ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

986
VIEWS

25 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა Silk Medical inc პროსტატიტის მკურნალობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. გავრცელებული პოსტის თანახმად, იაპონიაში უკვე ხუთი წელია, რაც პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები  არ დაფიქსირებულა, რამდენადაც იაპონელმა უროლოგმა პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობის საიდუმლო გაამხილა. 

Screenshot 2023 12 20 093802 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
SILK Medical Clinic-ის სახელით მოქმედი გვერდი, რომლიც მომხმარებლებს პროსტატისა და პროსტატის ადენომას მკურნალობას ჰპირდება, ყალბია და ქლიქბეით საიტთან არის დაკავშირებული, რომელიც სენსაციური სათაურის ხარჯზე თანხის გამომუშავებას ცდილობს, ხოლო საიტზე გამოყენებული ექიმის იდენტობა მოპარულია. რაც შეეხება იაპონიაში პროსტატის კიბოსთან დაკავშირებულ სტატისტიკას,  ბოლო ათი წლის განმავლობაში პროსტატის კიბოს შემთხვევები 1,8-ჯერ ჯერ გაიზარდა.

ფეისბუკ გვერდი Silk Medical inc, რომელიც მკურნალობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, 2023 წლის 23 ნოემბერს შეიქმნა და საქართველოში მოქმედი კლინიკის SILK Medical Clinic-ის სახელს და ლოგოს, ტელეფონის ნომერსა და ვებსაიტს  იპარავს.

Screenshot 2023 12 20 093815 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
Silk Medical-ის ყალბი გვერდი

 

Screenshot 2023 12 20 093822 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
Silc Medical -ის რეალური გვერდი


გარდა ტელეფონის ნომრისა და საიტისა,  კლინიკის სახელით მოქმედ ყალბ გვერდს მისამართიც აქვს მითითებული – Quarter VI, 5a Boris Paichadze St, Tbilisi 0159, Грузия, Tbilisi, Georgia, ამ მისამართზე ნამდვილად არის Silk Medical inc აღნიშნული, რაც მეტ სანდოობას აჩენს,  თუმცა Google map-ზე კონკრეტული ობიექტის დამატება Google-ის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია

Silc Medical inc-ის  გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში ქლიქბეით საიტების მსგავსად მყვირალა და სენსაციური სათაურის მქონე ექვსი პოსტი გვხვდება, რომელთაგანაც ყველა პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ეხება: “დილით ერთი ჭიქა უზმოზე და პროსტატიტი ორ დღეში  გაქრა”, “ერთი დოზა 4 დღეში მოკლავს პროსტატიტს”.  ამავე რეკლამებში მითითებულია ბმული და ტექსტი “გადადი საიტზე და შეუკვეთე.” შესაბამისად, ეს რეკლამები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საუბარია უნიკალურ მედიკამენტზე ან მეთოდზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

Screenshot 2023 12 20 093828 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

რეკლამაში ასევე მითითებულია საიტი binombuy.uno, სადაც უკრაინულ ენაზე გვხვდება ინფორმაცია ოლეკსეი მირნის ვებინარის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამები პროსტატიტის მკურნალობას ეხება, ვებინარის სახელწოდებაა “რევმატოლოგია ყველას ცხოვრებაში”. აქვე ვხვდებით ვებინარის პროგრამას, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: რა არის რევმატოლოგიის ძირითადი პრინციპები: განმარტება, კლასიფიკაცია, ეტიოლოგიური ფაქტორები, ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, მკურნალობის პრინციპები; პრევენცია და პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ ვებინარის ჩატარების თარიღი 2022 წლის 5 დეკემბერი იყო, ვებინარზე რეგისტრაციის საფასური კი 150 გრივნას შეადგენს. სარეგისტრაციო ბმულში მომხმარებლებს მხოლოდ სახელისა და ტელეფონის ნომრის მითითება უწევთ.

Screenshot 2023 12 20 093853 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

ფოტოზე გამოსახული პიროვნება ნამდვილად ექიმია, თუმცა ის არა ოლეკსეი მირნი, არამედ უკრაინელი რევმატოლოგი ომელიან სინენკია. ომელიან სინენკის, რომელიც ლვივის რეგიონალური კლინიკური ჰოსპიტალის რევმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია, 2021 წელს ჯანდაცვის სფეროში დამსახურებისთვის ჯილდო გადაეცა. კლინიკის საიტზე, ფეისბუკ გვერდსა და სხვა წყაროებში ომელიან სინენკის ვებინარების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და როგორც ჩანს, მის ფოტოსა და სახელს ქლიქბეით საიტები იყენებენ. 

Screenshot 2023 12 20 093910 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
vynnyky-visnyk.com.ua

საიტი binombuy.uno 2023 წლის პირველ ნოემბერს არის შექმნილი და მისი IP მისამართი კიევის ოლქში, ბორისპილში მდებარეობს

Screenshot 2023 12 20 093919 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომას რამდენიმე დღეში განკურნების შესახებ 2023 წლის ზაფხულში უზბეკეთშიც ვრცელდებოდა. პოსტებში ნათქვამი იყო, რომ ამ დაავადებისგან განკურნების საიდუმლო იაპონელმა უროლოგმა, მემორუ აკიამამ გაამხილა, რომელიც უზბეკური ფაქტების გადამოწმების პლათფორმის (factchecknet.uz) თანახმად, ნეირორადიოლოგი ჯუნ ჰატაზავა აღმოჩნდა. 2018 წელს ჰატაზავა მართლაც იყო ყაზახეთში გამოცდილების გასაზიარებლად ისეთი დაავადებების დიაგნოზირებაში, როგორიც არის პარკინსონი, ალცჰაიმერი და ეპილეფსია. ამ მასტერკლასზე გადაღებული ფოტოები კი მოგვიანებით გარკვეულმა წყაროებმა პროსტატიტის სამკურნალო საშუალების რეკლამად გამოიყენეს.

აღმოიფხვრა თუ არა იაპონიაში ბოლო წლების განმავლობაში პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები და იკურნება თუ არა პროსტატიტი 2 დღეში?

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში აღნიშნული იყო, რომ იაპონელმა უროლოგმა პროსტატიტისა და პროსტატის ადენომას განკურნების გზები გაამხილა, რის გამოც იაპონიაში უკვე ხუთი წელია, რაც პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ იაპონიის კიბოს საინფორმაციო სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს იაპონიაში პროსტატის კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა და ამ წელს პროგნოზირებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 96 400-ს მიაღწია. იაპონიაში პროსტატის სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი ბოლო 10 წლის განმავლობაში 1,8-ჯერ გაიზარდა. იაპონიის სიმსივნის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო სამსახურის თანახმად, 2018 წელს იაპონიაში პროსტატის კიბოს დიაგნოზი 92 021 კაცს დაუსვეს, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.  მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დაბერების ტენდენციის გამო ბევრად უფრო მეტ ადამიანს უსვამენ კიბოს დიაგნოზს, განსაკუთრებით პროსტატის კიბოს შემთხვევები იზრდება სწრაფი ტემპით.

Screenshot 2023 12 20 093926 ყალბი გვერდი პროსტატიტის მკურნალობის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: ganjoho.jp

სტატისტიკის თანახმად, ასევე მატულობს პროსტატის კიბოთი სიკვდილიანობა. 2020 წელს დაღუპულთა რაოდენობამ 12 759-ს მიაღწია –  რაც იყო 10 წლის წინანდელ მაჩვენებელზე 1,2-ჯერ მეტი. ასევე ცნობილია, რომ გამოჩენილი იაპონელი მსახიობი ტერუჰიკო საიგო თებერვალში პროსტატის კიბოს გამო გარდაიცვალა.

რაც შეეხება პროსტატიტს, ის ანთებითი პროცესია, რომელიც პროსტატის ჯირკვლის ქსოვილზე გარკვეულ გავლენას ახდენს. დაავადება მამაკაცებში მეტწილად  სქესობრივი მომწიფების ასაკიდან 50-60 წლამდე ვლინდება. ერთმანეთისგან განასხვავებენ მწვავე პროსტატიტს, რომლის დროსაც სიმპტომები მწვავეა და მოულოდნელად ჩნდება და ქრონიკულ პროსტატიტს, რომლის დროსაც სიმპტომები ჩნდება და ქრება რამდენიმე თვის განმავლობაში. მწვავე პროსტატიტი შედარებით იშვიათია, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. პროსტატიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის პროსტატიტი აქვს პაციენტს, მწვავე თუ ქრონიკული. მწვავე პროსტატიტს ჩვეულებრივ მკურნალობენ ტკივილგამაყუჩებლებითა და ანტიბიოტიკების კურსით. ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების კონტროლს. სიმპტომების მიხედვით ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ტკივილგამაყუჩებლებით, ალფა-ბლოკატორებით, ანტიბიოტიკებითა და საფაღარათო საშუალებებით მკურნალობა.

მენჯის კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების დროს მიმართავენ ფიზიოთერაპიასაც, მასაჟს, ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას. პროსტატიტის მკურნალობას ხანგრძლივი დრო სჭირდება და რეკლამა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი განკურნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი, ადამიანების შეცდომაში შეყვანას და მათი მონაცემების შეგროვებას და ფინანსურ მოგებას ისახავს მიზნად.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: თაღლითობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist