ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?

9 ივნისი, 2021

5 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “ზვიად გოგიაშვილის პერსონალური ბლოგი” ზვიად გოგიაშვილის პირდაპირი ჩართვა გააზიარა. გიგიაშვილის ინფორმაციით, იაპონიის მარეგულირებელის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მესენჯერული რნმ-ის მიერ სინთეზირებული სპაიკ ცილა ორგანიზმში გართულებებს იწვევს. გოგიაშვილის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ სპაიკ ცილა მიოკარდიტებს, ართრიტებს იწვევს, ასევე კვერცხუჯრედში აღწევს და რეპროდუქციულ ფუნციას აქვეითებს. იდენტური ინფორმაცია ვიდეო მიმართვაში  კობა კუპრაშვილმაც გაიმეორა, რომელმაც წყაროდ კანადელი იმუნოლოგი ბაირამ ბრაიდლი მოიყვანა და განაცხადა, რომ ბოლო კვლევებმა სპაიკ ცილის ტოქსიკურობა დაადგინა. კუპრაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ სპაიკ პროტეინები კუნთში არ რჩება, ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში გადადის და დაავადებებს იწვევს, ის ვაქცინირებული მეძუძური დედებისგან რძის გავლით ბავშვებსაც გადაეცემა.

4 ივნისს კუბა კუპრაშვილმა ბრაიდლის განცხადებაზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც სტატიის ბმული მიუთითა, თუმცა ბმული გამართულად არ ფუნქციონირებს.

;;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რნმ ვაქცინების შედეგად სინთეზირებული სპაიკ ცილა ტოქსიკურია, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს და მათ შორის დედის რძით ბავშვს გადაეცემა, დეზინფორმაციაა. იაპონური კვლევა, რომელიც წყაროდ არის მოყვანილი, არც ახალია და არც რნმ ვაქცინების ზიანს ადასტურებს, ის ევროპის სამედიცინო სააგენტოს თებერვალში რნმ ვაქცინების შეფასების ანგარიშშიც ჰქონდა გამოყენებული. ხოლო კანადელ იმუნოლოგ ბაირამ ბრაიდლის, რომელსაც კობა კუპრაშვილი ციტირებს, სპაიკ ცილის ტოქსიკურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოყვანილი არ აქვს. კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას ვირულენტურ სპაიკ ცილას და ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილას განსხვავებული ქცევა ახასიათებს. 

ბაირამ ბრაიდლი კანადელი იმუნოლოგი, გუელფის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, რომელმაც განაცხადა, რომ მეცნიერებმა შეცდომა დაუშვეს, რადგან ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი სპაიკ ცილა ტოქსიკურია და ის დაავადებებს იწვევს. მისი განცხადებები მაისში სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. რეალურად კვლევა, რომელიც ბრაიდლიმ მტკიცებულებად მოიყვანა და რომელსაც ზვიად გოგიაშვილი და კობა კუპრაშვილი სენსაციად წარმოაჩენენ და ამბობენ, თითქოს ის ბოლო პერიოდში ჩატარდა და შემაშფოთებელი აღმოჩენები გაკეთდა, სინამდვილეში უკვე თვეებია ხელმისაწვდომია. ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩაატარეს, თუმცა გაზომეს არა სპაიკ ცილის კონცენტრაცია, არამედ რნმ ვაქცინის ლიპიდური ნანო-ნაწილაკები. ვირთხებში შეიყვანეს მესენჯერული რნმ-ის იმაზე ბევრად დიდი დოზა, ვიდრე ეს ადამიანებისთვის განკუთვნილ ვაქცინებშია გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის პოინტერის ინსტიტუტის ხელმომწერი ორგანიზაციებიც წერდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს იაპონური კვლევა ევროპის სამედიცინო სააგენტომ ფაიზერის ვაქცინის შეფასების 2021 წლის 19 თებერვლის ანგარიშში გამოიყენა.;;
რნმ ვაქცინების შედეგად ორგანიზმში წარმოქმნილი სპაიკ ცილა ტოქსიკური არ არის

