“პოლიტიკანო” ისტორიული ოკუპაციის ძიებაში და რუსეთის ოკუპაციის უარყოფაში 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

92
VIEWS

2021 წლის 3 მარტს ფეისბუკ გვერდმა “პოლიტკანო”გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ”მივიწყებული ისტორია: ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს”. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დიდმა ბრიტანეთმა 1918 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათუმის ოკუპაცია მოახდინა და ბრიტანელი სამხედროების ხელით აჭარამ დიდი ზარალი ნახა. “პოლიტიკანოს” ავტორი ბრიტანელებს ასევე ბრალს სდებს ბათუმიდან ძვირფასეულობისა და ნავთობის გატანაში. მასალა პირველად 2019 წლის სექტემბერში “პოლიტიკანოს” ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, იდენტური ტექსტი კი 2019 წლის ოქტომბერში ფეისბუკ გვერდმა “სტალინი” გაავრცელა.

;
;;

“პოლიტიკანოს” სტატია მანიპულაციურია და დაუსაბუთებელ მტკიცებებს შეიცავს. კავკასია ბრიტანეთის გავლენის სფეროდ 1917 წლის 23 დეკემბრის „ინგლის-საფრანგეთის კონვენციის“ საფუძველზე გამოცხადდა და ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 1918 წლის 13 ნოემბერს არ მიუღია;  “პოლიტიკანოს” მიერ ნახსენები “პოდპოლკოვნიკი უილიან სტოქსი” რეალურად კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარი,  კლოდ ბეიფილდ სტოქსი იყო, ხოლო “პოლიტიკანოს” მტკიცება ბრიტანელების მიერ ბათუმიდან ძვირფასეულობისა და ნავთობის გატანის შესახებ დაუსაბუთებელია.

მიიღო თუ არა ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 1918 წლის 13 ნოემბერს?

რეალურად, დიდი ბრიტანეთის მიერ ბათუმის ოკუპაცია არ მომხდარა, ხოლო გავლენის სფეროს საკითხი ჯერ კიდევ 1917 წლის 23 დეკემბრის „ინგლის-საფრანგეთის კონვენციით“ განისაზღვრა. კონვენციის თანახმად, შავი ზღვის რეგიონი და ყოფილი რუსეთის იმპერიის სამხრეთი ნაწილი ორი „გავლენის ზონად“ დაიყო. საფრანგეთის გავლენის ქვეშ მოექცა ბესარაბია, ყირიმი, უკრაინისა და რუსეთის ანტიბოლშევიკური ძალების სადავო სანაპიროს უბანი; ბრიტანეთის პასუხისმგებლობის ზონა კი კაზაკების ოლქებსა და მთელ კავკასიას მოიცავდა.

რაც შეეხება მუდროსის ზავს, პოლიტიკანოს მიხედვით, ბრიტანული ოკუპაციის გარანტი ეს შეთანხმებაც გახდა. სინამდვილეში, გერმანიის იმპერია თავის მოკავშირეებთან ერთად (მათ შორის ოსმალეთის იმპერია) პირველ მსოფლიო ომში ანტანტასთან დამარცხდა. სწორედ ამას მოჰყვა მუდროსის ზავის დადება ანტანტის ქვეყნებს (მათ შორის დიდი ბრიტანეთი) და ოსმალეთის იმპერიას შორის.

მუდროსის ზავის მე-7 მუხლის მიხედვით, ანტანტის ქვეყნებს მათი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ნებისმიერი სტრატეგიული ადგილის დაკავების უფლება ეძლეოდათ. მე-15 მუხლის თანახმად კი, ბაქო-ბათუმის ხაზი ბრიტანულ ჯარებს უნდა დაეკავებინათ, რაც 1917 წლის 23 დეკემბრის შეთანხმების განხორციელებას გულისხმობდა.  ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ანტანტის ქვეყნებმა ანატოლიის ტერიტორიის დაკავება დაიწყეს. მუდროსის კონვენცია ასევე გერმანული ჯარის ბრიტანულით შეცვლას გულისხმობდა, რომელიც კონტროლს მთელ სამხრეთ კავკასიაზე გაავრცელებდა. ამავე პერიოდში დაიწყო თურქების ჯარების გასვლა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიდან. ამიერკავკასიის რესპუბლიკები მუდროსის კონვენციის ტექსტში მოხსენებულიც არ იყვნენ და მათი სტატუსი გაურკვეველი რჩებოდა.

ამ კონვენციის შედეგად, ბრესტ-ლიტოვსკისა და ბათუმის მოლაპარაკებები გაუქმდა, რაც თეორიულად საქართველოსა და სომხეთს ადრე წართმეულ ტერიტორიებზე პრეტენზიის განცხადების საშუალებას აძლევდა. მაგრამ ამავე დროს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობაც ასევე გაბათილებული იყო.  რუსეთში და მის გარშემო კრიზისული სიტუაციის გამო რეგიონში სამხრეთ კავკასიის ერებს თავისი სახელმწიფოებრიობის აღდგენის შანსი მიეცათ.

რა ინტერესები ჰქონდა ბრიტანეთს სამხრეთ კავკასიაში?

ბრიტანეთისთვის სამხრეთ კავკასია პირველ რიგში მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო იყო მნიშვნელოვანი. კავკასია ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში რუსული და თურქული შესაძლო ექსპანსიის წინააღმდეგ „გადამღობ ზღუდედ“ გამოყენების საშუალებას იძლეოდა.

სამხრეთ კავკასიაში ბრიტანული ჯარების თავდაპირველი მიზანი იყო:

  • ბათუმი-ბაქოს სარკინიგზო ხაზის დაკავება;
  • მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების, დიპლომატიური მისიების რეგიონიდან გაძევება;
  • რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.

ისტორიკოს ბექა კობახიძის მიხედვით, ბრიტანეთმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ბათუმის ოლქი არ გადასცა, რისთვისაც შემდეგი მიზეზები არსებობდა:

  • ბათუმის საშუალებით რეგიონი დასავლეთს უკავშირდებოდა. “საქართველოს ხელში ბათუმის გადაცემა ქვეყნის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას ნიშნავდა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანს საქართველოს „ტყვედ” აქცევდა”, – განმარტავს კობახიძე.
  • რეგიონში პოზიციების გასამყარებლად რამდენიმე ძალა იბრძოდა, ბრიტანელები კი ცდილობდნენ, რომ დაძაბულობა პროქართულ, პრორუსულ და პროთურქულ ძალებს შორის თავიდან აერიდებინათ.
  • ბაქოში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით 15% ბათუმში მიედინებოდა. ბრიტანელები ამ მარაგებს არ დაპატრონებიან, თუმცა შავი ზღვის ბრიტანული ფლოტი ამ ნავთობით მარაგდებოდა.

1920 წლის აპრილში ბაქოს დაცემამ და თითქმის ყველა ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ თურქეთსა და რუსეთს შორის „კორიდორი“ შექმნა და კავკასიამ  საბჭოთა ექსპანსიის საწინააღმდეგოდ ბუფერის როლი დაკარგა.  ბოლშევიკების მიერ ბაქოს ოკუპაციის შედეგად სტრატეგიული მნიშვნელობა ბათუმსაც აღარ ჰქონდა. 1920 წლის ივნისში კი ბრიტანეთის მთავრობამ ბათუმიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ “პოლიტიკანოს” მიერ მოხსენიებული პოდპოლკოვნიკი უილიან სტოქსი, სინამდვილეში კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარი,  კლოდ ბეიფილდ სტოქსი იყო.

გაიტანეს თუ არა ბრიტანელებმა აჭარიდან დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა და ნავთობი?

“პოლიტიკანოს” მიხედვით, ბრიტანელებს საქართველოდან დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა და ნავთობი გაჰქონდათ, თუმცა მასალაში ამ ფაქტის დასასაბუთებელი წყაროები არ არის მითითებული. მსგავსი ჩანაწერები არც ოფიციალურ წყაროებში იძებნება, შესაბამისად “პოლიტიკანოს” ინფორმაცია მტკიცებულებებს მოკლებულია.

ისტორიული ოკუპაციის  ძიებაში

“პოლიტიკანო” დასავლური ქვეყნების კოლონიალიზმის გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ხშირად თანამედროვე კონტექსტში ევროპის დღევანდელობად წარმოაჩენს და ამავე დროს საბჭოთა ოკუპაციას უარყოფს. უფრო მეტიც, “პოლიტიკანო” უარყოფს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2008 წლის ომის დაწყებაში.

;;

ამავე დროს პოსტის აღწერაში “პოლიტიკანო” იყენებს ჰეშთეგ “ოკუპაციას” ბრიტანეთის მისამართით, რითაც ისტორიული ტრავმების გაღვივებას ცდელობს. გამოცემა მუდმივად ცდილობს საბჭოთა კავშირის შესახებ ნოსტალგიის გაღვივებას და ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის გარდა, საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნებსაც აქვთ ოკუპირებული.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციებში:
“პოლიტიკანო” ევროპის წარსულს აწმყოდ, საბჭოთას – მომავლად გვისახავს
Politicano საბჭოთა ნოსტალგიას 1991 წლის დემონსტრაციის ამსახველი მანიპულაციური ფოტოთი აღვივებს
მანიპულაცია: Politicano საქართველოს ელექტროფიცირებას საბჭოთა კავშირს მიაწერს
სამი მითი საბჭოთა კავშირის შესახებ
ისტორიის გაყალბება: “პოლიტიკანო” ჭიათურის მშენებლობას აკაკი წერეთლის ნაცვლად საბჭოთა კავშირს მიაწერს

წყაროს შესახებ
”პოლიტიკანო”Politicano-ს ფეისბუკ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. ფეისბუკ გვერდზე, Politicano-ს მიერ ორგანიზებული  ღონისძიებებში 2 საჯარო ლექციაა მითითებული, რომელიც 2015 და 2016 წელს სწორედ ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა.

თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი.

ვრცლად პოლიტიკანოს შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist