პოლიტიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ლუკაშენკოსგან დაფინანსების სანაცვლოდ კარანტინის დაწესება არ მოუთხოვია

26 ივლისი, 2021

19 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა „ბნელი უბნელესმა“ და 20 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Worldnews.ge გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბელარუსს პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო რეგულაციების, კერძოდ, კომენდატის საათის, კარანტინისა და თვითიზოლაციის შემოღების სანაცვლოდ 940 მილიონი დოლარი შესთავაზა, რაზეც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი განაცხადა. პოსტს თან ერთვის ქვეყნის პრეზიდენტის ფოტო და ციტატა: „ბელარუსები არავის დაკრულზე არ ვიცეკვებთ.“

;
„ბნელი უბნელესის’’ და Worldnews.ge-ს პოსტი მცდარ ინფორმაციას შეიცავს. რეალურად, ბელარუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს “სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის“ ფარგლებში გათვალისწინებული სესხის მიღების თხოვნით თავად მიმართა. შეთანხმების მიღწევა მართლაც ვერ მოხერხდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ ადასტურებს, რომ ბელარუსს რეგულაციების მიღება მოსთხოვა, თუმცა განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის დახმარების მიღება ქვეყნების მხრიდან გამჭვირვალობის შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილებას საჭიროებს.

ბელარუსის ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის 30 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დისკუსია დაიწყო. მოგვიანებით, 2020 წლის 19 ივნისს ამ საკითხზე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ სამთავრობო შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორებისგან სწრაფი დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ქვეყანას 940 მილიონი დოლარი შეიძლებოდა მიეღო, თუმცა, ლუკაშენკოს თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბელარუსის მთავრობას პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი შეზღუდვების მიღება მოსთხოვა, რაც მისთვის სრულიად მიუღებელი იყო.

„სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა ისეთ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც გადაუდებელი ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება, დროის მოკლე მონაკვეთში სესხის სახით დაეხმაროს. აღნიშნული მექანიზმის გამოყენების მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენები, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტები, ბუნებრივი კატაკლიზმები, დაავადებების გავრცელება და ასე შემდეგ. ამ ტიპის დახმარება COVID-19-ს პანდემიის დაწყების შემდეგ 20–ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო.

გერმანული კვლევითი ცენტრი CORRECTIV–ი გასული წლის აგვისტოში დაინტერესდა იმით, თუ რატომ ვერ შედგა შეთანხმება ბელორუსსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის და ამ უკანასკნელს დაუკავშირდა. საერთაშორისო ორგანიზაციას საპასუხო წერილში არ უხსენებია, რომ ბელარუსის მთავრობას სესხის სანაცვლოდ რეგულაციების შემოღება მოსთხოვა, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსგავსი ტიპის სესხის მისაღებად შესაბამისი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდს ბელარუსისთვის აღნიშნული შეთავაზება არ გაუკეთებია და ქვეყანა მას დაფინანსებისთვის თავად მიმართა.

CORRECTIV–ი გერმანიის ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ „სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტი“ წინაპირობად რაიმე ეკონომიკური რეფორმის გატარებას არ საჭიროებს. თუმცა, აუცილებელია, რომ  ქვეყნებმა, რომლებშიც კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებია, სათანადო ზომები მიიღონ, რათა მიღებული ფინანსები არამიზნობრივად არ დაიხარჯოს.

დეზინფორმაცია იმის შეასახებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ლუკაშენკოს 940 მილიონი დოლარი ქვეყანაში შეზღუდვების შემოღების სანაცვლოდ თავად შესთავაზა, გასულ წელს არაერთ უცხოენოვან ვებგვერდზე გავრცელდა.  იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა ბიცი პლატფორმა DATABASE ITALIA-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებდა,  რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მსგავსი პირობები იტალიელ პოლიტიკოსებსაც შესთავაზეს, რაზეც ისინი, ლუკაშენკოსგან განსხვავებით, დიდი ალბათობით, დათანხმდნენ. ავტორი ამტკიცებს, რომ კორონა ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა, არაფერს არ ეფუძნება და ხალხის დატერორებას ისახავს მიზნად. 2020 წლის 15 აგვისტოს ბიცის მოსაზრებები გერმანულ ენოვან ბლოგ “HEIMDALL WARDA-ზეც“ განთავსდა. 2021 წლის 5 იანვარს კი ინგლისურენოვანმა ვებგვერდმა Ghqmagazine.com გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც „ახალი ამბების სანდო წყაროები“ იუწყებოდნენ, რომ მსოფლიო ბანკმა ლუკაშენკოს 940 მილიონი დოლარით მოქრთამვა სცადა, თუმცა ავტორს ლუკაშენკოს განცხადების გარდა არცერთი წყარო არ დაუსახელებია.


მოამზადა ლუკა ქილიფთარმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


წყაროების შესახებ

ბნელი უბნელესი ინდივიდუალური ფეისბუკ ანგარიშია, რომელსაც პროფილის სურათზე კონსტანტინე მორგოშიას ძალადობრივი ჯგუფის “ალტერნატივა საქართველოს” და ლევან ვასაძის პარტიასთან (“ერი”) დაკავშირებული ტვ “ალტ-ინფოს” ლოგოები უყენია და მათ გადაცემებს აზიარებს. წარსულში კი პროფილის ფოტოზე აღნიშნულ ანგარიშს ლევან ვასაძის პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” (ერი) ლოგო ეყენა. სამივე ორგანიზაცია (ერი, ალტ-ინფო, ალტერნატივა საქართველოსთვის) 5 ივლისის თბილისი პრაიდის კონტრაქციის ორგანიზებაში იყო ჩართული, რაც ჟურნალისტების მიმართ ძალადობით დასრულდა. ანგარიშს, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების ლოგოებს იყენებს, url მისამართში ucnobi.macnobi.73 აქვს მითითებული.

;

 Worldnews.ge

ფეისბუკ გვერდი Worldnews.ge 2017 წელს არის შექმნილი. გვერდის ჩვენს შესახებში მითითებული ვებ მისამართი https://worldnews.ge/ კი 2021 წლის 7 მაისს არის რეგისტრირებული, ბმულზე გადასვლისას ჩანს რომ ის განახლების პროცესშია.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.