ფეისბუქზე კიბოს მკურნალობის ფოტოდინამიკურ მეთოდზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.5k
VIEWS

19 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა მაია თვალთვაძემ გამოაქვეყნა რუსი პოლიტიკოსის, არტიომ ტარასოვის ვიდეო, რომელშიც ის კიბოს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდზე საუბრობს. მისი თქმით, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და რადიაციული თერაპია დამანგრეველია ორგანიზმისთვის, ხოლო ნებისმიერი სხვა მეთოდი არატრადიციულად არის მიჩნეული. ტარასოვის განცხადებით, ერთ-ერთ რუს მეცნიერს მეოთხე სტადიის, ყველა სახის კიბოს მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი ჰქონდა, რომელიც ტარასოვმა რუსეთში ონკოცენტრს შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, ვინაიდან ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას უამრავი ადამიანი გადიოდა და ეს შემოსავლის ძალიან დიდი წყარო იყო. ტარასოვის აღწერით ამ ეფექტიანი მკურნალობის მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს: პაციენტები 20 დღის განმავლობაში იღებენ ქლოროფილს, რომელიც კიბოს უჯრედებში გროვდება. შემდეგ სპეციალური ლაზერის საშუალებით ხდება იმ უჯრედების გაშუქება, რომლებშიც ქლოროფილია დაგროვებული, ხდება მათთვის მუხტის გადაცემა, რის შედეგადაც იწყება ფოტოსინთეზის პროცესი და ჟანგბადის წარმოქმნა. ტარასოვი განმარტავს, რომ ჟანგბადს არ აქვს უჯრედის დატოვების საშუალება და ის წვავს კიბოს უჯრედს. მისი თქმით, ექიმს, რომელიც ამ მეთოდით მკურნალობდა პაციენტებს, წარმატების 95%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.

Screenshot 2023 09 18 104550 ფეისბუქზე კიბოს მკურნალობის ფოტოდინამიკურ მეთოდზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება 

ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები ნაწილობრივ მცდარია. არტიომ ტარასოვის მიერ აღწერილი მკურნალობის მეთოდი ფოტოდინამიკურ მეთოდს შეესაბამება, რომელიც კიბოს მკურნალობის არატრადიციულ მეთოდს არ წარმოადგენს და სამეცნიერო სფეროში კარგად არის ცნობილი. სხვა მეთოდებთან შედარებით, ის ნამდვილად უფრო ნაკლებ ინვაზიურია, თუმცა მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში, უმეტესად ადრეული სტადიის, კონკრეტული ტიპის სიმსივნეების მკურნალობის დროს გამოიყენება.

ტარასოვის საუბრიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ კიბოს მკურნალობის ეფექტიანი საშუალება არსებობს, ექიმები მას არ იყენებენ, რათა ტრადიციული მეთოდებით უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვიდეოში ტარასოვის მიერ აღწერილი მკურნალობის მეთოდი, შინაარსობრივად ჰგავს ფოტოდინამიკური თერაპიას, რომელიც კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია და სხვადასხვა ქვეყანაშია მიღებული. 

ფოტოდინამიკური თერაპიისას კიბოს უჯრედების მოსაკლავად გამოიყენება ფოტოსენსიბილიზატორის და სინათლის კომბინაცია. ფოტოსენსიბილიზატორი ფოტოაქტიური ანუ სინათლის მიმართ მგრძნობიარე ნივთიერებაა, რომლის გააქტიურებაც სინათლის საშუალებით ხდება. პრეპარატის გააქტიურება მხოლოდ სპეციფიკური ტალღის სიგრძის სინათლით არის შესაძლებელი. იმის მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილს სჭირდება მკურნალობა, ფოტოსენსიბილიზატორი ან სისხლში შეჰყავთ ან მისი კანზე დატანა ხდება. გარკვეული დროის შემდეგ პრეპარატი კიბოს უჯრედებში შეიწოვება, რის შემდეგადაც ხდება კონკრეტული სამიზნე ადგილების გაშუქება. პრეპარატის სპეციფიკური ტალღის სიგრძის სინათლით დასხივების შემდეგ იწყება ქიმიური რეაქცია, რომლის საბოლოო შედეგი აქტიური, სინგლეტური ჟანგბადია, რომელიც უჯრედისთვის ტოქსიკურია და კიბოს უჯრედის სიკვდილს იწვევს. გარდა იმისა ფოტოდინამიკური თერაპიის გამოყენებისას შესაძლებელია კიბოს უჯრედების პირდაპირ მოკვლა. ამ მეთოდით ასევე ზიანდება სისხლძარღვთა სისტემა, რომელიც სიმსივნეს ამარაგებს. ასევე ფოტოდინამიკური თერაპიას შეუძლია კიბოს უჯრედების წინააღმდეგ იმუნური სისტემის გააქტიურება. ფოტოდინამიკური თერაპია მკურნალობის ნაკლებად ინვაზიური მეთოდია, სწორად გამოყენების დროს არ აქვს ხანგრძლივი გვერდითი ეფექტები, პროცედურები უფრო ხანმოკლეა, რადიაციისგან განსხვავებით ერთსა და იმავე ადგილზე მისი მრავალჯერ გამოყენებაა შესაძლებელი, უფრო იაფია. ფოტოდინამიკური თერაპიის დროს გამოიყენება სპეციფიკური ლაზერები ან მანათობელი დიოდები (LED). ის თუ როგორი სინათლე იქნება გამოყენებული, დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპისაა კიბო და სად არის ორგანიზმში განლაგებული.

ტარასოვი ამბობს, რომ მის მიერ აღწერილი მეთოდით (ფოტოდინამიკური თერაპიით) რუსი მეცნიერი ყველა სახის და ამასთანავე მეოთხე სტადიის კიბოს 95%-იანი წარმატებით მკურნალობდა. სინამდვილეში, ამ მეთოდით მკურნალობას გარკვეული შეზღუდვები აქვს: ფოტოდინამიკური თერაპიით მხოლოდ იმ ზონის მკურნალობა შეიძლება, რომელიც სინათლისთვისაა მისაწვდომი, რაც ნიშნავს რომ მისი გამოყენება ხდება კანზე, კანქვეშ არსებული პრობლემების ან იმ ორგანოების სამკურნალოდ, რომლებთანაც სინათლის წყაროთი მიღწევაა შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე რომ სხეულის ქსოველში სინათლეს ღრმად შეღწევა არ შეუძლია, ფოტოდინამიკური თერაპია არ გამოიყენება დიდი ზომის სიმსივნის ან ისეთი სიმსივნის სამკურნალოდ, რომელმაც ღრმად შეაღწია ორგანოებში. ფოტოდინამიკური თერაპიას ასევე ვერ იყენებენ ისეთი კიბოს სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილშია გავრცელებული და ბევრი მეტასტაზი აქვს.

ფოტოდინამიკური მეთოდი უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება აქტინური კერატოზის, ბოუენის დაავადების (კანის კიბოს ადრეული ფორმა), ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის (კანის კიბოს ერთ-ერთი ფორმა), ბარეტის საყლაპავის (საყლაპავის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც კიბოში შეიძლება გადაიზარდოს), საყლაპავის და ფილტვის კიბოს მკურნალობისას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოდინამიკური თერაპია  გამოიყენება კიბოს მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაშიც მაგალითად რადიაციულ თერაპიასა და ქირურგიულ ჩარევასთან ერთად. ასევე ფოტოდინამიკურ თერაპიას გარკვეული ტიპის სიმსივნეების განკურნება შეუძლია, თუ მკურნალობა ადრეულ ეტაპზე დაიწყება, უფრო გვიანი სტადიის კიბოს შემთხვევებში, მეთოდს სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. შესაბამისად ის კიბოს მკურნალობის სხვა, უფრო კარგად ცნობილი მეთოდების ჩამნაცვლებელ ალტერნატივას არ წარმოადგენს. 

ტარასოვი ასევე ამბობს, რომ ამ მეთოდით მკურნალობის დროს ქლოროფილი გამოიყენება. ქლოროფილი მწვანე პიგმენტია, რომელიც მცენარეებს შეფერილობას აძლევს და ფოტოსინთეზს განაპირობებს. ფოტოდინამიკური თერაპიის დროს ქლოროფილი, როგორც ფოტოსენსიბილიზატორი ნაკლებად გამოიყენება. პირველი ფოტოსენსიბილიზატორი, რომელიც 1993 წელს კანადაში ფოტოდინამიკური თერაპიით შარდის ბუშტის სიმსივნის მკურნალობისთვის დაამტკიცეს, Photofrin-ია (ნატრიუმის პორფიმერი). Photofrin-ი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფოტოსენსიბილიზატორია. არსებობს ასევე სხვა დამტკიცებული ფოტოსენსიბილიზატორები

რაც შეეხება ქლოროფილს, 2020 წელს სამედიცინო ქიმიის ევროპულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევაში აღნიშნულია, რომ ქლოროფილის არასტაბილურობა ხელს უშლის ფოტოდინამიკურ თერაპიაში მის ფოტოსენსიბილიზატორად ფართო გამოყენებას. კვლევა ეხებოდა ქლოროფილის ისეთ სინთეზური ვერსიების შექმნასა და გამოცდას, რომელთა გამოყენებაც ფოტოდინამიკურ თერაპიაში შესაძლებელი იქნებოდა. ხელმისაწვდომია ასევე რიგი კვლევები, რომლებიც ფოტოდინამიკურ თერაპიაში ქლოროფილისგან წარმოებული ნახევრად სინთეზური ნივთიერების, ქლოროფილინის ფოტოდინამიკურ თერაპიაში გამოყენების ეფექტიანობის შეფასებას ეხება (1,2,3). თუმცა მთლიანობაში ამ მიმართულებით კვლევა ჯერჯერობით საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა და ფოტოდინამიკურ თერაპიაში სხვა ფოტოსენსიბილიზატორები უფრო ფართოდ გამოიყენება.

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გამოავლინა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist