რა დაადგინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის 2017 წლის სარჩელზე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

195
VIEWS

31 იანვარს ბელარუსული სახელმწიფო ტელევიზიის, ОНТ-ს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელის მიხედვითაც გაეროს სასამართლომ უარი თქვა რუსეთის აგრესორ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე და ასევე უარი თქვა უკრაინის მოთხოვნაზე, გამოეცხადებინა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად. 

მსგავსი შინაარსის პოსტი თებერვალში გაავრცელეს ფეისბუქ მომხმარებლებმაც, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, აქტიურად გააშუქა რუსულმა მედიამ (1, 2, 3, 4, 5).

ICJ 1 რა დაადგინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის 2017 წლის სარჩელზე?

ICJ2 რა დაადგინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის 2017 წლის სარჩელზე?

ICJ3 რა დაადგინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის 2017 წლის სარჩელზე?

ICJ4 რა დაადგინა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის 2017 წლის სარჩელზე?

მტკიცება, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) უარი თქვა რუსეთის აგრესორ სახელმწიფოდ, ხოლო ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებაზე, მანიპულაციურია, რამდენადაც აღნიშნული საკითხები სასამართლოს ამ სარჩელის ფარგლებში არ განუხილავს. რეალურად, უკრაინის სარჩელი ეხებოდა რუსეთის მიერ ორი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევას ტერორიზმის დაფინანსებისა და რასობრივი დისკრიმინაციის თაობაზე.

31 იანვარს გამოქვეყნდა გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილება უკრაინის მიერ 2017 წელს შეტანილი სარჩელის თაობაზე, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მიერ ორი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევას. ესენია “საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ” (ICSFT) და “საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” (CERD). სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დღეს უკრაინაში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა იმისაგან, რაც სარჩელის შეტანის დროს იყო, თუმცა სასამართლო ლიმიტირებულია საკითხი მხოლოდ ზემოთხსენებულ ორ კონვენციასთან მიმართებით განიხილოს. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წელს შეტანილი ამ სარჩელის ფარგლებში უკრაინას არ მოუთხოვია სასამართლოს ემსჯელა რუსეთის მხრიდან აგრესიის და უკანონო ოკუპაციის ჩადენის საკითხებზე და არ მოუთხოვია ყირიმის ნახევარკუნძულის სტატუსის საკითხის განხილვა, შესაბამისად, სასამართლოს ამ თემებზე არ უმსჯელია. აქედან გამომდინარე, ტყუილია, რომ თითქოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უარი თქვა რუსეთის აგრესორ სახელმწიფოდ ცნობაზე.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ სასამართლომ უარყო უკრაინის მოთხოვნა გამოეცხადებინა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად. რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების საკითხის განხილვისას სასამართლომ აღნიშნა, რომ, ამ შემთხვევაში, დარღვევის დასადგენად საჭირო არ არის იმის შეფასება, წარმოადგენდა თუ არა კონკრეტული ინციდენტები ტერორისტულ აქტებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დაახასიათოს რომელიმე ჯგუფი, რომელსაც უკრაინა ტერორისტული აქტების ჩადენაში ადანაშაულებს, ტერორისტულ ჯგუფად, თუმცა, ეს არ განსაზღვრავს იმას, ჰქონდა თუ არა დამფინანსებელს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის მიერ მიწოდებული ფული ტერორისტული აქტის ჩასადენად იქნებოდა გამოყენებული. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა არა იმაზე, არის თუ არა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტული ორგანიზაციები და მათ მიერ ჩადენილი აქტები ტერორისტული აქტები, არამედ იმაზე, იცოდა თუ არა რუსეთმა, რომ მის მიერ მიწოდებული ფინანსები ტერორისტული აქტების ჩადენას მოხმარდებოდა.

კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნობაზე იმსჯელა, შეეხებოდა საკითხს, დაარღვია თუ არა რუსეთმა საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ (ICSFT), როდესაც არ გაუწია მონიტორინგი მისი ტერიტორიიდან ე.წ. რესპუბლიკებისათვის გადარიცხულ თანხებს და არ გამოაცხადა ისინი ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ორგანიზაციებად. სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, რუსეთს ამგვარი ეჭვის ქონის საფუძველი არ ჰქონდა და შესაბამისად არ იყო ვალდებული გაეყინა ანგარიშები ან შეეყვანა ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

უკრაინა რუსეთს ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საერთაშორისო კონვენციის (ICSFT) 6 მუხლის (2, 8, 9, 10, 12, 18) დარღვევას ედავებოდა. სასამართლომ მათგან მხოლოდ ერთი, მე-9 მუხლის დარღვევა დაადგინა, სხვა მუხლების შემთხვევაში კი განაცხადა, რომ უკრაინამ საკმარისად დეტალური და კონკრეტული მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. სასამართლოს დასკვნით, უკრაინამ საკმარისი მტკიცებულება ვერ მოიტანა იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, რომ მათი ტერიტორიიდან მიწოდებული თანხები ტერორისტული აქტების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა და დაარღვია კონვენცია როდესაც არ გაყინა ანგარიშები და პასუხისგებაში არ მისცა კონკრეტული პირები. თუმცა, სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთისათვის მიწოდებული ინფორმაცია საკმარისი ეჭვის საფუძველს ქმნიდა, რომ რუსეთს ტერორიზმის დაფინანსების სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება დაეწყო. შესაბამისად, სასამართლომ კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც რუსეთს დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას და კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას ავალდებულებს. სასამართლომ ამის გამო რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორიზმის დაფინანსების სავარაუდო ფაქტების გამოძიება დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ამ სარჩელის განხილვისას სასამართლო შეზღუდული იყო ICSFT-ს განმარტებით, რომელიც ტერორიზმის მხოლოდ ფულად დაფინანსებას მოიცავს და არ ფარავს შეიარაღების და ტექნიკის მიწოდებას, წვრთნას თუ სხვა ტიპის მხარდაჭერას, შესაბამისად რუსეთი მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკებისთვის ამგვარი დახმარების გაწევაზე სასამართლოს არ უმსჯელია.

  • კიდევ რა საკითხები განიხილა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ?

ბელარუსული სახელმწიფო ტელევიზიის, ОНТ-ს ფეისბუქ პოსტში ასევე ნათქვამია, რომ გაეროს სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის სარჩელის დიდი ნაწილი ყირიმში რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევის შესახებ. ეს მტკიცება გვხვდება 31 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშიც, რომელშიც ნათქვამია, რომ სასამართლომ არ დაადგინა ყირიმელი თათრების მიმართ რაიმე სახის დისკრიმინაცია და უარყო უკრაინის მოთხოვნა რეპარაციების შესახებ. რუსეთის საგარეო უწყების მიხედვით, სასამართლომ აღიარა, რომ რუსეთის პოლიტიკა კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და ყირიმის ნახევარკუნძულზე ყირიმელი თათრების და უკრაინელების წინააღმდეგ არანაირ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი.

რეალურად, სასამართლომ კონვენციის დარღვევის საკითხზე მსჯელობისას დაადგინა, რომ უკრაინამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყირიმში მართლაც ჰქონდა ადგილი პროუკრაინელ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე თავდასხმას, თუმცა, კონვენციის ფარგლებში, სასამართლო შეზღუდული იყო მხოლოდ რასობრივი დისკრიმინაციის საკითხის განხილვით და შესაბამისად დაასკვნა, რომ ეს შემთხვევები, რამდენადაც წარმოადგენდა პოლიტიკური იდენტობისა და პოზიციის ნიშნით მიზანში ამოღებას და შეეხებოდა არა მხოლოდ ყირიმელ თათრებსა და უკრაინელებს, არამედ წარმოშობით ცენტრალური აზიიდან და რუსეთიდან მყოფ პირებსაც, არ წარმოადგენდა რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევას.

სასამართლომ ასევე საკმარისად მიიჩნია უკრაინის მიერ მოყვანილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ყირიმელი თათრებისადმი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული ზომები არაპროპორციულია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც დაასკვნა, რომ ეს არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით ხდება, შესაბამისად, რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის ფარგლებში არ ჯდება.

მსგავსი დასკვნა გამოიტანა სასამართლომ მეჯლისის წევრების წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიღებული ზომების განხილვისას, სადაც, სასამართლოს აზრით, ასევე იკვეთება პოლიტიკური და არა რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია.

ყირიმში მაცხოვრებელთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების იძულების თაობაზე სასამართლომ რასობრივი დისკრიმინაცია არ დაადგინა იმის გამო, რომ ეს პოლიტიკა არა მხოლოდ ყირიმელ თათრებსა და უკრაინელებს, არამედ რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეეხება. მსგავსი დასკვნა გაკეთდა კულტურული მნიშვნელობის შეკრებების და მედიის შეზღუდვის თაობაზეც, რადგან რუსეთს ზოგადად მკაცრი და შემზღუდავი პოლიტიკა აქვს საჯარო შეკრებების და მედიის მიმართ და არა მხოლოდ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფების შემთხვევაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ CERD-ის არ დარღვევის დადგენა არ ნიშნავს, რომ არ დარღვეულა სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმება, თუმცა ეს დარღვევები ამ საქმის ფარგლებში ვერ განიხილება.

რაც შეეხება სკოლებში უკრაინული ენაზე სწავლებას, სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინულ ენაზე განათლების მიმღებთა რაოდენობა 2014 წლის შემდეგ მკვეთრად შემცირდა, ხოლო რუსეთმა ამის ასახსნელად დამაჯერებელი განმარტება ვერ წარმოადგინა. შედეგად, სასამართლომ კონვენციის 2(1)(a) და 5(e)(v) მუხლების დარღვევა დაადგინა და რუსეთს დააკისრა უზრუნველყოს ყირიმში უკრაინულ ენაზე განათლების სისტემის არსებობა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, თითქოს სასამართლომ აღიარა, რომ ყირიმელებმა თავისუფალი ნების საფუძველზე გადაწყვიტეს რუსულ ენაზე სწავლა. რეალურად, სასამართლოს დასკვნაში ვკითხულობთ:

“რუსეთის ფედერაციის მიერ მოყვანილი მტკიცებულება [უკრაინულ ენაზე განათლების მიღების მსურველთა] კლების შესახებ ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. მართალია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიხედვით, კლების მთავარი მიზეზი მოიცავს რუსული კულტურული გარემოს დომინანტურობას და ყირიმის ათასობით პროუკრაინელი მაცხოვრებლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიის დატოვებას, თუმცა, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბევრმა ეთნიკურად უკრაინულმა ოჯახმა ყირიმი 2014 წლის შემდეგ დატოვა, სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ არის, რომ მხოლოდ ეს, ყირიმის სასკოლო სისტემის რუსეთზე რეორიენტირებასთან ერთად, განაპირობებს უკრაინულ ენაზე განათლების მიღებაზე მოთხოვნის 90%-ით კლებას”.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მეჯლისის აკრძალვით და ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებით რუსეთმა დაარღვია 2017 წელს ICJ-ს მიერ დადგენილი დროებითი ზომები, თუმცა რუსეთისთვის ამის გამო სასჯელი არ დაუკისრებია.

არქივი: 1, 2, 3, 4, 5, 6.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist