მტკიცება, თითქოს 1918 წელს “ისპანკა” ვაქცინებით გაავრცელეს, მცდარია

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

208
VIEWS

21 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ “ესპანკას” სახელით ცნობილი ესპანური გრიპის შესახებ რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა. პოსტის ავტორის მტკიცებით, 1918 წელს გავრცელებულ ვირუსს 50 მილიონი ადამიანი არ მოუკლავს და რეალურად ხალხი აცრების გამო გარდაიცვალა. ვიდეოს თანახმად, ესპანური გრიპი ჰგავდა იმ დაავადებებს (შავი ჭირი, დიფტერია, პნევმონია, ყვავილი), რომელთა წინააღმდეგაც პირველი მსოფლიო ომის დროს ადამიანებს ცრიდნენ, ვიდეოს ავტორი ესპანური გრიპის გავრცელებასა და ხალხის გარდაცვალებას სწორედ ამ დაავადებების ვაქცინებს უკავშირებს. გარდა ამისა, ვიდეოში მოყვანილია მტკიცება, რომ ისპანკა ლაბორატორიული გზით შექმნეს.

;

ინფორმაცია, თითქოს 1918 წელს 50 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი არა “ესპანური გრიპი”, არამედ სხვა მსგავსი დაავადებების (დიფტერია, პნევმონია, შავი ჭირი, ყვავილი) ვაქცინაცია იყო, დეზინფორმაციაა, რადგან: 1. დიფტერიისა და პნევმონიის ვაქცინები 1918 წელს საერთოდ არ არსებობდა; 2. მცდარია ავტორის მტკიცება, თითქოს შავი ჭირი და ყვავილი ესპანური გრიპის მსგავსი დაავადებებია, შესაბამისად შავი ჭირის ვაქცინა ესპანური გრიპის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად არ გამოიყენებოდა. გარდა ამისა, პირველი მსოფლიო ომის დროს მასობრივი ვაქცინაციის შესახებ ღია წყაროებით ინფორმაცია არ იძებნება. 3. ასევე უსაფუძვლოა ინფორმაცია “ისპანკას” ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ, ესპანური გრიპი H1N1 ვირუსითა და ფრინველის გენით იყო გამოწვეული.

ავტორის მტკიცება, თითქოს 1918 წლის ე.წ. ისპანკას პანდემიის გავრცელებისა და 50 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ადამიანებისთვის ისეთი დაავადებების ვაქცინების გაკეთება იყო, რომლებიც ავტორისვე თქმით, ესპანური გრიპის მსგავსია, უსაფუძვლოა.

გრიპის ვაქცინა კი აშშ-ში 1940-იან წლებამდე არ არსებობდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ესპანური გრიპის გავრცელების პერიოდში სიტუაციას სწორედ ის ართულებდა, რომ გრიპის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა და გრიპის ინფექციასთან დაკავშირებული მეორეული ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ანტიბიოტიკები არ არსებობდა. როგორც CDC-ის ვებ-გვერდზე წერია, ესპანური გრიპის გაკონტროლების მცდელობა ისეთი არაფარმაცევტული ჩარევებით შემოიფარგლებოდა, როგორებიცაა იზოლაცია, კარანტინი, პირადი ჰიგიენა, დეზინფექცია და საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვა.

1. დიფტერიისა და პნევმონიის ვაქცინები 1918 წელს საერთოდ არ არსებობდა

ვიდეოში ნახსენები 2 დაავადებისთვის 1918 წელს ვაქცინა საერთოდ არ არსებობდა, ესენია დიფტერია, რომლისთვისაც ვაქცინა 1923 წელს შეიქმნა, თუმცა 1930-იან წლებამდე ფართოდ არ გამოიყენებოდა და პნევმონია, რომლის ვაქცინასაც პირველად ლიცენზია აშშ-ში 1977 წელს მიენიჭა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 1900-1999 წლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიღწევებს შეეხება, 1918 წლისთვის ვაქცინა მხოლოდ შემდეგი დაავადებებისთვის იყო შექმნილი: ყვავილი, ცოფი, ტიფი, ქოლერა და ჭირი (იხილეთ ცხრილი 1).

;

2. ესპანურ გრიპსა და ყვავილს შორის არსებული განსხვავებები

მტკიცება, თითქოს ესპანური გრიპი და ყვავილი მსგავსი დაავადებებია, მცდარია, რადგან ისინი სხვადასხვა ვირუსისგანაა გამოწვეული, ძირითადი სიმპტომები განსხვავებული აქვთ და ამ დაავადებებით გარდაცვალების მიზეზებიც განსხვავდება. რეალურად ამ ორ დაავადებას შორის მთავარი მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი რესპირატორული გზით ვრცელდება და ყვავილის ადრეულ ეტაპზე დაავადებულებს გაციების მსგავსი სიმპტომები უვითარდებათ.

ყვავილის დაავადება ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან იჩენს თავს, ხოლო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა კი 1796 წელს დაიწყო. ვაქცინაციის წყალობით, ყვავილის დაავადება აღმოიფხვრა და 1977 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

ყვავილს და ესპანურ გრიპს სხვადასხვა ვირუსი იწვევს: CDC-ის მიხედვით, ესპანური გრიპი H1N1 ვირუსის ფრინველის გენით იყო გამოწვეული, ყვავილი კი ვარიოლას ვირუსისგან.

სიმპტომების უმეტესობა მკვეთრად განსხვავდება: ესპანური გრიპის პირველი ტალღის დროს დაავადებულებს ისეთი შედარებით მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ, როგორებიცაა ციება, სიცხე და დაღლილობა. მეორე, უფრო ძლიერი ტალღის დროს კი პაციენტების კანი ლურჯდებოდა და მათ ფილტვებში სითხე უგროვდებოდათ. რაც შეეხება ყვავილის სიმპტომებს, დაავადებულებს 10-14 დღის განმავლობაში, ინკუბაციის პერიოდში, სიმპტომები არ უვლინდებოდათ, ამ დროს დაავადება გადამდები არ იყო, შემდეგ კი 2-4 დღის განმავლობაში გაციების მსგავსი ისეთი სიმპტომები ჰქონდათ, როგორებიცაა სიცხე, თავისა და სხეულის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება. შემდეგ კი ამას მოჰყვებოდა ყვავილისთვის დამახასიათებელი მწვავე გამონაყარი მთელ სხეულზე, რომელშიც სითხე გროვდება. აღსანიშნავია, რომ პაციენტებს გამოჯანმრთელების შემდეგ სხეულზე გამონაყარი შრამებად და პიგმენტურ ლაქებად რჩებოდათ.

;
ფოტო: Image courtesy of the Public Health Image Library of the Centers for Disease Control and Prevention

ესპანური გრიპისა და ყვავილის გავრცელების გზა მსგავსია: ორივე მათგანი გადამდებია და ერთი ადამიანიდან მეორეს რესპირატორული გზით გადაეცემა, გარდა ამისა, ყვავილის გადაცემა დაავადებულის კუთვნილ ნივთებთან შეხებითაც ხდებოდა.

დაავადებულთა გარდაცვალების მიზეზები განსხვავებულია: ყვავილით დაავადებულთა გარდაცვალების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რადგან ინფექცია ბევრ ორგანოს აზიანებს. 2002 წელს მომზადებული ანგარიშის (“ყვავილით სიკვდილის მიზეზი: პათოლოგიური ჩანაწერის გამოკვლევა”) მიხედვით, რომელიც ბოლო 200 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი მიმოხილვებისა და დაავადების შემორჩენილი შემთხვევების შესახებ ცნობებზე დაყრდნობით მომზადდა, ყვავილით გარდაცვალების მთავარი მიზეზი დაავადების ციტოპათიური ეფექტი (უჯრედში სხვადასხვა აგენტისა და ვირუსის მიერ გამოწვეული სტრუქტურული ცვლილებები ) იყო.

რაც შეეხება ესპანური გრიპის 1918-1919 პანდემიას, ამ შემთხვევაში დაავადებულთა გარდაცვალების მთავარი მიზეზი მეორეული ბაქტერიული პნევმონია იყო, რომელიც ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიამ გამოიწვია.

3. ესპანურ გრიპსა და შავ ჭირს შორის არსებული განსხვავებები

შავი ჭირის, იგივე შავი სიკვდილის ეპიდემია ევროპასა და აზიაში 1300-იანი წლებში გავრცელდა. ჭირისგან თავდასაცავი პირველი ვაქცინა 1897 წელს შეიქმნა. ესპანურ გრიპსა და შავ ჭირს შორის არსებული განსხვავებების გამო უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს შავი ჭირის ვაქცინა ესპანურ გრიპს და მის შედეგად გარდაცვალებას გამოიწვევდა.

შავ ჭირს ბაქტერია იწვევს, ესპანურ გრიპს კი ვირუსი: შავ ჭირს იწვევს ბაქტერია, სახელწოდებით Yersinia pestis, ესპანური გრიპი კი H1N1 ვირუსის ფრინველის გენით იყო გამოწვეული.

შავი ჭირისა და ესპანური გრიპის ძირითადი სიმპტომები განსხვავებულია: ესპანურ გრიპსა და შავ ჭირს სიმპტომების უმეტესობა განსხვავებული აქვთ, ყველაზე ახლოს ესპანური გრიპის სიმპტომებთან პნევმონიური ჭირის სიმპტომებია, რომელსაც სუნთქვის გართულება ახასიათებს. ბუბონური ჭირის მთავარი სიმპტომი მკლავების, კისრისა და საზარდულის მიდამოებში ლიმფური კვანძების შეშუპება და ტკივილია, სეპტიცემიური ჭირს კანიდან, პირიდან ან/და ცხვირიდან სისხლდენა, გაშავებული კანი (განსაკუთრებით ცხვირი, ხელის და ფეხის თითები), ასევე მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება ახასიათებს. რაც შეეხება პნევმონიურ ჭირს, მისი მთავარი სიმპტომებია ხველა (ზოგჯერ სისხლით), სუნთქვის გართულება და გულისრევა და ღებინება.

;
ფოტო: CDC

ესპანური გრიპისგან განსხვავებით, ჭირის გადადება ინფიცირებული ცხოველებისგანაც შესაძლებელია: ესპანური გრიპი ადამიანებს ერთმანეთისგან რესპირატორული წვეთებით გადაედებათ, ჭირის შემთხვევაში კი ადამიანს დაავადება შეიძლება როგორც ჭირით დაავადებული ადამიანისგან, ისე ინფიცირებული ცხოველისგანაც (ვირთხა, ციყვი, კურდღელი) გადაედოს.

4. პირველი მსოფლიო ომის დროს მასობრივი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. კონსპირაცია, თითქოს ადამიანებს არა ესპანური გრიპი არამედ ვაქცინა კლავდა, ამერიკულ წყაროებშიც ვრცელდებოდა.

პოსტში მოყვანილია მტკიცება, თითქოს სხვადასხვა ვაქცინებით ხალხი მასობრივად იცრებოდა და სიკვდილს არა ესპანური გრიპი, არამედ ეს ვაქცინები იწვევდა. ესპანურ გრიპსა და სხვა დაავადებებს შორის განსხვავება ზემოთ უკვე აღინიშნა, რაც შეეხება ვაქცინაციას, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ადამიანებს სხვა დაავადებების წინააღმდეგ მასობრივად ცრიდნენ, ღია წყაროებით არ იძებნება.

2020 წლის მარტში ამერიკულ წყაროებში ძველი კონსპირაციიული მტკიცება ხელახლა გავრცელდა. ამ მტკიცების მიხედვით, ესპანური გრიპი მასობრივი ვაქცინაციის შედეგი იყო და ვაქცინებმა უფრო მეტი ამერიკელი მამაკაცი შეიწირა, ვიდრე მტრის ტყვიამ. როიტერსის მიხედვით, აღნიშნული მტკიცება მტკიცებულების გარეშეა, რადგან 1918-1919 წლებში ამერიკელი ჯარისკაცები ესპანური გრიპისა და პნევმონიისგან გარდაიცვალნენ, ამ დროისთვის კი მისი ესპანური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობდა. მართალია ის ფაქტი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცები იმუნიზაციის მოთხოვნებს ექვემდებარებოდნენ, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ყვავილისა და ტიფის ვაქცინები და ტეტანუსისა და დიფტერიის ანტიტოქსინები მიიღეს. ანგარიშში ჩანს, რომ ჯარისკაცები ინფექციებისგან დაცვის მიზნით, საომარი კონფლიქტების დროს სხვადახვა ტიპის ვაქცინას იღებენ.

;

სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ჰობინსი AFP Fact Check-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ესპანური გრიპით მრავალ გარდაცვლილს აუტოფსია ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გარდაცვალების ძირითადი მიზეზი ფილტვების სითხით შევსება იყო, ჰობინსის თქმით, ესპანური გრიპის კლინიკურ სინდრომსა და აუტოფსიის შედეგს შორის აშკარა კავშირი იკვეთებოდა და მოსაზრება იმის შესახებ, რომ სიკვდილიანობა შესაძლოა ექსპერიმენტული ვაქცინით ყოფილიყო გამოწვეული, არ არსებობდა.

რაც შეეხება ინფორმაციას ესპანური გრიპის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ, ეს მტკიცებაც უსაფუძვლოა. CDC-ის მიხედვით, ესპანური გრიპი H1N1 ვირუსის ფრინველის გენით იყო გამოწვეული.

ესპანური გრიპის, ე.წ ისპანკას შესახებ

1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიის წარმოშობის ზუსტი ადგილი დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს თეორიები საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან წარმოშობის შესახებ. ესპანური გრიპის პირველი შემთხვევები აშშ-ის კანზასის შტატში 1918 წლის მარტში  დაფიქსირდა და ამერიკულ არმიას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ვირუსმა აშშ-ში დაახლოებით 675 000, ხოლო მსოფლიოში 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. დაავადების შესახებ პირველად ესპანურ მედიაში გაშუქდა, იმ დროისათვის ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ეპიცენტრი ესპანეთი იყო, სახელი “ესპანური გრიპიც” სწორედ აქედან მოდის.


პოსტის არქივი: მამუკა ქარჩხაძე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist