ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რა პროცესი მოიგო კენედეიმ და გაუქმდა თუ არა ამერიკაში სავალდებულო ვაქცინაცია?

20 აპრილი, 2021

სოციალური ქსელის მომხმარებლები კვლავ აქტიურად აზიარებენ ტელეწამყვანის მადონა კოიძის მიერ 2020 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ამერიკელი ანტივაქსერი აქტივისტი და იურისტი რობერტ ფრენისის კენედი (ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი) ამერიკულ თოქშოუში “JONI Table Talk” ვაქცინების შესახებ საუბრობს. კენედი ვიდეოში იხსენებს SARS-Cov-ის, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსისა და დენგეს ციებცხელების ვაქცინების შექმნის წარუმატებელ მცდელობებს, რომელთა ვაქცინებმაც წარსულში “გაძლიერებული იმუნური პასუხის” სინდრომი გამოიწვიეს და ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინებიც შესაძლოა ანალოგიურ საფრთხეს შეიცავდეს. კენედის თქმით, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ენტონი ფაუჩიმ ვაქცინის მწარმოებლებს უფლება მისცა ვაქცინის კვლევისას ცხოველებზე გამოცდის ფაზა გამოეტოვებინათ და ცდები პირდაპირ ადამიანებზე ჩაეტარებინათ

; 

მადონა კოიძის პოსტი 2021 წლის 7 აპრილიდან ისევ ზიარდებოდა. სოციალური ქსელის ორმა მომხმარებელმა Xatuna Mamacashvili და ბაია ბაიაძე ის იდენტური აღწერით გააზიარეს. მათ პოსტებში ნათქვამია, რომ 2017 წელს რობერტ კენედი თეთრმა სახლმა ვაქცინათა უსაფრთხოების შემოწმების ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნა და მან ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტს სასამართლო მოუგო, რადგან დაამტკიცა, რომ ვაქცინების უსაფრთხოების შესამოწმებლად ბოლო 32 წლის განმავლობაში კვლევები არ ჩატარებულა.

 ;;

რობერტ კენედის მიერ ვაქცინაციის საკითხზე სასამართლოს მოგების შესახებ პოსტები დავით გიორგობიანმა და ანტივაქსერმა ექიმმა თინა თოფურიამაც გაავრცელეს. გიორგობიანის პოსტში ნათქვამია, რომ რობერტ კენედის სარჩელის საპასუხოდ ბილ გეითსმა, ენტონი ფაუჩიმ და ფარმაცევტულმა კომპანიებმა ვერ დაადასტურეს, რომ ბოლო 32 წლის განმავლობაში გამოყენებული ვაქცინები უსაფრთხო იყო, რის შედეგადაც ამერიკაში უზენაესმა სასამართლომ საყოველთაო ვაქცინაცია გააუქმა. თინა თოფურია ანალოგიურ ინფორმაციას 1scandal.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კენედის მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები ცხოველებზე არ გამოუცდიათ, დეზინფორმაციაა. დაშვება, რომ კორონავირუსის ვაქცინები “გაძლიერებული იმუნური პასუხის” სინდრომს გამოიწვევს მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლებულია. რ.ფ. კენედის მონაწილეობით მოგებული სასამართლო საქმე არა ვაქცინების უსაფრთხოებას, არამედ ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ანტივაქსერული ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებას ეხებოდა. ამასთანავე, ბილ გეითსსა და ფაუჩის აღნიშნულ სასამართლო დავასთან კავშირი არ ჰქონიათ და სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად არც სავალდებულო ვაქცინაცია გაუქმებულა. 

  • აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის წინააღმდეგ რ.ფ. კენედის მონაწილეობით მოგებული საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაუმტკიცებია, რომ ვაქცინების უსაფრთხოება 30 წლის განმავლობაში არ მოწმდებოდა და არც სავალდებულო ვაქცინაცია გაუუქმებია. 

სასამართლო გადაწყვეტილება, რომელზეც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, 2018 წლის ივლისში ნიუ იორკის რაიონულმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც რობერტ ფ. კენედიმ და ანტივაქსერული ორგანიზაცია ICAN-ის (Informed Consent Action Network) დამფუძნებელმა აშშ-ს ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტს (HHS) ინფორმაციის თავისუფლების აქტის დარღვევისთვის უჩივლა. კენედის მიერ მომზადებული სარჩელის თანახმად, ICAN-მა ჯანდაცვის დეპარტამენტისგან აშშ-ში ადმინისტრირებული ვაქცინების უსაფრთხოებაზე დაკვირვების ანგარიშების ასლები გამოითხოვა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღო. საჩივრის მიხედვით, 1986 წელს შექმნილი “ვაქცინაციით დაშავებულთა კომპენსაციის ეროვნული პროგრამა” (NVICP) ჯანდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, რომ ამერიკის კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ორ წელიწადში ერთხელ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგების ანგარიში უნდა წარუდგინოს. სასამართლო დავის დაწყების შემდეგ, HHS-მა ორგანიზაციის მოთხოვნის პასუხად განაცხადა, რომ დეპარტამენტმა ICAN-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო დოკუმენტაცის შესატყვისი ანგარიშები ვერ აღმოაჩინა. HHS-სგან მიღებული ამგვარ ოფიციალურ პასუხზე დაყრდნობით, ICAN ამტკიცებდა, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტი ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაქცინების უსაფრთხოების არ ამოწმებდა.

2019 წლის 28 აპრილს ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რა ბედი ეწია იმ ანგარიშებს, რომლებიც HHS-მა ორგანიზაციას ვერ მიაწოდა. 2019 წლის მარტში სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის თავმჯდომარემ ლამარ ალექსანდრმა განმარტა, რომ ICAN-ის მიერ გამოთხოვილი ანგარიშები HHS-ს კონგრესისთვის არა ორ წელიწადში ერთხელ, არამედ კანონის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მოემზადებინა და კონგრესის შესაბამის კომიტეტს მართლაც აქვს 1988 წელს და 1989 წელს მიღებული ანგარიშები, რომლების სენატორ ალენქსანდრის მოთხოვნის შემდეგ 2019 წელს გასაჯაროვდა.

HHS ვაქცინების უსაფრთხოების კვლევებს სხვადასხვა დაქვემდებარებული ორგანოს საშუალებით მუდმივად აწარმოებს და მხოლოდ აღნიშნულ სარჩელზე დაყრდნობით საპირისპიროს მტკიცება მანიპულაციაა. მაგალითად, აშშ-ს მეცნიერების აკადემიის დაკვეთით მედიცინის რამდენიმე ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი სავალდებულო ვაქცინების უსაფრთხოებაზე დეტალურ ანგარიშებს ამზადებს, რომლებსაც შემდეგ HHS-ს წარუდგენს. უშუალოდ HHS-მა ვაქცინების უსაფრთხოებაზე კი ერთიანი დიდი ანგარიში 2014 წელს მოამზადა. გარდა ამისა, ამერიკაში ვაქცინების უსაფრთხოების შესწავლაზე HHS-ის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი კომიტეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს: საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ვაქცინების კომიტეტი, იმუნიზაციის პროგრამების მრჩეველთა კომიტეტი, ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტი და ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტი. თითოეული ეს ორგანო დამოუკიდებელი ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, ვაქცინების უსაფრთხოებას სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად ამოწმებს და ინფორმაციას HHS-ს გადასცემს. გარდა ამისა, ამერიკაში ვაქცინების უსაფრთხოების კიდევ 4 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემა ფუნქციონირებს.

ICAN-ისა და HHS-ის საქმეში არც ბილ გეითსი და არც ენტონი ფაუჩი არ ფიგურირებენ, ამასთანავე, აღნიშნული დავა არც სავალდებული ვაქცინაციის გაუქმებას ეხებოდა. ამერიკის უზენაესი სასამართლოს ისტორიაში არსებობს რამდენიმე პრეცედენტული გადაწვეტილება, როცა მოქალაქეები სავალდებულო ვაქცინაციის გაუქმებას მოითხოვდნენ, თუმცა ყოველა აღნიშნულ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში დატოვა. 

