“ნოაჰიდური კანონების” და “სიონისტ ბრძენთა კრების” შესახებ ანტისემიტური დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

330
VIEWS

14 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2.) გამოაქვეყნეს ფოტო, სადაც აღბეჭდილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა რაბინებთან. ფოტოს ტიტრების სახით აწერია წარწერა, რომელიც ამტკიცებს, რომ ფოტოზე ჩანს ამერიკის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერის პროცესი იუდეველთა “ნოაჰიდური კანონების” შემოღების შესახებ, რაც ყველა ქრისტიანის თავის მოკვეთით სიკვდილს ნიშნავს. ფეისბუქ მომხმარებელებმა პოსტის აღწერაში ე.წ. სიონისტ ბრძენთა კრების ოქმიდან ამონარიდი დაურთეს, რომელიც ებრაელებს მათი მოწინააღმდეგეების ფიზიკური, სულიერი და მორალური განადგურებისაკენ მოუწოდებს.

noahiduri kanonebi “ნოაჰიდური კანონების” და “სიონისტ ბრძენთა კრების” შესახებ ანტისემიტური დეზინფორმაცია ვრცელდება

პოსტებში და ფოტოზე მოცემულ მტკიცებებში რამდენიმე დეზინფორმაციაა, რეალურად:

  1.  ფოტოზე, ამერიკის ლიდერები რაბინებს წარუდგენენ “განათლებისა და გაზიარების დღის გამოცხადების” დოკუმენტს, რომელიც ცნობილი რაბინის – მენახემ მენდელ შნეერსონის საპატივცემულოდ დაარსდა; 
  2. “ნოაჰიდური კანონები” არ შეიცავს ქრისტიანების მიმართ ძალადობის მოწოდებას;
  3. სიონისტ ბრძენთა კრების ოქმი შეიქმნა არაებრაელთა მიერ, ანტისიონისტური იდეის გასაღვივებლად. 
  • რას აწერენ ხელს ამერიკის პრეზიდენტები რაბინებთან შეხვედრისას?

“განათლებისა და გაზიარების დღე”, რომელიც 1978 წელს რაბინ მენახემ მენდელ შნეერსონის საპატივცემულოდ დაარსდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად მის დაბადების დღეზე აღინიშნება. ეს დღე გამოითვლება ებრაული კალენდრით, რის გამოც ის მოძრავია და 21 მარტიდან 21 აპრილის პერიოდში ერთ-ერთ დღეს ემთხვევა. რაბინმა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო განათლების სფეროს და შექმნა ბევრი სასწავლო დაწესებულება. ის ქადაგებდა, რომ საჭირო იყო ამ სფეროში ინკლუზიური გარემოს შექმნა და გოგონებისათვის ხელშეწყობა, სიკეთის, მორალისა და ზნეობის სწავლება და სხვა. სწორედ  ამიტომ, ამერიკის პრეზიდენტები მის დაბადების დღეზე გამოსცემენ “განათლებისა და გაზიარების დღის გამოცხადების” დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნავენ განათლების მნიშვნელობას ამერიკელი ხალხისათვის და რაბინის დამსახურებებს. ფოტოზე ასახულ კადრებშიც ჩანს, როგორ აწერს ხელს ამ დოკუმენტს ან წარუდგენს უკვე ხელმოწერილ ვარიანტს რაბინებს აშშ-ის პრეზიდენტები რონალდ რეიგანი, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ჯორჯ ბუში უფროსი.

ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი ნაწილობრივ ყოველწლიურად იცვლება, თუმცა თითოეულ მათგანში აღინიშნება, რომ განათლებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და ასევე ხაზი ესმევა შნეერსონის დამსახურებებს ამ სფეროში. რონალდ რეიგანმა 1982 წლის დოკუმენტში ასევე აღნიშნა, რომ რაბინის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება “შვიდი ნოაჰიდური კანონის” თვალსაჩინო მაგალითების შექმნაა, რომლებიც ყველა ჩვენგანის მორალურ კომპასად შეიძლება იქნას გამოყენებული, განურჩევლად მრწამსისა. 

  • რა არის “ნოაჰიდური კანონები”?

“ნოაჰიდური კანონები” ქრისტიანული 10 მცნების მსგავსი, ებრაული თალმუდის ვერსიაა. ბაბილონურ თალმუდში თავდაპირველად ჩაიწერა 5 მცნება, რომელიც კრძალავდა კერპთაყვანისმცემლობას, მკრეხელობას, მკვლელობას, ძარცვას, მრუშობას და 1 მცნება, რომელიც მოუწოდებდა მართლმსაჯულების სასამართლოს დაარსებისაკენ. შემდგომში, სიას დაემატა 1 მცნება, რომელიც კრძალავდა ცოცხალი ცხოველის ხორცის ჭამას. საუკუნეების მანძილზე, ეს სია დაახლოებით 30-მდე გაიზარდა, თუმცა ძირითადი მნიშვნელობა ორიგინალ 7 მცნებას ენიჭება და სწორედ ისინი იქცა კანონის წყაროდ. ისტორიის მანძილზე, სწავლულები “ნოაჰიდურ კანონებს” იუდაიზმისა და ქრისტიანობის დამაკავშირებელ ნაწილად მიიჩნევდა, მისი ეთიკის ნორმების უნივერსალობიდან გამომდინარე. ეს კანონები ასევე ემთხვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ უფლებებსაც.

  • რა ვიცით “სიონისტ ბრძენთა კრების” დოკუმენტზე?

“სიონისტ ბრძენთა კრების ოქმი” პირველად 1903 წელს გამოქვეყნდა რუსეთის იმპერიის გაზეთ “ზნამიაში”. დოკუმენტის გამომქვეყნებლები ამტკიცებდნენ, რომ ის შეიქმნა 1897 წელს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ჩატარებული სიონისტური კონგრესის მიერ. ოქმი მოიცავდა კონკრეტულ დებულებებს, რისი შესრულებითაც ებრაელები მოახდენდნენ ქრისტიანული სამყაროს რღვევას და მსოფლიო ბატონობის მოპოვებას. დოკუმენტი მომდევნო წლებში გადაითარგმა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე და გამოიცა სხვა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთებშიც და ის გახდა ანტი-სემიტიზმის გაღვივების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი. თუმცა, “თაიმსის” ჟურნალისტი ფილიპ გრეივისა და რუსი ისტორიკოსი ვლადიმირ ბურცევის კვლვევამ დაადგინა, რომ დოკუმენტი იყო გაყალბებული, სავარაუდოდ რუსული საიდუმლო პოლიციის მიერ, და ის მიზნად ისახავდა ებრაელების მიმართ სიძულვილის დანერგვას. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი Giorgi Giorgi კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის “მითების დეტექტორის” მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.

noahiduri kanonebi1 “ნოაჰიდური კანონების” და “სიონისტ ბრძენთა კრების” შესახებ ანტისემიტური დეზინფორმაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist