოს დაკისრებული ვალდებულებების შესრულების რეპორტი. პოსტის ავტორის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოცხადდება კრიმინალურ სახელმწიფოდ. ფეისბუქ ანგარიში პოსტს თან ურთავს ფოტოს აღწერით “ფოტოზე კი თქვენ ხედავთ ღაზის ეგვიპტესთან სასაზღვრო ქალაქ რაფასთან დევნილთა ბანაკების მდგომარეობას ყოველი წვიმის შემდეგ”.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანების” მტკიცებები ნაწილობრივ მცდარია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ ისრაელი ვალდებულია შეწყვიტოს ღაზის ტერიტორიის დაბომბვა. ამასთანავე, პოსტში ატვირთული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 26 იანვარს მიიღო პირველადი განჩინება ისრაელ-ჰამასის ომის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ მოუწოდა ისრაელს, გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რაც მოახდენს პალესტინელთა გენოციდის თავიდან აცილებას. თუმცა, გაეროს უმაღლესმა სასამართლომ არ დაავალდებულა ისრაელი, რომ შეწყვიტოს ცეცხლი და საომარი მოქმედებები ჰამასის წინააღმდეგ, რაც ისრაელის წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა.
ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორზე შეტევის საპასუხოდ, რომელიც გამოიწვია 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრამ, 1200 ადამიანის მოკვლამ და 240-ის გატაცებამ, სამხრეთ აფრიკამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა საჩივარი ისრაელი წინააღმდეგ და სახელმწიფო პალესტინელთა წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა. 26 იანვრის განჩინება სწორედ ამ აღძრული საქმის ერთ-ერთი ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ისრაელს 6 ვალდებულება დააკისრა:
- ისრაელი ვალდებულია მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა რათა თავიდან აიცილოს ყველა ქმედება, რომელიც შედის გენოციდის შესახებ გაეროს კონვენციის ფარგლებში. ისრაელმა უნდა იმუშაოს, რომ აღკვეთოს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის: მკვლელობა; სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენება; ჯგუფის განზრახ ჩაყენება ისეთ ცხოვრების პირობებში, რომლებიც გათვლილია მის ფიზიკურ განადგურებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ; ისეთი ღონისძიებების გატარება რაც ხელს შეუშლის მშობიარობას;
- ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი არმია არ ჩაიდენს იმ სახის დანაშაულებს, რაც პირველ პუნქტშია აღწერილი.
- ისრაელმა უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, იმისათვის რომ თავიდან აიცილოს და დასაჯოს გენოციდის პირდაპირი და საჯარო წაქეზება ღაზის სექტორში პალესტინის ჯგუფის წევრებთან მიმართებაში.
- ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებელი და ქმედითი ზომები, რათა უზრუნველყოს სასწრაფოდ საჭირო ძირითადი სერვისები და ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში პალესტინელების ცხოვრების არახელსაყრელი პირობების გადასაჭრელად.
- ისრაელმა უნდა მიიღოს ქმედითი ზომები გენოციდის კონვენციის შესაბამისი მუხლების ფარგლებში ქმედებების ბრალდებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურების თავიდან ასაცილებლად და შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
- ისრაელმა უნდა წარუდგინოს სასამართლოს მოხსენება ყველა ღონისძიების შესახებ, რომელიც მიიღეს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მიზნით, ამ განაჩენის გამოტანის დღიდან ერთი თვის განმავლობაში.
ორივე მხარემ სცადა განაჩენის საკუთარ გამარჯვებად წარმოჩენა. ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის უგულებელყოფა სასამართლოს მიერ ისრაელმა მიიჩნია სწორ გადაწყვეტილებად და განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის თავდაცვის უფლების აღიარება. მეორე მხრივ, პალესტინელებმა საკუთარ გამარჯვებად აღნიშნეს ის ფაქტი, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ მკაცრად გაკიცხა ისრაელის სამხედრო ტაქტიკა, რამაც გამოიწვია ღაზაში დაღუპულთა დიდი რაოდენობა და ჰუმანიტარული კატასტროფა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, ეს პროცესი არ დასრულებულა და ის სავარაუდოდ რამდენიმე წლის მანძილზე გაგრძელდება, რადგან გენოციდის დანაშაულის გამოვლენა და დამტკიცება ძალიან რთული პროცესია, მითუმეტეს მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ისრაელისთვის ცეცხლის შეწყვეტა არ დაუვალდებულებია, განაჩენის სრულად შესრულება საკმაოდ რთული იქნება საომარი მოქმედებების დროებით გაჩერების გარეშე.
- პალესტინელი ბავშვების ფოტო ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი
პოსტში ატვირთული ფოტო, რომელშიც ორი ბავშვი კარავში, ტალახზე წევს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არის გენერირებული. ის სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით X -ზე(ყოფილი ტვიტერი) აქტიურად ვრცელდება, როგორც რეალური ფოტო. თუმცა, კარგად დაკვირვების შემთხვევაში შესამჩნევია რამდენიმე შეუსაბამობა, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისკენ მიუთითებს. მაგალითად, ერთ-ერთ ბავშვს ფეხზე მხოლოდ 4 თითი აქვს, ხელზე კი ვხედავთ 5 თითს, რომელშიც ცერა თითი არ ჩანს. ასევე არაბუნებრივია მათი ყურის ფორმებიც. ეს ფოტო ფაქტების გადამმოწმებელმა პალესტინურმა ორგანიზაციამაც გადაამოწმა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულად შეაფასა. მათ ასევე ატვირთეს ბავშვების რეალური ფოტო დევნილთა კარავიდან, რომელიც, სავარაუდოდ, გამოიყენეს ყალბი ფოტოს შესაქმნელად.
წყაროს შესახებ:
ანონიმური ფეისბუქ ანგარიში “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” 2022 წლის აპრილიდან გამოჩნდა და პირველი პოსტი 2022 წლის 12 აპრილს იძებნება. ფეისბუქზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გაერთიანება შეიქმნა ქართულ საჯარო სივრცეში არსებული ცალმხრივი მსჯელობის საპასუხოდ და მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც საზოგადოების ინტერესის სფეროა, თუმცა მეინსტრიმულ მედიაში არ გვხვდება.
2024 წლის 16 იანვრის მონაცემებით, “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანებას” ფეისბუქზე მითითებული აქვს ვებ-საიტი infoanalitika.net, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანების” შექმნიდან, პირველი რამდენიმე თვის მანძილზე გამოქვეყნებული პოსტების უმრავლესობა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა. ანგარიში იმეორებდა რუსულ ნარატივებს და აცხადებდა, რომ უკრაინაში ნაციზმი დიდი პრობლემაა, რომელიც დასავლეთმა წაახალისა.
ერთ-ერთი პოსტი, რომელიც უკრაინას ეხება, ამტკიცებს, თითქოს უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ხელმოწერა უკრაინას ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აუკრძალა. აღნიშნული მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” ანტიუკრაინულის გარდა, ძირითადად ანტიდასავლური და ანტიისრაელური შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს და პოსტებში დასავლეთს იმპერიალისტად მოიხსენიებს. “საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” მას შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ისრაელი-ჰამასის ომი დაიწყო. აღნიშნულ თემაზე ახალ ამბებს ფეისბუქ ანგარიში ხშირად ცალმხრივად და მანიპულაციურად გადმოსცემს. ასევე, პოსტების შინაარსიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ანგარიშის მიზანი დასავლეთის და დასავლური მედიის დისკრედიტაციაა.
“საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება” ავრცელებს უსაფუძვლო ბრალდებას, თითქოს აშშ და ევროკავშირი საქართველოში გადატრიალებას გეგმავს. ანგარიში თავის პოსტებში თავს ესხმის ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მათ საქმიანობაზე ნეგატიური შთაბეჭდილების დანერგვას ცდილობს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.