ბრაიდლი სპაიკ ცილის ტოქსიკურობაზე და აქედან გამომდინარე რნმ ვაქცინების საფრთხეზე საუბრობს. ერთ-ერთმა კვლევამ SARS-CoV-2-ის ფრაგმენტები, მათ შორის სპაიკ ცილა 13 გარდაცვლილი კოვიდ-პაციენტის ტვინში აღმოაჩინა. ასევე რამდენიმე ექსპერიმენტმა, რის შედეგადაც SARS-CoV-2-ის სპაიკ ცილა ცხოველებში შეიყვანეს, ტვინის და ფილტვების დაზიანება გამოიწვია. ამ მიგნებების რნმ ვაქცინების მოქმედებასთან დაკავშირება ორი მიზეზის გამო არ არის სწორი: 

  1. კვლევები ჯერ სამეცნიერო წრეებში განხილული არ არის და მხოლოდ წინასწარი შეფასებებია. ამასთანავე კველები ლიმიტირებული იყო, რადგანაც ცხოველებში შეყვანილ ვირუსულ დატვირთვაზე საუბარი არ ყოფილა. ამასთანავე ცხოველებში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი ყოველთვის არ არის იგივე, რაც ადამიანების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ და შემდგომ ვალიდაციას მოითხოვს;

  2. საუბარია ვირუსულ სპაიკ ცილაზე და არა რნმ ვაქცინაზე. თავად ვაქცინა სპაიკ ცილას არ შეიცავს, ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმი იმუნურ პასუხს წარმოქმნის, შესაბამისად ვირუსთან საბრძოლველად წარმოქმნის სპაიკ ცილას, თუმცა აცრის შემდგომ მისი ქცევა განსხვავებულია და არ აქვს ისეთი მოქმედება, როგორიც ვირუსის მიმდინარეობის დროს. ვაქცინაციის შედეგად წარმოქმილი სპაიკ ცილა ორგანიზმში თავისუფლად არ გადაადგილდება, აცრა მკლავის კუნთში კეთდება, სადაც კუნთოვან უჯრედებს რნმ მესენჯერული ვაქცინით ინსტრუქცია ეძლევა, რომ სპაიკ ცილა გამოიმუშავონ. სპაიკ ცილის უმეტესი ნაწილი იმავე ადგილას რჩება, სადაც აცრა გაკეთდა, ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს. კლინიკურმა კვლევებმა და მიმდინარე მასობრივმა ვაქცინაციამ, რის შედეგადაც მსოფლიო მასშტაბით ამ დროისათვის 1 მილიარდამდე ადამიანი აიცრა, აჩვენა, რომ კოვიდ19-ის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია.

ვაქცინირებული დედის რძე ბავშვისთვის საშიში არ არის

გოგიაშვილი და კუპრაშვილი ამტკიცებენ, თითქოს მესენჯერული რნმ ვაქცინებიდან დედის რძის გავლით ბავშვის ორგანიზმშიც გადადის და საფრთხეს წარმოადგენს, რაც სიცრუეა. ამასთან დაკავშირებით კვლევებიც ჩატარდა და დედის რძის ნიმუშების გაანალიზება ვაქცინაციიდან 4-დან 48 საათის განმავლობაში მოხდა, შედეგები სხვა მეცნიერების მიერ ჯერ არ შეფასებულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ადამიანის რძეში არსებობის მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ლაქტაციის პერიოდში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე რეკომენდაციას გასცემს. ის, რაც ჩვილს შეიძლება გადაეცემოდეს, არის დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, თუმცა რამდენად დაიცავს ის ბავშვს კოვიდ19-ით ინფიცირებისგან, საფუძვლიანად შესწავლილი არ არის.

კობა კუპრაშვილი ამტკიცებს, თითქოს იგი ინფორმაციისთვის სანდო გერმანულ წყაროებს ეყრდნობა, თუმცა მისი მითითებული წყარო გაურკვეველი ვებ-გვერდი welt.web25.info-ა. ვებ-გვერდი თავის მისამართშიც და სტატიის სათაურშიც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Die Welt-ის სახელს იყენებს, თუმცა Welt-ს მსგავსი სტატია გამოქვეყნებული არ აქვს, ხოლო welt.web25.info-ს ვებ-გვერდზე გადასვლისას სტატია არ იხსნება და ის Username-ის და პაროლის შეყვანას გვთხოვს.

;

სხვა მტკიცებები, თითქოს რნმ ვაქცინები დაავადებებს იწვევს, ფერტილობაზე ნეგატიურად მოქმედებს და ა.შ. “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

  • როგორ მუშაობენ სხვადასხვა  ვაქცინები და არის თუ არა რომელიმე საფრთხის შემცველი?
  • რა  დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?

მოამზადა მაიკო რატიანმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.