  • დეზინფორმაციაა, რომ კორონავირუსის ვაქცინები ცხოველებზე არ გამოუცდიათ, ხოლო მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები “გაძლიერებული იმუნური პასუხის” სინდრომს გამოიწვევს, მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლებულია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კენედი იმ ვაქცინებზე საუბრობს, რომლებმაც წარსულში იმუნური პათოლოგია “გაძლიერებული იმუნური პასუხის” სინდრომი ე.წ. ADE გამოიწვიეს და ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინებიც იმავე საფრთხეს შეიცავენ, თუმცა მისი ეს განცხადება მეცნიერულ მტიცებულებებს მოკლებულია. “გაძლიერებული იმუნური პასუხის” სინდრომი ვითარდება მაშინ, როცა ორგანიზმს ვირუსული დაავადება პირველ ჯერზე მსუბუქად გადააქვს, ხოლო მეორედ ინფიცირებისას დაავადება ძალიან მძიმე ფორმით ვითარდება. ADE ზოგიერთ რესპირატორულ ვირუსს ახასიათებს, ამიტომ თეორიულად შესაძლებელია, რომ SARS-Cov-2-ც იყოს ამ დაავადების გამომწვევი, თუმცა ვირუსისა და ვაქცინის შესახებ დღემდე არსებული ემპირიული მონაცემები არ ადასტურებს, რომ კორონავირუსის რომელიმე ავტორიზებული ვაქცინის შედეგად “გაძლიერებული იმუნური პასუხის” სინდრომი ვითარდება ან ზოგადად COVID-19-ს ამგვარი ეფექტი აქვს ადამიანის ორგანიზმზე. 

მსგავსი მტკიცება კორონავირუსის ვაქცინებზე ადრეც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: ინფოდემია “ობიექტივის” ეთერში

კენედი ახალი კორონავირუსის ვაქცინების შესახებ კიდევ ერთი პოპულარული დეზინფორმაციას იმეორებს, რომლის თანახმადაც, ენტონი ფაუჩიმ კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებლებს უფლება მისცა, ცხოველებზე კვლევის ფაზა გამოეტოვებინათ. რეალურად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ავტორიზებულმა ვაქცინებმა ცხოველებზე და ადამიანებზე გამოცდის ყველა ეტაპი სრულად გაიარეს. ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:
ცდიან თუ არა covid-19-ის ვაქცინას პირდაპირ ადამიანებზე?
“საერთო გაზეთში” ვაქცინაციის შესახებ 8 ტყუილი და 2 მანიპულაცია ვრცელდება 

  • ვინ არის რობერტ ფრენსის კენედი და დანიშნა თუ არა ის თეთრმა სახლმა “ვაქცინების უსაფრთხოების შემმოწმებელი ორგანიზაციის დირექტორად?

რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი ამერიკელი იურისტი, გარემოს დაცვის აქტივისტი, კონსპიროლოგი და ანტივაქსერი აქტივისტია. 2016 წელს კენედიმ ანტივაქსერული და ფსევდომეცნიერული ორგანიზაცია Children’s Health Defense დააფუძნა, რომელიც ვაქცინების საფრთხის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას და ხშირად ვაქცინებზე ალტერნატიულ “სამეცნიერო კვლევებს” აქვეყნებს.  2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კენედის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია Facebook-ზე განთავსებული ანტივაქსერული რეკლამების 54%-ის დამკვეთი იყო, ხოლო თავად კენედიმ ანტივაქსერულ ჯგუფებში განსაკუთრებული პოპულარულობა Facebook-ისა და Twitter-ის ანგარიშებით ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით მოიპოვა. 2021 წლის მარტში The Center for Countering Digital Hate-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კენედი ერთ-ერთია სოციალური მედიის იმ 12 ანტივაქსერი ინფლუენსერიდან, რომლებიც ვაქცინებზე სხვადასხვა დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებენ და Facebook-სა და Twitter-ზე განთავსებული ანტივაქსერული კონტენტის ორ მესამედს ქმნიან. 

2017 წელს რობერტ კენედი ამერიკულ მედიასთან აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპმა მას ვაქცინაციის უსაფრთხოების შემოწმების მიზნით შექმნილი პანელის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რასაც სამეცნიერო წრეებიდან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა, რამდენადაც კენედი ვაქცინებზე ანტიმეცნიერული და დაუსაბუთებელი შიშების მთავარი გამავრცელებელი იყო. მიუხედავად დაპირებისა, დონალდ ტრამპს კენედის ხელმძღვანელობით მსგავსი პანელი არ შეუქმნია და კენედისთან ამ თემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა


მოამზადა მედეა სულამანიძემ 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.